„... და ჩვენიაო, გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე”

                       ... და ჩვენიაო, გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე

 

 ზაურ ლაზიშვილი

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოსქორეოგრაფიისრაინდი,ღირსებისორდენისკავალერი

            ქართული ქორეოგრაფიის თეორეტიკოსი, პროფესორი ლილი გვარამაძე წერდა: „ქართული ცეკვის კულტურა ერთ-ერთი ნაწილია ხელოვნების ისტორიისა, რომ ელიც თავის მხრივ ძვირფასი  წვლილია ხალხური შემოქმედების დიდ საგანძურში.

მრავალსაუკუნოვანმა ხალხურმა ცეკვამ განვითარების  ხანგრძლივი გზა გაიარა და ჩვენამდე მოაღწია დახვეწილი სახით. ქართული ხალხური ცეკვების ნაირსახეობათა შინაარსის სიმდიდრემ, მისი შესრულების ოსტატობამ, ღრმა ემოციურობამ აღტაცებაში მოიყვანა ქართველი და არა მარტო ქართველი მაყურებელი, და  საყოველთაო აღიარება ჰპოვა.“

        სწორედაც ასეა, ქართულ ცეკვას მრავალმხრივი ფერადოვნება, მიწიერი  თვისება-თავისებურებანი გააჩნია და მკაფიოდ გადმოგვცემს მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის, სამშობლოს განუზომელი სიყვარულისა და  პატივისცემის ამაღლებულ განწყობილებას. ქართული ცეკვის „ენა“, ქართული სასაუბრო ენასავით  ხვავიანია. აქვს ცოცხალი მეტყველების უნარი, „ხორუმისებურად“ შეუპოვარია და ამღლებული. შესაშური ვაჟკაცობითაც გვაჯადოვებს, სინაზე-სინატიფითა და სიმსუბუქით გვხიბლავს.

       დიახ, ქართული ცეკვის  მომხიბვლელობაზე ბევრი რამ  ითქმის.  უწინარესად ამას  ვიტყოდით საქვეყნოდ აღიარებულ ანსამბლ  „სუხიშვილების“ შესახებ, რომლის შეუდარებელმა სცენირებამ უცხოეთის ქვეყნების ხელოვნებისმოყვარულთა გული მოინადირა.

  დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ფრთაშესხმულმა ნიჭიერებამ, ეროვნულობის მისწრაფებებმა ქართულ ქორეოგრაფიას მომაჯადოებელი ელვარება შეჰმატა. გვეამაყება, რომ ამ დიდებული ანსამბლის  მოქარგულმა ცეკვებმა მსოფლიოს მერვე საოცრების სახელი დაირქვა.  უდავოა, რომ საქართველოს სახელმოხვეჭილმა ანსამბლმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ეროვნული ქორეოგრაფიის განვითარებაში.

       ღირსსაცნობია ისიც, რომ ქართული ქორეოგრაფიული კულტურისათვის დაუმცრალ სამსახურშია სხვა  პროფესიონალი კოლექტივებიც. ქებას იმსახურებენ საქართველოს  სიმღერისა და  ცეკვის ანსამბლი „ერისიონი“, „რუსთავი“, აჭარის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო  აკადემიური ანსამბლი, აჭარის  ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი“, აჭარის ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლი „ბათუმი“, ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და  სხვა კვალიფიციური კოლექტივები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში და წარმატებით გამოდიან ფესტივალ-კონკურსებსა და ოლიმპიადებზე. მრავლად გვყავს მოსაწონი საბავშვო-ახალგაზრდული ანსაბლები. თუმცაღა თვალს ვერ მოვუხუჭავთ შეუსაბამო  მოვლენებს. ჩვენთვის მეტად მიუღებელია ცალკეული კოლექტივების ცეკვებში  მოქცეული უმსგავსო ჩანართები. კერძოდ, ყოვლად უსულგულოა ვაჟური საცეკვაო ილეთების გამოყენება ქალთა  ცეკვებში.

