საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მიმართვა

 ოჯახი და ჯანსაღი საოჯახო ურთიერთობები საკაცობრიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს, მისი არსებობა-ფუნქიონირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს.
 ოჯახმა ჯერ კიდევ უხსოვარ დროშივე  განსაზღვრა ადამის მოდგმის კულტურული სახე. მისცა მას გზა-სავალი და ორიენტირი. დღემდე არსებული ყველა რელიგიური სწავლება მხარს უჭერდა და უჭერს ოჯახის  ინსტიტიუტის არსებობის იდეას, იცავს და  ამაგრებს მის ძირითად სოციალურ ფუნქციებსა თუ მიმართულებებს. ბედნიერებაა, როდესაც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ოჯახის დღე საყოველთაო ზრუნვისა და  სახალხო ზეიმის საგნად აქცია.
 ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ საოჯახო ყოფისადმი ახალგაზრდა თაობების  დამოკიდებულებას, აღზრდა   და განუწყვეტელი მზრუნველობა ესაჭიროება. აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვით ჩაცმა-დახურვის, ტრადიციული წეს-ჩვეულებების  აღსრულების წესს. ყველაფერი ეს ერთად აღებული  ბევრ სხვა  ნიუანსთან ერთად თავმოყრილია ჩვენს ეროვნულ კულტურაში, ფოლკლორში, ცეკვასა და სიმღერაში.
 სწორედ ამიტომ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, სხვა ანალოგიურ ორგანიზაციებთან  მჭიდრო თანამშრომლობით  რუდუნებით ქმნის საბავშვო ქორეოგრაფიულ  ანსამბლებს, ზრუნავს მათ ჩაცმულობაზე, ქართული ფოლკლორის შემდგომ სრულყოფაზე.
 დღეს აქ, ამ ზეიმზე ასეთი კოლექტივების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. თვალსა და გულს ახარებს მათი ხილვა და   სიცოცხლეს მატებს დღევანდელ ჩვენს თავყრილობას.