თბილისი – ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტში, 1-დან 30 აპრილამდე, „ქართული
ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების
პროგრამის“ ფარგლებში, ინტენსიური შემოქმედებითი პროცესი
მიმდინარეობდა. პროგრამის მსმენელებისთვის მასტერკლასი საქართველოს
ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ქართველიშვილმა
ჩაატარა.
სასწავლო პროცესში, ბატონ ალექსანდრესთან ერთად, აქტიურად იყვნენ
ჩართულები პროგრამის პედაგოგები: სალომე ცინდელიანი, დიანა ქოქაშვილი
და ტატიანა ნიქაბაძე. ერთთვიანი მუშაობის შედეგად, მსმენელებთან ორი
გამორჩეული ქორეოგრაფიული ნომერი – „დაისი“ და „მუხამბაზი“
დაიდგა.
სასწავლო პროგრამის ხარისხსა და სტანდარტების დაცვას ზედამხედველობას
უწევდა ხარისხის მართვის ხელმძღვანელი მაია ჩოკოშვილი.
მასტერკლასების ციკლის დასრულების შემდეგ, პროგრამის მსმენელებს
გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, რაც მათ პროფესიულ კვალიფიკაციას
ადასტურებს. პროგრამის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში რეალიზებას და მომზადებული ქორეოგრაფიული ნომრების
დასკვნით ჩვენებას, სადაც მაყურებელი იხილავს შესრულების აკადემიურ
სტილს და იმ შემოქმედებით შედეგს, რომელსაც მსმენელებმა ამ პერიოდის
განმავლობაში მიაღწიეს.
კულტურის ინსტიტუტის აღნიშნული პროგრამა კვლავაც აგრძელებს ზრუნვას კვალიფიციური ქორეოგრაფ-რეპეტიტორების მომზადებაზე, რაც ქართული ცეკვის აკადემიური ტრადიციების შენარჩუნების გარანტიაა.