      ამგვარი ვითარება არასაიმედოა. აშკარად გამოკვეთილია ზიანის მომტანი შემოქმედებითი ნიველირების ფაქტები. ასეთ შემთხვევაში არაერთი გაურკვევლობანი ჩნდება, რითაც  სარგებლობენ მთელი რიგი არაქართული ანსამბლები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ცეკვა „ხორუმზე“ პრეტენზიები აქვთ საზღვრისპირა სარფს მიღმა არსებული მეზობელი დიდი ქვეყნის მხატვრულ კოლექტივებს... ჩრდილოეთ კავკასიის ცალკეულმა ანსამბლებმაც თავისად გაიხადეს მოხევური ცეკვა, სამთიულურო წყობის საცეკვაოებიც. კიდევ მეტი, თვალნათელი  სიზუსტით დაამუშავეს „ხევსურული ფარიკაობის“ კომპოზიცია და  მიისაკუთრეს კიდევაც. ერთი სიტყვით, ყოველგვარ სინდისიერებას აუარეს გვერდი, თავიანთ მონაპოვრად აქციეს  ჩვენი ხალხის გულიდან ამოფრქვეული საცეკვაო ქმნილებანი.

       მსგავსი მოვლენების გამო თავისდაუნებურად გახსენდება  გამოჩენილი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის ერთ-ერთი ლექსის მცირე ნაწყვეტი:  „გვინგრევენ წარსულს, გვაოხრებენ, ჩვენ ყურზე გვძინავს...და „ჩვენიაო“ გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე.“

       აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ, თუ რა  გასაკვირია, როცა გაჰყვირიან „ჩვენიაო“. დიდი კავკასიის  გადაღმა არსებულ საცეკვაო კოლექტივებში ერთხანს გაწაფულად მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის  ქორეოგრაფები და  მოცეკვავეები, რომელთაც უხვად ჩაჰქონდათ ქართული ცეკვების ცალკეული სახეობანი. სრულებით არ აცნობიერებდნენ იმას, რომ თავიანთი უგუნურობის გამოვლინებანი ბუმერანგივით დაგვიბრუნდებოდა უკან. აკი დაგვიბრუნდა კიდეც. ახლა  ყველანაირად უნდა  ვიმოქმედოთ, ისტორიული მასალებიც მოვიშველიოთ, რომ  ვამტკიცოთ, ქართული ცეკვები ოცდაათ ვერცხლად გაიყიდაო. ყოველივე ამას   გამართლება არ აქვს.

      დიახ, სინდისი უარყო ზოგიერთმა ჩვენმა თანამემამულემ. სწორედ, ამგვარ მოვლენებზე ითქმება საკადრისი პოეტური ფრაზა: “ ...ოცდაათ ვერცხლად გაგყიდის, ფრთხილად! შეღებილი აქვს  სინდისი, ფრთხილად!“(მორის ფოცხიშვილი).

       სათქმელია ისიც, რომ  საქართველოს წამყვანი ანსამბლების არაქართველმა ხელოვანებმაც ჩაიტანეს და დაამკვიდრეს ჩრდილოეთ კავკასიაში(და არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში) ქართული სისხლით ნასაზრდოებო „საცეკვაოები“.

       ბუნებრივია, ჩვენი წყენა და სამდურავი სულაც არაა ჩვეულებრივი მოვლენა. ქართველი ხალხი ვერ  იწამებს ეროვნული ღირსების შელახვას, გულში ვერ ჩაიკლავს თავსმოხვეულ ცდუნებას, რომ თვალი დავხუჭოთ სხვა დამამცირებელ  ფაქტებზეც.

