მოზარდის ქორეოგრაფიული აღზრდის პრობლემები

მოზარდის ქორეოგრაფიული აღზრდის პრობლემები

 რეზო ჭანიშვილი

პროფესორი

ახალგაზრდობის სწავლების, მათი აღზრდა-ჩამოყალიბების, ზნეობრივ-ესთეტიკური, ფიზიკური და სულიერი განვითარების საქმეს ყველა დროში თუ ქვეყანაში ეთმობოდა სათანადო ყურადღება. ამგვარი საქმიანობის ორგანიზების გარეშე საზოგადოების წინსვლა წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ახალგაზრდობის აღზრდა უაღრესად რთული საქმეა, მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ ამ სირთულეს თავისი სიიოლეც ახლავს. კერძოდ, იმისათვის, რომ ახალგაზრდამ მისი საზოგადოების სოციოკულტურული და ზნეობრივ-ეთიკური ღირებულებები აითვისოს და პიროვნულად ჩამოყალიბდეს. საზოგადოების მენტალიტეტის განმაპირობებელი თავისებურებები, იქ გაბატონებული წესები, მოთხოვნები, ნორმები უზრუნველყოფს მოზარდ ადამიანში ცხოვრებისათვის საჭირო პიროვნული თვისებების ფორმირება-ჩამოყალიბებას. ეს პროცესი გაცილებით მწყობრი და ჩამოყალიბებულია საზოგადოების განვითარების უადრეს  საფეხურზე, პირველყოფილ საზოგადოებაში, მიწათმფლობელობისა და ფეოდალურ ეპოქაში...

რაც უფრო წინ მიიწევს საზოგადოების განვითარების ტემპები, ჩქარდება სოციალურ-ეკონომიური ფორმაციებისა თუ, უბრალოდ, ცივილიზაციის განვითარების ტემპი, მით უფრო ნელდება საზოგადოების დადებითი ზეგავლენის მასშტაბი და საჭირო ხდება საგანგებოდ ორგანიზებული სააღმზრდელო გარემოს შექმნა.

