„... გამაგრდი და სძლიე ბოროტს, კაცი უნდა დარჩე კაცად!..“

                                                    „... გამაგრდი და  სძლიე ბოროტს, კაცი უნდა დარჩე კაცად!..“                       

   ოლეგ ალავიძე

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

„ახალი მესტვირულის“ ტექსტიდან ამონარიდი,  წერილის სათაურად  გამოყენებული ზემოაღნიშნული სტროფი ამავე  პუბლიკაციის  უშუალო ადრესატის რევაზ  ბერაძის(რაჭველის) ერთი ლექსიდანაა აღებული.

 პოეტი კაცი ჯერ საკუთარ თავს , მერე ახლომყოფთ და  ბოლოს, საზოგადოდ, ადამიანებს მოუწოდებს, ერთგულად მიჰყვნენ მამა-პაპათა მიერ ნაანდერძევ გზას,  „ბილწთ არ  შეეკვრენ ზავითა“ და  განსაცდელად გადაყრილნი  „ჭირსა შიგან გამაგრებით“ ბოროტსა სძლიონ  და  „კაცობის“  განმსაზღვრელი სასიმაღლო  ნიშნულიც აუცილებლად შინარჩუნონ. სათქმელად  იოლიაო, იტყვის , ალბათ, ათასგვარ პრობლემას  შეჭიდებული და  ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლაში  ღონემიხდილი ბევრი ჩვენი თანამოქალაქე.

     იტყვის და მართალიც იქნება, რადგან დღევანდელმა  სოციალურმა  ყოფამ ადამიანებს ბევრი ისეთი საზრუნავ-საფიქრალი გაუჩინა, რომელთა  შესახებაც თვით  ჩვენმა გუშინდელმა  წინაპრებმაც კი არ უწყოდნენ რა.

„პატარააო დედამიწა, პლანეტა ჩვენი...“ ბრძანა  ერთხელ  სახალხო მგოსნად  სახელდებულმა  პოეტმა იოსებ ნონეშვილმა.  ბრძანა და  დაფიქრებულმა იქვე  მოუბოდიშა  არსთა  გამრიგის ნების მიხედვით განწყობილ  „დედა  მიწას“, რომელიც, როგორც ნამდვილ დედას  შეშვენის   არა მარტო „გაგვაჩენს“ საწუთისოფლოდ, არამედ ჩვენს შემდგომ    „დარჩენასაც“ აძლევს საზრისსა და ძირითად მიმართულებას.

     დედამიწისმიერი სივრცის, თუ  აქ არსებული  პრობლემების სიდიდე-სიმცირეზე საუბრისას, ადამიანი, ტრადიცია, უნდა  უსათუოდ ითვალისწინებდეს თუ სად დგას თვითონ, რას  ხედავს და რას ჭვრეტს, გავიხსენოთ გოეთეს ცნობილი შედარება-შეფასება ადამიანის არსისა-„ხედვისთვის შობილი, ჭვრეტისთვის ხმობილი“ ან კიდევ რა მიზნით აკვირდება  მოვლენებს.

        ადამიანი, როგორც  შემფასებელი, „მჭვრეტელი“  სუბიექტი, ხშირედ უკიდურესად  ცალმხრივია თავის  მსჯელობებში. ამასაც თავისი გამართლება აქვს, რადგან ნამდვილი ჭეშმარიტება მხოლოდ „ღვათაებრივი გონის“, მხოლოდ  უფლისთვის  მიწვდომადი სფეროა,  ხოლო  ადამიანურ განსჯათა  სიმაღლე, როგორც წესი  ცალმხრიობებს, პირობითობებს, ვითომადა  ყოვლისმომცველ მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც  შეფარდებით დონეს იქით ვეღარ მიდის. ეს  უკანასკნელი სწირედ ისაა, რასაც  ფილოსოფოსები ჭაშმარიტების  რელატურობის ცნებით აღნიშნავენ.

      დაკვირვება აჩვენებს, რომ  რელატივიზმის, ფარდობითობის ეს ხარისხი გაცილებით ხელშესახები და მასშტაბურია, როდესაც მის უკან  მოჭარბებული  ემოციურობით  დაღდასმული შემოქმედი, ხელოვანი, პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი, მოცეკვავე ან  კიდევ მომღერალი დგას.

