ანსამბლმა „არტ-საქართველომ“ ნიდერლანდების სამეფოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „Op Roakeldais“ დიდი ფურორი მოახდინა

ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ მსმენელთა ანსამბლი „არტ-საქართველო“, ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა. ქართულმა ანსამბლმა ქვეყნის სახელით უდიდესი მუხტი და ეროვნული კულტურა წარადგინა ქალაქ ვარფუმში გამართულ ცეკვისა და მუსიკის პრესტიჟულ, 59-ე საერთაშორისო ფესტივალზე „Op Roakeldais“. აღნიშნული გლობალური ფორუმი ტარდება CIOFF®-ის (UNESCO-ს ოფიციალური პარტნიორი) ეგიდით და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან კულტურულ პლატფორმად ითვლება.
ფესტივალი უპრეცედენტო შემოქმედებით ასპარეზს წარმოადგენდა, სადაც მსოფლიოს 10 წამყვანი ქვეყნის (იაპონია, არგენტინა, ვენესუელა, მოლდოვა, სამხრეთ აფრიკა, კენია, ესტონეთი, ირლანდია, ბოლივია და საქართველო) წარმომადგენლებმა საკუთარი ტრადიციული ხელოვნება აჩვენეს. ქართულმა გენმა, ტემპერამენტმა და საშემსრულებლო ოსტატობამ ევროპელი მაყურებელი სრულიად აღაფრთოვანა.
კულტურის ინსტიტუტის პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლესი კლასის პროფესიონალების აღზრდას. მსმენელებისთვის ეს საგასტროლო ტურნე საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებად და საერთაშორისო დონეზე ქართული ხელოვნების კიდევ ერთ ღირსეულ დემონსტრირებად იქცა.
ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია და პედაგოგიური გუნდი ამ დიდ შემოქმედებით წარმატებას ულოცავს ანსამბლ „არტ-საქართველოს“ და მადლობას უხდის თითოეულ წევრს ქვეყნისა და ინსტიტუტის სახელის ღირსეულად წარჩინებისთვის.

იხილეთ დანართი