ახალგაზრდობის მიზანმიმართული აღზრდა-ჩამოყალიბება ჩვენს პირობებში ძირითადად სკოლის, ასევე სკოლისგარეშე გაერთიანებების (სასახლეები, სტუდიები, წრეები...) ძირითად საზრუნავს წარმოადგენს. აქ ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ მოზარდები გაეცნონ წინაპართა მიერ გაკვალულ გზას, ეზიარონ ჭეშმარიტ ხელოვნებას, გავარჯიშდნენ, მიიღონ სასურველი ცოდნა-გამოცდილება. მოზარდი თაობის ესთეტიკური იერ-სახის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ეკუთვნის ხელოვნების სწავლებას, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ იძლევა სასურველ შედეგს, თუ ხელოვნება სწორად მიეწოდება მოზარდს მისი განვითარების ცალკეულ საფეხურზე. დადგენილია, რომ ე.წ. მოზარდობის პერიოდის საზღვრები ძირითადად ემთხვევა საშუალო სკოლის V-VIII კლასებს და მოიცავს 11-12 წლიდან 14-15 წლამდე ასაკს. ყოველმა გამოცდილმა პედაგოგმა და მშობელმა იცის, რომ ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე რთულია ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში. ალბათ, ამიტომაც სპეციალურ ლიტერატურაში იგი მოხსენიებულია სხვადასხვა ტერმინით: „გარდამავალი“, „კრიტიკული“, „მძიმე“ და ა.შ. საქმე ისაა, რომ ამ ასაკში ხდება ცხოვრების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა, რასაც თან სდევს გარკვეული გართულებები. ბავშვობიდან მოწიფულობაში შესვლა, რასაც ადგილი აქვს აღნიშნულ ასაკში, ხასიათდება სათანადო ფიზიკური, გონებრივი, ესთეტიკური, ზნეობრივი და სოციალური ცვლილებებით. ამას მოსდევს ახალწარმონაქმნების გაჩენა, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონდა და რაც პრინციპულად ცვლის ინდივიდის ცხოვრების ხასიათს. საგულისხმოა, რომ ამ ასაკობრივ საფეხურზე მთელი რიგი ინდივიდებისა ინარჩუნებს ბავშვურ ხასიათსა და მონაცემებს, ამავდროულად მათ უჩნდებათ მოწიფულობის მაჩვენებელი ცალკეული ნიშან-თვისებებიც. ეს გარემოება ხდება მისი არათანაბარი განვითარების საფუძველი. უკანასკნელ პერიოდამდე ეს გარემოება უფრო მეტად იყო გამოკვეთილი ორი ძირითადი მიზეზის გამო, კერძოდ, მოზარდობის ასაკის მოსწავლეები მხოლოდ სასწავლო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, ისინი შრომაში არ მონაწილეობდნენ. ეს გარემოება ითვლებოდა და ითვლება მოწიფულობის შემადგენელ ფაქტორად. ამასთან, მათ გააჩნდათ და გააჩნიათ ინფორმაციის უზარმაზარი ოდენობა, ფიზიკური ზრდის პირობები, სქესობრივი მომწიფების დაჩქარება და ა.შ. ეს ფაქტორები, პირიქით მოწიფულობის დამაჩქარებელი მომენტია. ამგვარად, განვითარება არათანაბარი ხასიათისა იყო. ბოლო დროს ამგვარი ტენდენციები ერთგვარად იცვლიან შინაარსს, ან უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, რომ უახლოვდებიან ერთმანეთს. ჩვენს ცხოვრებაში, მიმდინარე სერიოზული სოციალური ძვრების ფონზე, სწავლების სავალდებულო ხასიათი თანდათანობით კარგავს თავის ტრადიციულ სახეს, რის გამოც სულ უფრო მეტი მოზარდი ებმება ყოველდღიურ შრომით საქმიანობაში, გაჩნდა უზედამხედველო მოზარდების მთელი არმია, რომლის წევრებიც ძალიან შედიან მოწიფულობაში და ამ პროცესს გარკვეული ტენდენციის სახეს აძლევენ. მიუხედავად ყოველივე ამისა, მოზარდობის ასაკის ინდივიდებს ახასიათებთ მთელი რიგი ტიპური თავისებურებანი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ყოველდღიური მუშაობის პროცესში.

ამ თვალსაზრისით, პედაგოგ-ქორეოგრაფმა უპირველესი ყურადღება უნდა მიქაციოს მოზარდისათვის დამახასიათებელ ბიოლოგიური სიმწიფის დადგომის ფაქტს. სწორედ ამ დროისათვის ვითარდება სქესობრივი მომწიფების პროცესი, რასაც თან ახლავს შესაბამისი მორფოლოგიური და ფიზიკური ცვლილებები. გოგონებში ამ მხრივ შესამჩნევი ცვლილებები ხდება 11-დან 13-წლამდე, ბიჭებში კი 13-დან 15-წლამდე. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თანამედროვე პირობებში აქსელერაციის მოვლენა ხელშესახებად გამოკვეთილ ხასიათს ღებულობს, მაშინ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამგვარი ახალწარმონაქმნები ხშირად თავს 9-10 წლის მოზარდებშიც იჩენს. მოცემულ ასაკობრივ საფეხურზე ხდება ზრდა სიმაღლეში, იცვლება გამომეტყველება, სხეულის საერთო პროპორციები აუხლოვდება მოწიფულობის ასაკისათვის დამახასიათებელ ფორმებს. იცვლება სახე, თავის ქალა, თუმცა, ამასთან ერთად, ტვინის მოცულობა უმნიშვნელოდ მატულობს.