      პრეტენზია არ მაქვს ვამტკიცო, რომ  წინემდებარე  წერილში გამოთქმული ჩემეული დაკვირვებები და  დასკვნები თავაისუფალი იქნება ზემოაღნიშნული რელატივიზმსაგან, მაგრამ ის  ღრმად მწამს, რომ  ამ ქვეყნად ადამიანის, მათ შორის თითოეული ჩვენთაგანის ყოფას, გარკვეული მიმართულებით  აქტივობას და  პროფესიულ ჯახირს საზრისი დაეკარგებოდა, თუ კი  გვერდით მოღვაწე საინტერესო ადამიანების სიყვარულით სავსე საქმიანობას ვერ შეამჩნევდი და მათთვის გვერდში ამოდგომა, თანდაც ტკბილი სიტყვის  შეშველება დაგენანებოდა.

      იქნებ  მკრეხელობაც კი იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ არც იმის  უთქმელობა იქნება, რომ  სამყაროს შემოქმედმა, ბუნებრივია, სწორედ გაარიგა, როდესაც იმთავითვე გამორიცხა ქვეყნად თუნდაც ორი ერთნაირი, აბსოლუტურად იდენტური ადამიანის მოვლინების შესაძლებლობა. ამიტომაცაა, რომ ადამიანები სხვადასხვა ამპლუაში, სხვადასხვა  მასშტაბებში ცხოვრობენ, საქმიანობენ და  თავის წილ საკეთებელს  ხან ხმაურით, ხანაც  ჩუმად, თავდადრეკით აკეთებენ.

 გადის დრო და  როდესაც გაკეთებული საქმეებით საზოგადოებისათვის  მოგვრილი სარგებლის მოგროვების ეტაპი, აუცილებლად დგება, აღმოჩნდება რომ ვიღაც უფრო მეტი  ტვირთი უზიდავს, ვიღაცას კარგი შვილები და მოწაფეები გაუზრდია, ვიღაცას ხე დაურგავს, გზა  გაუყვანია და მისი წილი სოფელ-ქვეყანა ფეხზე დაუყენებია, გაჭირვებულისათვის ხელი გაუმართავს და ლუკმა  მიუწოდებია, ვიღაცას კიდე საკუთარ  ეპოქაზე, საკუთარ ქვეყანაზე უკეთ უცხოვრია, ლუარსაბივით  ჭამა--სმაში დანთქმულა, სიმდიდრეც უგროვებია, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ოხრად დარჩენია, ვერც გაუხარია და ვერც უფლის სამსჯავროს მოსყიდავა მოუხეხებია.

ქართული სიტყვის   ჭეშმარიტი მოჭირნახულე და მისი  ჭაშნაგირი დიდი  კ. გამსახურდია თავის ერთ-ერთ  მოგონებაში ბრძანებს: ჯერ მხოლოდ „დიდოსტატის მარჯვენა“  მქონდა  გამოქვეყნებული, როდესაც მწერალთა ერთ, მორიგ შეკრებაზე „არსენა მარაბდელის“ ავტორს  ხალხოსნური იდეების   პროპაგანდისაკენ მიდრეკილი საქციელის გამო ვუსაყვედურეო. პასუხად  საყვედურის ადრესატმა თავისთვის  ჩაილაპარაკა- რას იზამ ცხოვრება ასეა მოწყობილი, ზოგი დიდს აიკიდებს და ზოგიც პატარასო.  მივხვდი  ქარაგმის შინაარსს, აღარც ჭირვეულობა დამიწყია, საკუთარ თავს შევუძახე და სულ მალე მკითხველის სამსჯავროზე  ტეტრალოგია „დავით აღმაშნებელი“ წარვადგინეო.

    ზემოთაც ვთქვი და ახლაც უნდა  გავიმეორო- ასეთი  სიმაღლეებისათვის  შეჭიდება ყველას, ბუნებრივია არ ძალუძს, მაგრამ ეს არც დასაძრახისია და არც კიდევ გულის გასატეხი ფაქტი. ყველას თავისი განზომილება აქვს და კაცობის არსიც იმაშია, რომ ცდა არ დააკლო, დრო ფუჭად არ დაკარგო და რასაც აკეთებ, რაც საშენოა და რისთვისაც მოწოდებული ხარ „ლაზათიანად აკეთო“.

მკითხველს ვთხოვთ ის რაც აქამდე ვთქვი ერთგვარ შესავლად ჩამითვალოს, შესავლად წერილისა, რომელიც, როგორც უკვე ითქვა კარგ მოყმესა და მამულიშვილს, პოეტს, მუსიკოსსა და ქორეოგრაფს, უბრალოდ ღირსეულ კაცს რევაზ ბერაძეს ეძღვნება.

შტრიხები პორტრეტისათვის...

