ეკა გელიაშვილი


საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქორეოგრაფიული ხელოვნების  ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის  დოქტორი.

თანამედროვე ტენდენციები ქართულ ქორეოგრაფიაში - 
პრობლემები და  პერსპექტივები

კაცობრიობა იმყოფება ცივილიზაციის გარდამავალ პერიოდში და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების გააზრება ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების თვალსაწიერიდან, მნიშვნელოვანი ამოცანაა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზების ძიებაში, ვინაიდან ჩვენს ეპოქას არაერთი სპეციფიკური თავისებურება ახასიათებს.
21–ე საუკუნის ძირითადი გლობალური ტენდენციები კარგად არის ცნობილი: უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ბაზრების ”გახსნა” და პროდუქტების/სერვისების თავისუფალი მიმოქცევა, ადამიანებსა და ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გაადვილება-გააქტიურება, საზოგადოებების მზარდი ინტერ და მულტიკულტურულობა, რაც თავის მხრივ, იწვევს ქვეყნებს შორის ერთმანეთზე გავლენის ხარისხის მუდმივ ზრდას. გლობალიზაცია, როგორც შეუქცევადი პროცესი, ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ხელოვნების დარგებს და მათ შორის ქორეოგრაფიას.
გლობალიზაცია მიისწრაფის ძირითადი ტექნოლოგიური საშუალებებით მსოფლიოს ინტეგრაციისაკენ. ეს პროცესი მოიცავს როგორც დიდ, ასევე მცირე სახელმწიფოებსა და კულტურებს. იგი საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას, ერების კულტურულ და ცნობად კავშირს თავის ისტორიულ ფესვებთან (ჯაფარიძე 2004:1).
ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს კითხვები - რა არის ხელოვნება: ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლება თუ გლობალური ბაზრის მხოლოდ ერთ–ერთი სეგმენტი/პროდუქტი? რა როლი აკისრია ხელოვნებას თანამედროვე რეალობაში? უპირისპირდება თუ არა ხელოვნების ესთეტიკური და სოციალური განზომილებები ერთმანეთს? რა სურათია ამ მხრივ ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში?
ამ საკითხების ამოსახსნელად პრიორიტეტული უნდა გახდეს თანამედროვე ადამიანის, ღირებულებებისა და კულტურის პრობლემების გააზრება.
თვითმყოფადი კულტურის წარმომადგენლები ცნობიერად თუ არაცნობიერად გრძნობენ და მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ, ტექნოლოგიურ ჰომოგენიზაციას მოჰყვება გვერდითი მოქმედებები, რაც უწინარესად მათი ტრადიციების, კულტურის, ცხოვრების წესის შეცვლას იწვევს.

იხილეთ ვრცლად
06.04.2019