ქორეოგრაფიულ კოლექტივთან მომუშავე პედაგოგისათვის განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია იმის ცოდნა, რომ თერთმეტი-თორმეტი წლიდან, თხუთმეტ-თექვსმეტ წლამდე პერიოდში, ხერხემლის ყოველწლიური მატების ტემპი ჩამორჩება სიმაღლეში სხეულის ზრდის ტემპს. რამდენადაც თოთხმეტ წლამდე ხერხემლის მალებს შუა სივრცეს ჯერ ხრტილი ავსებს, ეს განსაზღვრავს გამრუდებისადმი ხერხემლის მიდრეკილებას სხეულის არასწორი მდგომარეობის, ხანგრძლივი ცალმხრივი დაძაბულობის ან მეტისმეტი ფიზიკური დატვირტთვის დროს. ტანადობის ყველაზე მეტი დარღვევა ხდება 11-15 წლებში, თუმცა ამავე ასაკში მსგავსი დეფექტების აღმოფხვრა უფრო ადვილია, ვიდრე შემდგომ. მენჯის ძვლების შეზრდა (რომელშიც გოგონების სასქესო ორგანოებია მოთავსებული) მთავრდება 20-21 წლისათვის. მათი დაცილება და შეუზრდელი ძვლების დაშორება შესაძლებელია დიდი სიმაღლიდან გადმოხტომისას...“ აღნიშნულიდან გამომდინარე, პედაგოგს მართებს სისტემატურად აკონტროლებდეს მოზარდთა მოძრაობას, მათ დგომას, ხტომებს, ფიზიკური დატვირთვის სახეობასა და საერთოდ, მოქმედების ხასიათს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზარდობის ხანაში საკმაოდ სწრაფად იზრდება კუნთური ძალა, რაც აფართოებს აღსაზრდელთა ფიზიკურ შესაძლებლობებს. თუმცა ცნობილია ისიც, რომ ამავე ასაკში, ეს ერთი შეხედვით, გაზრდილ-გაძლიერებული მუსკულატურა ძალიან მალე იღლება და ვერ უძლებს ხანგრძლივ დატვირთვას. ეს გარემოებაც პედაგოგის ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ფიზიოლოგიის მონაცემები და პრაქტიკული დაკვირვება ადასტურებს, რომ „მოტორული აპარატის შეცვლას თან ახლავს მოძრაობის ჰარმონიის დაკარგვა. ვლინდება საკუთარი სხეულის დაუფლების უუნარობა (მოძრაობათა სიუხვე, მათი არასაკმარისი კოორდინაცია, საერთო მოუქნელობა, მოუხეშაობა.) ამან შეიძება დაბადოს უსიამოვნო განცდები, დაურწმუნებლობა. ამავე დროს ექვსი-რვიდან ცამეტ-თოთხმეტ წლამდე ასაკი, ეს არის პერიოდი მრავალი მოძრაობითი თვისების ოპტიმალური განვითარებისა, მოძრაობითი ფუნქციის აქტიური სრულყოფისა მისი მთელი რიგი მაჩვენებლების ინტენსიური მომატებისას (მოძრაობათა სისწრაფე და სიხშირე, ნახტომის სიგრძე და ა.