რეზო ბერაძე (რაჭველი), დღეისათვის შვიდ ათეულ წელს მიტანებული, ყველა ქართველისათვის საყვარელი და ძვირფასი რაჭის მიწაზე დაბადებული და იქვე ბავშვობაგატარებული კაცია. შვიდი ათეული წელი კი ვახსენე, თუმც ვინც ბატონ რეზოს იცნობს, უთუოდ დამემოწმება - ასაკისა ამ კაცს არაფერი ეტყობა, რადგან კვლავაც ახალგაზრდული შემართებით, ენერგიულად ემსახურება მისთვის საფიცარ სამშობლო-საქართველოს, მშობლიურ რაჭას და, რაღა თქმა უნდა, უაღრესად ძვირფას ფოლკლორულ ხელოვნებას. ქართული ლექსი, ცეკვა და სტვირ-მესტვირეობა არის მისი ფიქრის საგანი. რაც შეეხება საზრუნავს დღენიდაგ იმისთვის ირჯება, როგორ აზიაროს ამ სილამაზეს თუ სულიერებას მომავალი თაობა, როგორ გაუღვივოს მათ ყველაფერი იმის სიყვარული რაც უსწავლია. გაუსიგრძეგანებია და რაც დასავიწყებლად არამც და არამც არ ემეტება.

       რეზო ბერაძე მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული კაცია. არის პოეტი, დრამატურგი, პროფესიონალი გესტვირე, გამოცდილი და წარმატებული პედაგოგ-ქორეოგრაფი, სახელმწიფო საქმეების კეთებაში გამოწრთობილი სამეურნეო მოღვაწე. საკუთარი გვარ-სახელის გვერდით, ხშირად იყენებს ფსევდონიმებს „რევაზ ბერისანი“ და „რეზო რაჭველი“. ამ ცოტა ხნის წინ მისი სრული ბიოგრაფიული პორტრეტი დაიბეჭდა ნინო რეხვიაშვილის საავტორო წიგნ-ჟურნაში („რაჭველები“ ტ. II, გვ. 53-53) უზუსტობათა თავიდან ასაცილებლად შევეცდებით სწორედ აღნიშნული ტექსტის გამოყენებას.

რეზო ბერაძე დაიბადა 1944 წელს ამბროლაურის რ-ნის სოფ. პატარა ონში. აქვე მიიღო პირველი სწავლა-განათლება. ახალგაზრდამ დაამთავრა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი და რომ იტყვიან ჭაბუკობიდანვე ჩაება შრომის ფერხულში. 1962 წელს მან მუშაობა დაიწყო ამროლაურის კულტურის სახლის ქორეოგრაფად, ამასთან პარალელურად იყო ამბროლაურის და ჭრებალოს საშუალო სკოლების  და ამბროლაურის სამეურნეო ტექნიკუმის, სხვა სკოლების ცეკვის მასწავლებელი. ამავე წლებში გახდა ამბროლაურისა და ონის სახალხო თეატრების მსახიობი. იმ დროს რაჭაში მოღვაწეობდა შესანიშნავი რეჟისორი გიგა ჯაფარიე. რეზო ბერაძემ მისგან სრულყოფილად ისწავლა გუდასტვირის დაკვრაც და ხშირად გამოდიოდა მაყურებლის წინაშეც. რეზო ბერაძემ დაარსების დღიდან იყო ამბროლაურის ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლ „რაშოვდას“ წევრი. ეს ანსამბლი ძალიან პოპულარული იყო მთელ საქართველოში. ჭრებალოს კულტურის სახლის დირექტორად დანიშვნის შემდეგ რეზო ბერაძემ თვითონ ჩამოაყალიბა ვოკლაურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ასკრიონი“, რომელიც ასევე პოპულარული იყო მთელ რაჭაში. რეზო ბერაძეს სურდა ექიმობა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო მან ეს სურვილი ვერ შეისრულა. მაგრამ უმაღლესი განათლება მაინც მიიღო, დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი.

1980 წელს მას რაიონის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის დაჟინებითი მოთხოვნის შემდეგ იგი დათანხმდა და აირჩეს საკუთარი სოფლის, აგრეთვე ღადიშის, ტბეთის, ქვედა შავრის და ბაჯის გაერთიანებული კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარედ.