       ასეთად გვესახება აშშ-ში შექმნილი ეგრეთწოდებული „გევორქიანის აკადემიის“ უკვე  ნიღაბახდილი ქორეოგრაფიული კაზუისტიკა. ცნობილია, რომ  აღნიშნული აკადემიის თავკაცია მეზობელი სომხეთის მკვიდრი ვართან  გევორქიანი, რომლიც აშკარად უგულებელყოფს ჩვენი  ხალხის   საუკუნეებით შემონახულ ქორეოგრაფიულ ფასეულობებს. ვართან გევორქიანი ყოველმხრივ არის მოწადინებული, რომ პოპულარობა გაუწიოს თავისი ქვეყნის საცეკვაო ხელოვნებას. საამისოდ თავის ერონულ ცეკვებში გვარიანად გადაუნერგავს ქართული ცეკვის ელემენტები. მოუთმენელია, რომ ქართველთა  უმშვენიერესი ცეკვა “ქართული“ უკვე  სომხურ ცეკვად არის მიჩნეული, რომლისთვისაც დაურქმევიათ  სომხური საქორწილო ცეკვა. იგი  „დაისის“ მელოდიაზე სრულდება.

      დარწმუნებული ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ  ხელოვნებისმოყვარულებში დადებითად აღიქმება   „ქართულის“ სცენური კონფიგურაცია, თუმცა არ მოიწონებენ იმას, რომ შინაარსითა და ფორმით მრავალფეროვანი, მართლაც აკადემიური „ქართული“ სომხური ქორეოგრაფიის მონაპოვრად მიიჩნიონ „გევორქიანის“ მუშაკებმა. სწორედაც  ესაა პლაგიატიზმის შემოქმედებითი სიცრუის თვალხილული მაგალითი, რამაც მოუთმენელი უკმაყოფილება აღძრა ჩვენს ხალხში.

      ნიშანდობლივია, რომ ბატონ ვართან გევორქიანს შეატყობინეს ქართველთა გულისტკენა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა. ასეთი რამ იმის  მომასწავებელიცაა, რომ  „ოკეანისგაღმა“ შექმნილ „აკადემიაში“ „ქართულის“ სწორად შემსრულებლობა საერთო მოთხოვნებს დაექვემდებარება.. არაფერია უსიამოვნო იმაში, როცა ჩვენი საამაყო ქალვაჟიანი „ქართული“ სხვაგანაც იცეკვება, მაგრამ არ უნდა  იგრძნობოდეს მისი  მიზანმიმართული გადაჯიშების ტენდენცია, რაც უკვე  ქვეშეცნეული  მიმთვისებლობის მისწრაფებაცაა.

      ისტორიული პარალელი არ იკარგება. 1951 წელს, მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, სულმნათმა  გიორგი სალუქვაძემ გამოიტანა  ორიგინალურად  კოსტიუმირებული გურული „ფერხული -ფარცაკუკუთი“. ეს ორი და სამსართულიანი ხალხური მონაპოვარი ეხლა 60 წლისაა, მაგრამ დასანანია ის, რომ ცეკვის დადგმიდან რამდენიმე წელში „ფარცაკუკუს“ სართულებიანი ფრაგმენტი გამოჩნდა მეზობელი სომხეთის პროფესიულ ანსამბლში და ეწოდა  ე.წ.(„კრეპოსტი“- რუსულად) „ციხესიმაგრე“.

      ჩვენი აზრით, ცეკვა „ქართულის“ ეროვნული თვითმყოფადობა მაინც ურყევია, რადგან იგი სხვა ჯიშისაა, რომ სხვა ვერ იცეკვებს, „რასსაც არ ეყოფა“ (გრ. რობაქიძე). მით უფრო, რომ ამ ხელთუქმნელ ქართულ მარგალიტს ჰყავდა ქართული ცეკვის წარმტაცი მსახიობ-მოცეკვავენი: ალექსი  ალექსიძე, ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ლილი გვარამაძე, ნონა გუნია, ბუხუტი დარახველიძე, სერგო ნონიაშვილი, ვახტანგ გუნაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, იამზე დოლაბერიძე, ლატავრა ფოჩიანი, ნიკუშა ღვაბერიძე, რეზო ჭანიშვილი, თენგიზ უთმელიძე, მიხეილ  კაკაბაძე და სხვები. ვფიქრობთ, ქართული ცეკვის, სახელდობრ „ქართულის“ სახელოვანი ისტორიის უგულებელყოფა იქნება დავივიწყოთ ერეკლე მეფის დროინდელი  „მოქართულე“ ლამაზმანები: სოფიო ციციშვილი, ქეთევან თუმანიშვილი, ნინო მაჩაბელი, თინათინ ამილახვარი და სხვები, რომელთა  გრაციოზული გარდასახვის მომხიბვლელობა ყოველთვის  დიდი პატივით მოიხსენიებოდა.