შ.). ეს შესაძლებლობები, ცხადია, კარგ პირობებს უქმნის ქორეოგრაფს ინტენსიური სახე მისცეს მოზარდს ვარჯიშისა და დატვირთვის თანდათანობითი ზრდის სასურველ შედეგებსაც მიაღწიოს, მაგრამ მას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ გადატვირთვას არ შეიძლება სისტემატური ხასიათი ჰქონდეს. ამას, როგორც წესი, უარყოფითი შედეგები მოსდევს. საქმე ისაა, რომ ორგანიზმის საერთო ფიზიკური ზრდის პროცესი დამატებით მოთხოვნებს უყენებს გულის მუშაობას. ეს უკანასკნელიც, ბუნებრივია იზრდება, მაგრამ როგორც ფიზიოლოგებმა დაადგინეს, თვითონ გულის ზრდის პროცესს უფრო სწრაფი ხასიათი აქვს, ვიდრე სისხლძარღვებისას. აი, სწორედ ამის გამო მოზარდობის ასაკში ადგილი აქვს ზოგიერთ ფუნქციურ დარღვევას, კერძოდ, გულისცემის აჩქარებას, წნევის მომატებას, თავბრუხვევას, თავი ტკივილებს და საერთოდ, ადვილად დაღლას. ეს გარემოება პედაგოგ-ქორეოგრაფს აიძულებს მეტი ყურადღება დაუთმოს დატვირთვის დოზირებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდი უგუნებოდაა, თავს შეუძლოდ გრძნობს, მალე იღლება და სხვა ამგავარი. ბევრი პედაგოგი ამას მოზარდისათვის დამახასიათებელი ცუღლუტობითა და სიზარმაცით ხსნის და ცდილობს სადამსჯელო ღონისძიებებით მოახდინოს მასზე ზემოქმედება. მეცნიერების მონაცემების მიხედვით კი, საქმე შეიძლება უფრო სერიოზულად იყოს, ამიტომ მათი ცოდნა და გათვალისწინება აუცილებელია. მეცნიერულად კი დადგენილია, რომ „მოზარდების ასაკი ხასიათდება, ერთი მხრივ, ენერგიის მძაფრი აღმავლობით, ხოლო, მეორე მხრივ, პათოგენური ზემოქმედებისადმი მომეტებული მგრძნობელობით. ამიტომ, გონებრივი ან ფიზიკური გადაღლა, ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობა, აფექტები და უარყოფითად შეფერადებული ძლიერი ემოციური განცდები (შიში, რისხვა, წყენისა და შეურაცხყოფის გრძნობა) შეიძლება ენდოკრინული დარღვევისა და ნერვიული სისტემის ფუნქციონალური მოშლის (ამის ზოგიერთი ნიშნები - მომეტებული გამღიზიანებლობა, მგრძნობელობა, დაღლილობა, შემაკავებელი მექანიზმების სისუსტე, გაფანტულობა, მუშაობაში პროდუქტიულობის დაცემა, ძილის დარღვევა) მიზეზი გახდეს. ნეიროჰუმორალური თანაფარდობის შეცვლა ხშირად, მოზარდთა საერთო გაუწონასწორობლობის, მისი გამღიზიანებლობის, აფეთქების, მამოძრავებელი აქტიურობის, პერიოდული მოთენთილობის, აპათიის საფუძველს წარმოადგენს“. ამგვარი სერიოზული გართულებები კი, თუ პედაგოგ-ქორეოგრაფი მათ ალღოს ვერ აუღებს და დროულად არ აღკვეთს, ბუნებრივია, საცეკვაო ხელოვნებისადმი უარყოფითი ემოციების აღმოცენების საფუძელი გახდება და, შესაბამისად, ვერც დადებით შედეგებს მოგვცემს.