რეზო ბერაძე ღირსეული ორაგნიზატორი გამოდგა და კოლმეურენეობამ მალე მიაღწია წარამტებებს. ამ კოლმეურნეობის შესახებ წერდნენ რესპუბლიკის მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები, ეწყობოდა გადაცემები რადიოსა და ტელევიზიაში. მალე იგი აღნიშნული სოფლების მაცხოვრებელთა ნამდვილი ლიდერი გახდა. სამი წელი იმუშავა ბატონმა რეზომ ამ თანამდებობაზე და შემდეგ იგი გადაიყვანეს ამბროლაურის სოფლის მეურნობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მექანიზაციის დარგში. ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ, როგორც კარგი ორგანიზატორი, ამბროლაურის რაიონის, ხიდიკარის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ გაამწესეს. ეს კოლმეურნეობა თავის დროზე ერთ-ერთი მოწინავე იყო მთელ რაჭაში. ბატონმა რეზომ აქაც თავი გამოიჩინა და კოლმეურეობამ შეძლო კვლავ დაებრუნებინა დაკარგული დიდება. რეზო ბერაძე ამის გამო კვლავ დააწინაურეს, იგი ამბროლაურის ავტოსატრანსპორტო პარკის, რემონტისა და ექსპლოატავიის საწარმოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 4 წელი იმუშავა და აქაც რა თქმა უნდა, დიდი წარმატებით. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე რეზო ბერაძე ჯერ ამბროლაურის კინოფიკაციის დირექტორია, შემდეგ კი ხიდიკარის გამგებელი. აქედან იგი ამბროლაურის რაიონის ენერგოგასაღების გენერალურ დირექტორად გადაიყვანეს. ამ თანამდებობაზე მან იმუშავა მხოლოდ 8 თვე... ეს ის პერიოდი იყო, როცა მთელ საქართველოში დიდმა სიდუხჭირემ დაისადგურა. სოფლადაც მომრავლდნენ მაფიოზური კლანები. ასეთი მაფიოზური დაჯგუფებები მოქმედებენ ენერგეტიკაშიც... ცხადია, სიღატაკის პირას მისული მოსახლეობა ვერ ახერხებდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას, ამიტომ ზემდგომი ორგანოებიდან იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ ურჩი გადამხდელებისათვის, როგორც მაშინ უწოდებდნენ, შეეწყვიტათ შუქის მიწოდება. რეზო ბერაძემ ეს დავალება არ შეასრულა და მისი ამ „დანაშაულის“ გამო ჯერ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, ზემდგომი ორგანოებიდან, შემდეგ კი დედაქალაქში დაიბარეს და სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. რაიონში დაბრუნებისთანავე რეზო ბერაძემ დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამიტომ იძულებული გახდა თვითნებურად დაეტოვებინა სამსახური. ეს ის პერიოდი იყო, როცა რეზო ბერაძე ამ სამეურნეო საქმიანობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ხელოვნების სფეროში. იყო ისეთი დღეებიც, როცა კომეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობის დროს ამბროლაურიდან ონში ღამის საათებში ადიოდა თეატრის რეპეტიციებისათვის. ყოველ დადგმაში მას უთუოდ როლს სთავაზობდნენ. ბატონი გიგა ჯაფარიძე დიდ პატივს სცემდა მის მოღვაწეობას. 2004 წლიდან რეზო ბერაძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და თავისი მოღვაწეობა მთლიანად ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას დაუკავშირა. რეზო ბერაძე თბილისის #162 საჯარო სკოლაში მუშაობს ცეკვის მასწავლებლად. მას დაარსებული აქვს საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია „ივერია“ და ანსამბლი „ივერია პლიუსი“, რომელიც ჩვენი სასახელო თანამემამულის, სუხიშვილების ანსამბლის ლეგენდარული წევრის, სახლხო არტისტ თენგიზ უთმელიძის სახელს ატარებს.

ანსამბლი „ივერია პლიუსი“ საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ბავშვთა ანსამბლებს შორის. რეზო ბერაძე ამაგდარი ხელოვანი და მოღვაწეა. მას რაჭაში ქორეოგრაფად მოღვაწეობის პერიოდში აღზრდილი ჰყავს ასობით მოცეკვავე, რომელთა შორის არიან სახელმწიფო ანსამბლების მოქმედი მოცეკვავეები, ზოგიერთი მათგანი ცეკვის გამოჩენილი პედაგოგია, ასეთები არაინ მაგალითად, ავთანდილ გაგოშიძე, მალხაზ ავალიანი, დათუნიკა სხირტლაძე და სხვები.

2010 წელს ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად დააფასა რეზო ბერაძის ღვაწლი ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის, მისი ტრადიციების შენარჩუნებისა და ბავშვთა ესთეტიკური აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის და იგი ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

რეზო ბერაძის მთავარი გატაცება იყო პოეზია და დრამატურგია. ასე გახდა იგი რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო თეატრებმა კი დადგეს მისი დრამატული ნაწარმოებები. რეზო ბერაძე სამი თეატრალური პიესის ავტორი გახლავთ და თავისი გუდასტვირითაც მთელი საქართველო აქვს შემოვლილი. სტვირზე დამღერებული მისი ლექსები სამშობლოს სიყვარულითა და პატიოსნების ქადაგებით არის აღსავსე. მისასალმებელია, რომ ამ ტრადიციას განაგრძობს მისი ვაჟიშვილი დათო ბერაძე.

