საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაურობა დროში“

ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტისა“ და ქორეოგრაფიული ანსამბლ „არტ-საქართველოს“ სახელით, გულითად მადლობას გიხდით 2026 წლის 14 ნოემბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის (ყოფილი რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრი) სცენაზე გამართული საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაურობა დროში“-ს მაღალ პროფესიულ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.

 

თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულითა და სტუმართმოყვარეობით შეიქმნა გამორჩეული შემოქმედებითი გარემო, სადაც თითოეულმა შემსრულებელმა თავი განსაკუთრებულად იგრძნო. მადლობას გიხდით ქართული კულტურის გვერდში დგომისა და ამ მასშტაბური საერთაშორისო კულტურული სივრცის შექმნისთვის.

 

ჩვენი კოლექტივისთვის ეს დღე ორმაგად საპასუხისმგებლო და ემოციური იყო: სულ რაღაც ორ დღეში დადგმული ცეკვა „დაისით“, სამ დღეში მომზადებული „ოსურითა“ და ერთ კვირაში შეკრული ხუთი ქორეოგრაფიული ნომრით, ანსამბლმა „არტ-საქართველომ“ ბაღდათელი მაყურებლისა და თურქეთიდან და სომხეთიდან მოწვეული საპატიო სტუმრების მხურვალე აპლოდისმენტები და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

 

თქვენ მიერ ნაჩუქარი ემოციები და შეფასებები უდიდესი სტიმულია ჩვენი ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის წინ არსებული საერთაშორისო გეგმების წინაშე: 2027 წლის ივნისში ანსამბლი ერთი კვირით მიწვეულია პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე „სიოფი“ (CIOFF), ივლისში გაიმართება გასტროლები ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვარნაში, ხოლო აგვისტოში ანსამბლი ორკვირიანი შემოქმედებითი ტურნეთი გაემგზავრება პორტუგალიაში.

 

ქალბატონო ნაილი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ დაუვიწყარი დღისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

პატივისცემით,

მურმან გამისონია
ა(ა)იპ „კულტურის ინსტიტუტის“ დირექტორი