ყოველივე ზემოაღნიშნული, რაზედაც ჩვენ საუბარი გვქონდა, მხოლოდ ფიზიკურ და ბიოლოგიურ მომწიფებაში მიმდინარე პროცესებს ეხება. ცხადია, არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება მოზარდის სოციალური მომწიფების თვალსაზრისით, კერძოდ, როგორია მის მიერვე დანახული საკუთარი პიროვნება, რისკენ მიისწრაფვის, რა სურს მოზარდს, როგორ ღირებულებებს აღიარებს იგი, როგორია მისი ურთიერთობა უფროსებთან, თანატოლებთან, უმცროსებთან და ა.შ. აღნიშნული და სხვა მსგავსი საკითხების გათვალისწინების გარეშე, ქორეოგრაფიული კოლექტივის მუშაობა ცალმხრივი, ხოლო პედაგოგის საქმიანობა აშკარად ნაკლოვანი იქნება. გამოცდილმა პედაგოგებმა იციან, რომ მოზარდობის ასაკის დასაწყისისათვის ქორეოგრაფიული კოლექტივის წევრები დიდად არ განსხვავდებიან უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისგან. კერძოდ, გააჩნიათ თამაშის, ანცობის, უმიზნო მოძრაობა-სირბილის მოთხოვნილება. ისინი ცელქი და მოუსვენარნი არიან, ძალიან დიდ დროს კარგავენ უსაქმურობასა და ფუქსავატობაში. მათი მისწრაფებები, ხშირად მერყევი, არამდგრადი და გაურკვეველიც კია. ამასთან, ცხადია ისიც, რომ ეს სურათი ხშირად ზედაპირულია და საქმის რეალურ ვითარებას არ აჩვენებს, რადგან შეუმჩნევლად, მაგრამ დაჟინებით დგება მოწიფულობისაკენ სვლის ტენდენცია. თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მოზარდი თავს ბავშვად აღარ მიიჩნევს. საკუთარ წარმოდგენაში იგი უკვე მოწიფულია და უნდა, რომ უფროსებმაც გაიზიარონ მისი თვალსაზრისი. მოზარდის პიროვნულ თვითშეფასებაში მომხდარი ეს ძვრა სერიოზულ გავლენას ახდენს მის პოზიციებსა და მიმართულებებზე როგორც თანატოლების, ასევე უმცროსებისა თუ უფროსების მიმართ. მოზარდს უჩნდება მძაფრი პროტესტის გრძნობა თუ კი მას ისევე ექცევიან, სჯიან და, საერთოდ, ისეთნაირად ზრუნავენ როგორც ბავშვზე. აქედან გამომდინარე, პედაგოგის ვალია მოზარდს გაუიოლოს მოწიფულობისაკენ სვლის გზაზე აღმოცენებული წინააღმდეგობების დაძლევის პროცესი. პრაქტიკოსი ქორეოგრაფები დაგვემოწმებიან, რომ ანსამბლის წევრ მოზარდებსა და მათ პედაგოგებს შორის აღმოცენებულ არა ერთ კონფლიქტს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის გზა გაუმრუდებია. ამგვარი კონფლიქტების წყარო კი ხშირად პედაგოგ-ქორეოგრაფის არასაკმარისი კვალიფიკაცია, პედაგოგიური მომზადების სათანადო დონის უქონლობაა. როგორც წესი, კონფლიქტის პირველსაწყისი ისახება მაშინ, როდესაც პედაგოგი მოზარდისაგან ითხოვს უსიტყვო მორჩილებას, ახდენს ანსამბლის ყველა წევრის, მიუხედავად მათი ასაკობრივი სხვაობისა, თანაბარი პრეტენზიებით განსჯას და დასჯა-წახალისების ერთნაირი ფორმების გამოყენებას. მხოლოდ პედაგოგი თუ შეამჩნევს ამ დროს, რომ მოზარდთა მხრიდან იწყება პროტესტის გარკვეული ფორმების გამოვლენა და იგი გრძელდება მანამ, სანამ უფროსები (პედაგოგები) არ შეცვლიან მათდამი დამოკიდებულების ხასიათს. ამგვარი კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრისათვის ზოგი ქორეოგრაფი ყველაზე იოლ გამოსავალს პოულობს. იგი ანსამბლის წევრს ემშვიდობება და ბედის ანაბარა უშვებს. სწორედ ეს მოზარდებია, ანსამბლიდან ანსამბლამდე რომ მოგზაურობენ და ერთ ადგილზე ძნელად იკიდებენ ფეხს. მსგავსი რამ კი არ მოხდება, თუ ქორეოგრაფი მეტ გულისხმიერებას გამოიჩენს და მოზარდს მოუძებნის შესაფერის ადგილს მოზრდილთა ახალ სამყაროში. პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომ მოზარდებთან ურთიერთობაში გაცილებით მომგებიანია ე.წ. თანამშრომლობითი, მეგობრული დამოკიდებულებები (ცხადია, არა ფამილარული), ვიდრე ე.წ. „დამორჩილების მორალი“ და მისი შესატყვისი მოქმედებები. მოზარდი მეტად კონტაქტური, მეგობრული და გულისხმიერია. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფთა შეხედულებებსა და შეფასებებს წარმატება-წარუმატებლობის საკითხებთან მიმართებაში. მოზარდს აქვს ტენდენცია წარმოადგინოს საკუთარი თავი საუკეთესო მხრივ. ამიტომ მას ძალიან უნდა დაიმსახუროს შექება, წახალისება და მოწონება იმ ადამიანთა მხრიდან, ვის აზრსაც მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს არა მარტო ქორეოგრაფ-პედაგოგმა, არამედ კოლექტივის უფროსმა წევრებმაც. მათი მხრიდან, გამოჩენილ ყურადღებას, შექებას, გვერდში დადგომასა და გზის გაკვლევას მოზარდის შემდგომი პროფესიული თუ პიროვნული განვითარების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ახლა რაკი სიტყვამ მოიტანა და ეს პრინციპული მნიშვნელობის მქონე საკითხიცაა, ორიოდ სიტყვით შევეხოთ მომდევნო ასაკობრივ საფეხურსაც, კერძოდ, ჭაბუკობის ხნის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ პრობლემებს.

სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში სიჭაბუკის ხანას განსაზღვრავენ როგორც ასაკს, რომელიც იწყება სქესობრივი მომწიფებით და სრულდება მოწიფულობის ასაკის დადგომასთან დაკავშირებით. ე.ი. გამოდის, რომ ამ ასაკობრივი ფაზის ქვედა ზღვარზე წამყვანია ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური ფაქტორი, ბოლოს კი უმთავრესი ხდება სოციალური შინაარსის მქონე მოწიფულობის მომენტი. ეს მოვლენა კარგად აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს რთული შინაარსის მქონე ფენომენთან. პრაქტიკოსმა პედაგოგებმა იციან და ეს თეორიულადაც დამტკიცებულია, რომ ჩვენს დროში აქსელერაციის, ფიზიკური განვითარების ტემპის აჩქარების საფუძველზე, ბავშვები გაცილებით სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ეს იყო 2-3 თაობის წინ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღეისათვის მთელი 2 წლით ადრე იწყება და სრულდება სქესობრივი მომწიფება. ყრმობის ასაკი სადღეისოდ 14-15 წლის ასაკში მთავრდება და აქედანვე იწყება სიჭაბუკე. ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით, ამ ასაკობრივ საფეხურზე საქმე გვაქვს გარკვეული ციკლის, გარკვეული ფაზის დასრულებასთან. სიმაღლეში ზრდა უკვე ისე ინტენსიური აღარ არის, როგორც ეს ყრმობის ასაკში იყო. დადგენილია, რომ ქალიშვილები თავიანთ სრულ სიმაღლეს საშუალოდ 16-17 წლის ასაკში აღწევენ (გადახრა +-13 თვე), ჭაბუკები კი 17-18 წლის ასაკში (გადახრა +-10 თვე). ინტენსიურად იმატებს წონა, ამასთან, თუ ადრე გოგონები უფრო ინტენსიურად იზრდებოდნენ, ახლა ბიჭებს ეტყობათ სწრაფი ზრდა. სწრაფად მატულობს კუნთური ძალა: 16 წლის ბიჭი 12 წლისაზე თითქმის ორჯერ ძლიერია. საერთოდ დადგენილია, რომ ადამიანი თავის ნორმალურ სრულ კუნთურ ძალას ზრდის დამთავრების დაახლოებით ერთი წლის შემდეგ აღწევს. ყოველივე ეს, ბუნებრივია, პედაგოგ-ქორეოგრაფს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ადრეულ სიჭაბუკეში შესული გუშინდელი მოზარდის ფიზიკური შესაძლებლობები ასე ლაღად და თავისუფლად ვითარდება, შესანიშნავ წინაპირობას ქმნის რთული ქორეოგრაფიული კომბინაციების, ილეთების, მოძრაობების ასათვისებლად. ეს პრაქტიკულად მართლაც ასეა და გამოცდილი პედაგოგები ზრდიან კიდევაც მოცემული ასაკის მოცეკვავეთა დატვირთვას. ამასთან, ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. პედაგოგს არ უნდა გამორჩეს მეორე და მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, როგორი პიროვნული თუ ინდივიდუალური თავისებურებები ახასიათებთ ჭაბუკებს და რა როლი შეიძლება შეასრულონ მათ კოლექტივში. გონებრივი განვითარების თვალსაზრისით თუ შევხედავთ მოცემულ ასაკობრივ საფეხურს, აღმოვაჩენთ, რომ ამ მიმართულებით განვითარების ტემპი თანდათანობით ნელდება. იგი ისე სწრაფი აღარ არის, როგორც მოზარდობის ასაკში იყო. დადგენილია, რომ ამ ასაკისათვის განსაკუთრებული ძალით იჩენს თავს სპეციალური უნარები, რაც ჭაბუკის ინტერესთა სფეროს დიფერენციაციის საფუძველი ხდება. სწორედ ამის შედეგია პროფესიული ორიენტაციების გაჩენა და გარკვეული ცხოვრებისეული მიმართულებების ამორჩევა.

