ამა წლის 5 მაისს, 20
საათზე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით, ასევე
ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის პალატის, კულტურისა და
ხელოვნების განვითარების კავშირ "არტ-ფოლკის" მხარდაჭერით, თბილისის
დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა გამოჩენილი ხელოვანისა და საზოგადო
მოღვაწის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის
ქორეოგრაფიული მიმართულების მთავარი სპეციალისტის, ქართული
ქორეოლოგიის მკვლევარის, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის
ავტორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ემირიტუსის საპატიო წოდების
მფლობელის, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“ სამხატვრო ხელმძღვანელისა
და მთავარი ქორეოგრაფის უჩა დვალიშვილის საიუბილეო საღამო და
სახელობითი ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“,
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, საქართველოს ხალხური
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“, ქუთაისის სიმღერისა და
ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ქუთაისი“, ბათუმის კულტურის ცენტრის
ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“,
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და
ცეკვის ანსამბლი „ნართები“ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ქართული ლეგენდა „სამაია“ და
თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვარსკვლავოსანი
სახალხო ანსამბლი „იმედი“.
დამსწრე საზოგადოებას
სიტყვით მიმართა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ,
პროფესორმა რეზო ჭანიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ
და სამინისტროს მთავარმა სპეციალისტმა მადონა თევზაძემ. ასევე
მიესალმნენ საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული
ჟურნალისტი, „სუხიშვილების“ „ოქროს თაობის“ მოცეკვავე-სოლისტი თენგიზ
უთმელიძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი
დონაძე და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცეკვის თეატრ „მეტეხის“
დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი.
აღნიშნულმა ღონისძიებამ
მაღალშემოქმედებით ატმოსფეროში ჩაიარა. ღონისძიების დასასრულს,
დამსწრე საზოგადოებამ გადაინაცვლა დიდი საკონცერტო დარბაზის წინ,
სადაც გრანდიოზული ფოიერვერკების ფონზე უჩა დვალიშვილის სახელობითი
ვარსკვლავი გაიხსნა.