ფაქტების მშრალ ენას თუ დავუჯერებთ ძირითადი და უმტავრესი სწორედ აქ მოტანილი ინფორმაციაა, რომელიც რეზო ბერაძეს როგორც მოქალაქეს, მოღვაწესა და მამულიშვილს გვაცნობს. ეს კი ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ადამიანი, როგორც პიროვნება სწორედ ამის მერე იწყება, ამგვარი ფაქტობრივი ვითარების იქეთ საცმაურდება. რა აფიქრებს, რა უხარია, რას ჩაჰკირკიტებს, რისთვის და ვისთვის ირჯება, რა მწვერვალების დაპყრობა აინტერესებს, რა მიზნები ამოქმედებს... აი, სწორედ ეს მახასიათებლები წარმოაჩენს პიროვნებას, როგორც მთელსა და განუყოფელს. თუ ამ კრიტერიუმებით შევხედავთ და მათი გათვალისწინებით ავაგებთ რეზო ბერაძის პიროვნებისეული კონსტიტუციას, ფრიად საინტერესო შედეგის მოწმენი გავხდებით. ამაში მის ლექსები და იქედან აღებული ამონაკრები სტრიქონებიც დაგვეხმარება.

„... ვცხოვრობ ნაბადშიმ სტვირის ამარა,

მიწაში არ ვფლავ ასს და ათასებს.

მყოფნის კალმახის ერთი კამარა,

მთელს ჩემს სიცოცხლედ და სილამაზედ.

არავის ვაძლევ იმის უფლებას,

ვალად ამიგოს ოქროს სასახლე!

პატარა ჩიტის თავისუფლება

მყოფნის სიცოცხლედ და სილამაზედ.“

ან კიდევ: „... კაცი უკეთესს ვერას ინატრებს,

                   სუფთა ქართულ სისხლს თუ გრძნობ ძარღვებში.

                   სამშობლო გულით უნდა გიყვარდეს,

                   ეს პირველია, და - უმთავრესი.“

„სამშობლო“, „ეროვნულობა“, „თვითმყობადობა“, მომავალი თაობისათვის საუკეთესო ფასეულობების გადაცემის აუცილებლობის მაღალი შეგნება და სხვა მისი მსგავსი საფიქრალი წითელ ზოლად გასდევს რევაზ ბერაძის, იგივე რაჭველისა თუ ბერისანის ლექსთა სტრიქონებს. უხარია, რომ კარგი თაობები გვეზრდება, ოღონდ მათ კარგი გამძღოლიც უნდა გამოუჩნდეს და მალი-მალ შეუძახოს, კიდევაც!

„ბიჭო, ცის ერთი წვეთი ხარ,

გვალვაში მოხველ ნამადა;

კიდევ ჰო, თუნდაც ერთ ყვავილს,

თუ წაადგები წამლადა!

მტერს თუ მიუზღავ თავისას,

დილას უთენებ შავადა,

მამულზე ფიქრის თუ დაგწვავს

ბერი თევდორეს დარადა...“

სწუხს, რომ საუბედუროდ ბევრი უკეთურიც მოგვიმრავლდა და ჩვენს ხასიათსაც რაღაც დაემართა, რატომღაც მიდრეკილნი გავხდით უარყოფითისკენ:

„... რა გვემართება, ეს რა გვჭირს, სულ ეს ფიქრები მაწვალებს,

სტუმარს თან ვყვებით, სახლში კი შინაურს ვუთხრით სამარეს.

ალბათ ჯიში გვაქვს ასეთი, თუნდაც ჩვენ გენი ვუწოდოთ,

საკუთარს აღარ ვაფასებთ, სხვას პატივსა ვცემთ უზომოდ...“

პოეტი ღრმადაა დარწმუნებული, რომ დანებება არ შეიძლება, საჭიროა ბრძოლა, შრომა და ომახიანი შეძახილი. საკუთარ საქმედ და საკეთებლადაც სწორედ ეს მიაჩნია. ამიტომაც ამბობს თავის „მესტვირულში“:

„მესტვირე ვარ ჩემი ქვეყნის, ერთი ვყავარ დედასაო!