ჭაბუკობის ხანისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია თვითცნობიერების „მე“-ს ცნობიერების საკუთარ თავზე, საკუთარ პიროვნებაზე გამძაფრებული დაკვირვების ტენდენცია. პირველი და უმთავრესი ყურადღების საგანი ხდება საკუთარ გარეგნობაში მიმდინარე ცვლილებები.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ჭაბუკობის ასაკის ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ჰქონდეს ისეთი გარეგნული ფიზიკური ნიშნები, რომლებიც მას პრესტიჟს მოუპოვებს თანატოლებს შორის. ამიტომ ბევრი მათგანი წუხს თავისი ტანდაბლობის, სიმსუქნის, სახეზე არსებული გამონაყრების და სხვა მსგავსთა გამო. განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან ჭაბუკები თანატოლთა მხრიდან ამგვარ ნაკლოვანებებზე მინიშნების ფაქტებს.

ჭაბუკობის ასაკისათვის დამახასიათებელია საკუთარი პიროვნების განსაკუთრებული დაფასება და სხვებისაგანაც ანალოგიურის მოთხოვნა. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს მომენტი გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე საკუთარი თავის პატივისცემის დაბალი დონის არსებობა. პირველ შემთხვევაში ჭაბუკი ხშირად გადაჭარბებით აფასებს საკუთარ პერსონასა და, ბუნებრივია, წინააღმდეგობაში მოდის გარშემომყოფთა თვალსაზრისებთან. ეს, ცხადია, დროებითი მოვლენაა და ჭაბუკი ადრე თუ გვიან მიხვდება, გაიცნობიერებს თავის რეალურ ადგილს თანატოლთა შორის. უარესია, როდესაც მას ღირსების გრძნობა  დამდაბლებული აქვს. ასეთები, როგორც წესი, კონტაქტში ვერ შედიან თანატოლებთან, ცდილობენ საკუთარი სახის დამალვას. ისინი ავადმყოფურად რეაგირებენ დატუქსვაზე, დასჯაზე, კრიტიკაზე. ამგვარი ინდივიდები შორს დგანან ყოველგვარი შეჯიბრებითი ხასიათის საქმიანობისაგან, უარს ამობობენ სერიოზულ მიზნებზე, არ სწამთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ა.შ. გამოცდილ პედაგოგს ასეთი ჭაბუკი მორიდებულ, ხათრიან ყმაწვილსა თუ გოგონაში არ აერევა და შესაბამის დასკვნასაც გააკეთებს. საჭიროა ასეთებს თავის გამოჩენის საშუალება მივცეთ, გამოვავლინოთ მათი შინაგანი ძალები, შესაძლებლობები, უნარები.

