პრესრელიზი: ანსამბლი „არტ-საქართველო“ საერთაშორისო ფესტივალზე ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება

თბილისი, 2026 წლის 18 ივნისი — ააიპ კულტურის ინსტიტუტი მოხარულია საზოგადოებას გაუზიაროს უმნიშვნელოვანესი სიახლე ჩვენი სტუდენტებისა და ქართული კულტურის სფეროსთვის.
მიმდინარე წლის 22 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“ ოფიციალური მიწვევით მიემგზავრება ნიდერლანდების სამეფოში.

ანსამბლი საქართველოს სახელით წარდგება ქალაქ ვარფუმში გასამართ პრესტიჟულ საერთაშორისო ასპარეზზე — ცეკვისა და მუსიკის 59-ე ფესტივალზე „Op Roakeldais“. აღნიშნული ფესტივალი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან კულტურულ პლატფორმად ითვლება, სადაც წელს ქართულ ტრადიციულ ხელოვნებასა და იდენტობას სწორედ ჩვენი კულტურის ინსტიტუტის მსმენელები გააცნობენ ფართო საზოგადოებას. „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამა“ მიზნად ისახავს მაღალი დონის პროფესიონალების აღზრდას, ხოლო მსგავს საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა ჩვენი მსმენელებისთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილება და ქართული გენის კიდევ ერთი ღირსეული დემონსტრირებაა ევროპის გულში.

ააიპ კულტურის ინსტიტუტის ადმინისტრაცია და პედაგოგიური გუნდი დიდ წარმატებას უსურვებს ანსამბლ „არტ-საქართველოს“ ამ საპასუხისმგებლო შემოქმედებით ტურნეში! ანსამბლ „არტ-საქართველოს“ საშემსრულებლო მასალა (ვიდეო ბმული 1): https://www.youtube.com/watch?v=AS2pwMBFh-w ანსამბლ „არტ-საქართველოს“ საშემსრულებლო მასალა (ვიდეო ბმული 2): https://www.youtube.com/watch?v=9PVsGWCQCE4

პატივისცემით,
მურმან გამისონია
კულტურის ინსტიტუტის დირექტორი