სანამ ვცოცხლობ, არ მოვიშლი სიმღერას და ცეკვასაო,

მტრის ჯინაძე არა ვტოვებ მშობლიურსა კერასაო,

საიქიოს არ წაიღებ ბეწვისტოლა წყენასაო.

მივდივარ და თქვენ გიტოვებთ რწმენასა და ენასაო,

ვინც მე ამას შემინახავს, დღეგრძელობა ყველასაო!

რაკი სიტყვამ მოიტანა ბარეღამ უნდა ვთვათ, რომ რაჭველებზე, ფოლკლორული კულტურისადმი მათ დიდ სიყვარულზე საუბარი, უბრალოდ უფერული გამოვა სტვირ-მესტვირეობაზე ყურადღების გამახვილების გარეშე.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ რეზო ბერაძე ჯაფარიძეთა დიდებული ოჯახის ტრადიციაზე აღზრდილი მესტვირეა. სწორედ, მათი განსაკუთრებით კი გიგა ჯაფარაძის უშუალო მეთვალყურეობით ისწავლა ჯერ კიდევ სრულად ახალგზარდა კაცმა აღნიშნული ხელობა, გაითავისა იგი, საკუთარიც შემატა და ჭეშმარიტი ხელოვნების დონემდეც მივიდა.

სტვირს, როგორც ხმოვან საკრავს, როგორც სამხედრო-სპროტული აპარეზობასა და ნამდვილ საომარ მოქმედებებში გამოსაყენებელ ინსტრუმენტს ქართული ყოფა უხსოვარი დროიდან იცნობს. რაც შეეხება მის ერთ-ერთ სახეობას „გაუდა-სტვირს“, მართალია მისი წარმოშობის ქვედა ზღვარის თაობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ის კი ვიცით, რომ სულ მცირე 5-6 საუკუნეა რაც აღნიშნული ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება ქართულ ყოფა-ცხოვრებაში. უფრო მეტიც, გვიან საუკუნეებში სტვირ-მესტვირეობა გარკვეული დატვირთვის მატარებელ პროფესიულ საქმიანობადაც კი იქცა. ჯერ კიდევ ივ.ჯავახიშვილმა შინიშნა, რომ თეიმურაზ პირველამდე „გუდა-სტვირის“ შესახებ დოკუმენტური წყაროები არ ჩანს. პირველად იგი „ლეილ-მაჯნუნიანში“ გვხდება, სამწუხაროდ მისი ხსენება არ არის სულხან საბა ორბელიანთან, თუმცა ჭიმონის განმარტებაში მითითებულია: ჭიმონი, გუდასტვრა, გუდასტვრი.

ამჟამადო, წერს ივ. ჯავახიშვილი, - გუდა სტვირი მხოლოდ მესხეთში, ქართლში, რაჭასა და აჭარაშიღაა შერჩენილი, წინათ-კი მთელ აღმოსავლეთ საქართველოშიც ყოფილა გავრცელებული.

რაჭაში გუდა-სტვირს შტვირი ან საზანდარი ეწოდება. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით მისი გავრცელება მთელს რაჭაში სოფ. ფარახეთიდან დაიწყო. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს 82 წლის მოხუცის „ნიკო ტოგონიოძის ნათქვამი, რომლის მიხედვითაც „შტვირი“ უფრო ძველი სახელია და მისი კეთების ტრადიცა გორიდან მოდის. აქ იმ დროისათვის ვინმე ალექსი ყოფილა (ოქრომჭედელი და მეშტვირე), რომელიც საცხოვრებლად თელავში გადასულა და იქ გაუგრძელებია მამა-პაპათა ხელობა. თვითონ ნიკას შტვირზე დაკვრა მამისგან უსწავლია. სამწუხაროდ, ჩვენთვის მისაწვდომი დროის თვალსაწიერზე წინამავალ დამკვრელთა ვინაობა დაკარგულია, სამაგიეროდ ვიცით ვინ იყო, თითქმის ბოლო სახალხო ოსტატთაგან. ეს არის ზაქარია ერაძე, რომელზედაც ხალხს უთქვამს: „ღმერთმა დიდხანს ადღეგრძელოს, ზაქარია ერაძეო“;

ბულბულიც კი ჩუმდებოდა მისი სტვირის ჟღურაზეო“. მოხდა ისე, რომ ზაქარიას თავისი მხცოვანი ასაკის გამო, შეიძლება თან წაეღო სტვირ-მესტვირეობის საიდუმლო. მაგრამ უფალმა სხვადასხვა განსჯა. ზაქარიასგან ჯერ შალვა ჯაფარიძემ ისწავლა, მან თავის ძმას გიგას ასწავლა ეს საქმე და ასე თანდათანობით მესტვირეობის საიდუმლო გაცოცხლდა. რეზო ბერაძე სწორედ გიგა ჯაფარიძის მოსწავლეა. საზოგადოდ კი, შემთხვევით სულაც არ არის ის ამბავი, რომ ბატონი რეზო სტვირ-მესტვირეობით დაინტერესდა. ის ხომ თავისი შინაგანი ბუნებით ჭეშმარიტი ფოლკლორისტია და ამ საქმეში, სადღეისოდ დიდ გამოცდილებაც ფლობს.