       უნდა ვირწმუნოთ, რომ „გევორქიანის აკადემიის“ თავკაცი და მისი თანამოაზრენი გონივრულად აწონ-დაწონიან თავიანთ დიდ შეცდომას. ბოდიშის მოხდა სწორედაც, რომ საამისო საფუძველია. იმედია, რომ ისინი სამომავლო კონცერტებზე ცეკვა „ქართულის“ სამშობლოდ საქართველოს     დაასახელებენ.    

        საცოდნელია, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოსკოვის საბჭოურ ხალხთა  პროფესიონალურ ანსამბლში (მთავარი ქორეოგრაფი იგორ მოისეევი) კარგა ხანს იცეკვებოდა საბრძოლო-მეომრული “ხორუმი“ და  იგი ყოველთვის ქართულ ცეკვად მოიხსენიებოდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ  მოისეეველთა  „ხორუმის“ ცალკეული კომპოზიციური ნაწილების მიმართ სერიოზული შენიშვნები გააჩნდათ ქართველ სპეციალისტებსა და თეორეტიკოსებს.

       საქართველოს  ქორეოგრაფიის  მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი  მიიჩნევს, რომ  ცეკვა „ქართულს“ და სხვა ქართულ ცეკვებს არსად არ  წაუხდეს ისტორიული მხატვრული სახე. ამას კი წარსულიც გვავალებს, რაც მკაფიოდ იხატება გრიგოლ ორბელიანის ნააზრევში: “ ნეტავ ეს ლეკური (ქართული ზ.ლ.) მაინც დარჩეს ჩვენს ქართველობისაგან, რომელიც ასე ადვილად და  დაუდევნელად იცვლის თავის ლამაზ ფერსა“.

         საუკუნის მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე ჩვეული გონიერებით ამბობს: „ ცეკვა „ქართული“ ტარიელის და ნესტან-დარეჯანის ცეკვააო“.

         მართლაც, საოცარი მიგნებაა. გვეძლევა უფლება გავიაზროთ, რომ რუსთაველის „ვეფხიტყაოსნის“ გმირებთან ასოცირებული წყვილური სატრფიალო „ქართული“, ჯერ კიდევ მაშინ  სხივოსნობდა, როდესაც ქართული კულტურა, ხელოვნება, პოეზია  აღმავლობის, გაფურჩქვნის ხანაში იყო და თუ დღეს ამ  ცეკვას სხვა ხალხის ანსამბლები „ქართულის“ სახელწოდებით ასახიერებენ, მართლაც მისასალმებელია.

           ჩვენ დიდ პატივს  ვცემთ მეზობელი ქვეყნის, სომხეთის  ისტორიას, ხელოვნებას, საინტერესო კულტურას, ეროვნულ სიწრფელეს, რაც მკაფიოდ გამოიხატა სომხეთის ქორეოგრაფთა   კავშირის ცნობილ მოღვაწეთა  გამონათქვამებში.  სომეხმა კოლეგებმა სიღრმისეულად განიცადეს „გევორქიანის აკადემიის“ დაუფიქრებელი, ცუდად აწონილი შეცდომა. ეს  კი  მრავლისმაუწყებელია, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს, მოყვრულ დამოკიდებულებას მხოლოდ სიკეთე მოაქვს. ჰოდა, მივსდიოთ და მივყვეთ რუსთაველის შეგონებას: “ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი  ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.“