პედაგოგ-ქორეოგრაფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ადრეული სიჭაბუკის ხანა ერთ-ერთ ყველაზე „კოლექტიურ“ ასაკად ითვლება. ამასთან, თითოეული წევრისათვის, ვინც კი ამგვარ ურთიერთობებში შედის, მნიშვნელოვანია იყოს მიღებული, აღიარებული და დაფასებული. ამის მიღწევა კი ძნელია.

ჭაბუკობის ასაკის ახალგაზრდებს განსაკუთრებულად სწყურიათ მეგობრული გრძნობებით დამოკიდებულება. ყოველი მათგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური აზრგაზიარება, საიდუმლოებათა ცოდნა, გულახდილობა, საკუთარი გრძნობების გაზიარება და ა.შ. ამ მხრივ გოგონები უფრო ადრე იჩენენ ინტერესებს და უფრო ჩამოყალიბებული არიან კიდევაც, ვიდრე ვაჟები. მოკლე ხანში ეს ჩამორჩენა სწორდება და მეგობრული ურთიერთობები წამყვანია ნებისმიერი კოლექტივის საქმიანობაში.

ქორეოგრაფიული ანსამბლის მუშაობაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ პროფესიულ ორიენტაციას ამჟღავნებენ ჭაბუკები. თუ მათ საცეკვაო ხელოვნება თავის მომავალ პროფესიად აქვთ წარმოდგენილი, ცხადია, საქმისადმი დამოკიდებულების ხასიათიც უფრო ღრმად აქვთ გაცნობიერებული, ხოლო თუ ამ საქმეს მხოლოდ ე.წ. „სპორტული ინტერესის“ გულისთვის ან საგასტროლო ტურნეებისათვის მისდევენ, დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება. ეს გარემოებაც პედაგოგის წინაშე გარკვეულ დამატებით ამოცანებს აყენებს და ღონისძიებათა შესაბამის ჩამონათვალს ითხოვს.

ამრიგად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთა ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებების მეტისმეტად ზოგადი ანალიზი და სოციალური გარემოს მოთხოვნებთან მისი შეპირისპირება ნათელს ხდის, რომ ყოველ პედაგოგს საქმე აქვს რთულ მოვლენასთან. არ შეიძლება იმ გარემოების დავიწყება, რომ ქორეოგრაფიული კოლექტივის მუშაობაში მთავარი და გადამწყვეტი ამა თუ იმ მოძრაობის, ცეკვის, ფოლკლორული ნიმუშების შესწავლა კი არ არის, არამედ უმთავრესია პიროვნების აღზრდა, მისი ზნეობრივი სახის ჩამოყალიბება.

ეს პროცესი კი წარმოუდგენილია თუ ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში არ გავითვალისწინეთ ის მონაცემები, რომელთა შესახებაც ზემოთ იყო საუბარი. ამის გაკეთება კი იმ პედაგოგ-ქორეოგრაფს ძალუძს, ვინც კარგად იცნობს მეცნიერების მონაპოვრებს და, რაც მთავარია, ვის მუშაობასაც სისტემური ხასიათი აქვს. დროებითი მიზნებით შეკრებილ ქორეოგრაფიულ ჯგუფებში რაიმე სერიოზული სააღმზრდელო მიზნის მიღწევა, ცხადია, გამორიცხულია, ამგვარი მიზნები ხომ მხოლოდ ხანგრძლივი, თანამიმდევრული მუშაობის გზით მიიღწევა.