ისტორიულკად მუდამ ასე ხდებოდა-თემში, სოფელში, თვით გვიან საუკუნეებამდეც კი ლექსითა და ცეკვით, სიმღერითა და შაირით დაკავებული პროფესიულად გამწესებული პიროვნება სად მოღვაწეობდა. ეს იყო ყოველდღიური საქმეებით დაკავებული მეურნე კაცი, ოჯახის მარჩენალი და ამავდროულად სპეციფიკური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც მოლექსეც იყო, მეიგავეც, ხელის გამშლელიც და საერთოდ, ყოველგვარი საქმის მონაწილე გულში ჩასახუტებელი პიროვნება. მის საქმიანობას განსაკუთრებული ფასი სოფლის დღეობაზე, საუფლო დღესასწაულებზე, ქორწილ-ნათლობაში, სტუმრიანობაში, სტუმრიანობისა თუ ძეობებში ჰქონდა. სტვირ-მესტვირეობაც ასე იყო. რაჭის თემში ამ საქმისათვის გამწესებული კაცები დიდად საყვარელ სტუმრად იქცეოდნენ, მომეტებულად შემოდგომის მიწურულიდან, და გრძელი ზამთრის მთვლემარე სიმყუდროეში, როდესაც გლეხკაცი მთელი წლის ჭირნახულს დააბინავებდა, ბეღელ-მარანს აავსებდა, ახლადდაწურულ თუმცა უკვე დამდგარი ღვინით სავსე, აყალო მიწით პირმოკრულ ქცვევრს საშუშს შემოაცლიდა, სამზადში რცხილისა და წიფლის ანათალი ტკეჩის, ბოლზე ფერნაცვალი შაშხის მოზრდილ ნაჭერს ცეცხლთან მრავალგზის ნაბრძოლი, გარედან შესავებულ კარდალაში მოთუხთუხე წყალში მოათავსებდა და  უკვე ხვავრიელად დათოვლილ ეზოში შემოსასვლელ ჭიშკარს მალი-მალ გახედავდა მოკეთის მოლოდინში. მალე ეს უკანასკნელიც გამოჩნდებოდა მეზობლებიც არ დაახანდებდნენ და აბა, მაშინ იყო თუ იყო სასურველი-სანატრელი მესტვირე-მელექსის შემობრძანება.

„გამთენიით გამოვედი, ზეიმი რომ მოგილოცოთ;

ბეჩა რამდენი ყოფილხართ, ყველას

ქვე რაფერ გაკოცოთ“ - შემობიჯებასთამ ერთად იწყებდა მსტვირე. ასეთ დროს ყველა შემოქმედი ხდება, ვინ თბილი და ტკბილი სიტყვისა, ვინ მოგონებით შეეშველება საერთო სიხარულს, ვინ საკაიკაცო ლექსს წარმოთქვამს, ვიღაც კიდევ ზარხოშად მყოფი ხელს გაშლის და ქალ-რძალს საცეკვაოდ გამოიწვევს...

ყველაფერს ამას მოზარდებით უყურებენ იმახსოვრებენ და სამომავლო თადარიგს იჭერენ. ხვალ-ზეგ მათ იგივეს გაკეთება მოუწევთ. ასე გადის დრო და ივსება ადამიანების მეხსიერება, ყალიბდება ფოლკლორული ტრადიციები. ახლა კალენდარზე უკვე სხვა დროა და ამიტომაც ფოლკლორის მაცოცხლებელი სურნელს მომდევნო თაობებისათვის გადაცემას უკვე საგანგებოდ ორგანიზებული გარემო ესაჭიროება. რეზო მასწავლებელს ეს კარგად აქვს გატავალისწინებული და ამიტომაც მუდამ ერთგულად მისდევს ნაცად გზას- ანსამბლის წევრები ვარჯიშის ეშხში შევლენ თუარა ტემპს ოდნავ შეანელებს, აქტიური ფიზიკურ დატვირთვას ეროვნული მუხტის მატარებელ მცირე, მაგრამ ღრმაშინაარსიანი საუბარს შეუნაცვლებს. ამის მერე კი ყველაფერი ძველ კალაპოტს უბრუნდება. ასე გრძელდება მანამ სანამ მოზარდის გული, გრძნობა და გონება ყველა აუცილებელი საზრდოთი არ დაკმაყოფილდება.

