55 წელი დიდ სცენაზე

alt

ვულოცავთ!

დღეგრძელობას, სიკეთეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას ვუსურვებთ საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ღირსეულ კაცს და ღირსების ორდენის კავალერს, მსახიობს, მუსიკოსს, პედაგოგს, მომღერალს, იუმორის გრძნობით აღსავსე ადამიანს, თბილისის საპატიო მოქალაქეს ვახტანგ ტატიშვილს, ის დღეს, 24 ნოემბერს, 79 წლის გახდა.

დაიბადა ბათუმში, 1941 წელს. 1963 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. იქ გაიცნო ჯემალ ბაღაშვილი და ალექსანდრე ბასილაია, მღეროდა სტუდენტურ კვარტეტში მათთან ერთად. 1963-1965 წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში ასწავლიდა ფიზიკას. 1965 წლიდან (ანუ უკვე 55 წელია) დიდ სცენაზეა და იმსახურებს მსმენელისა და მაყურებლის სიყვარულს - ყველაზე დიდ ჯილდოს ცხოვრებაში. 1965-1968 წლებში, მარეხ გოძიაშვილთან და ჯემალ ბაღაშვილთან ერთად, მღერის ტრიო „ლილეში“. 1968 წლიდან არის ფილარმონიის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი (ანუ, დაარსებიდანვე). თავიდან იყო კვარტეტი: ვახტანგ ტატიშვილი, ალექსანდრე ბასილაია, ჯემალ ბაღაშვილი და გოგი ლეონიძე. შემდეგ თანდათან გაიზარდა ანსამბლო, შემოერთდნენ თემურ წიკლაური, მისი მეუღლე, გოჩა ლორია, მანანა თოდაძე, თამუნა ამონაშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, სოსო პავლიაშვილი…, მონაწილეობს ანსამბლის ყველა კონცერტში, გამარჯვებულია მრავა ფესტივალსა თუ კონკურსში, არის „იუმორინას“ უცვლელი მონაწილე. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად კონცერტებს მართავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ნუგზარ კვაშალთან დუეტში მისი სცენაზე გამოჩენა აღაფრთოვანებს ბავშვებს და არა მხოლოდ მათ.

ვისურვოთ, რომ ეს აღფრთოვანება ძალიან დიდხანს არ განელებულიყოს და დიდხანს იდგეს სცენაზე მისი ავტორი - ვახტანგ ტატიშვილი.