აღნიშნული მიმართულებით აქტიურ როლში შესული რეზო მასწავალებელი მართლაც რომ დიდი პედაგოგებისა და ჭეშმარიტი ფოლკლორისტების ღირესული მემკვიდრეა.

ჩვენი საუბარი რევაზ ბერაძის პიროვნების ირგვლივ სრულყოფილი არ იქნება თუ კი ყურადღების მიღმა დავტოვებთ ხასიათის ბევრ ისეთ თვისებას, რომელიც ხაზს უსმავს და საცნაურს ხდის მის ადამიანურ ბუნებას. ზემოთ უკვე აღნიშნა, რომ რეზო ოდენ პოეტი, ფოლკლორისტი და აღმზრდელ მასწავლებელი როდია, იგი უბრალოებითა და თავმდაბლობით გამორჩეული გულღია, გულმართალი, პურადი, ქარათუილი სუფრის პატივისმცემელი, ტრადიციების მოყვარული კაცია. ბატონი რეზო ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ხშირი სტუმარია და ვერ ვიხსენებ შემთხვევას კოლეგებს მოსანახულებლად ხელცარიელი უფრო სწორად ხელდამშვენებული არ შემოსულიყოს. ხან ცხელ-ცხელი ღობიანები უჭირავს ხელთ, ხანაც ნამცხვარს, ხილისა და ჩურჩხელას, ან კიდევ ჩაისა და ყავასი ისაგზალებს. მოგეხსენებათ რაოდენ გემრიელია ყოველგვარი ე.წ. სასუსნავი სამსახურებრივ გარემოში. ამას წინათ საკუთარი ლექსების კრებულისათვის გამიზნული ლირკის ნიმუშების ამონაბეჭდებით გვესტუმრა. ბვერი ვისაუბრეთ, სხვა რაჭველი ქორეოგრაფ-მოცაკვავენიც ეხვევნენ გამას. ამით ვისარგებლე და ქაღალდებში თავჩარგულმა ხუმრობანარევი კილოთი უფრო იმათ გასაგონად. ვთქვი - ძუნწები ხართ, მეთი რაჭველები! იჩქვიფეს ქვე რომ გაფიქრებინა ეგ შე კაცოო?! მე რა, განა მე ვამბობ, უბრალოდ, დიდი ილიას სიტყვებს ვიმეორებ და მეტი არაფერი, მეთქი. დაინტერესდნენ. მივხვდი, რომ საქმე უკეთესობისაკენ წავიდა და მართლაც გავიმეორე ილიას ნათქვამი: „რაჭველი თავშენახული, შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი, გონიერად ხელმოჭერილი და ხელღონიერი კაცია...“ ეს კი ვთქვი, მაგრამ ვიეშმაკე და ილიას ნათქვამიდან სიტყვა „გონიერად“ განგებ გამოვტოვე: ამით კი ისე გამოვიდა, რომ „რაჭველი კაცი მშრომელი კია მაგრამ დამზოგველი და ხელმოჭერილია“.

მთლად მასეთნაირად არ იქნება ნათქვამიო, შეეჭვდა ბატონი რეზო. მეც იხტიბარი ვითომ აღარ გავიტეხე და ვუთხარი: ერთი ცნობილი ლექსის შესავალსაც გაგახსენებ, მესტვირე კაცი ხარ და იქნებ გეცნოს მეთქი. აბა რომელიაო?

„ო, დიდება ღმერთსაო

კიდევ დავლევ ერთსაო,

ორივე ხელს მოვკიდებ

რომ არ დამექცესაო“.

აბა, ეგ რაღა არის თუ არა უბრალო სიძუნწემეთქი, მაგ ლექსის ბევრი ვარიანტი არსებობს, ბევრი იცინის, თანაც გულიანად, ბოლოს ისევ რეზომ იმარჯვა და ბარემ ისიც მითხარი ბოლოში რა არისო ნათქვამი. რაღა ძალა იყო და მოვახსენე:

„აშენდა ჩვენი ოჯახი

აშენდა ჩვენი კერაო,

სახარებაშიც წერია

სტუმრის პატივისცემაო!...“

ახლა კი გაიხარეს რაჭველებმა, ე, ჩვენც მანდა ვართ ამდენი მასპინძელი ხართ და ღირსეულად რატომ ვერ დაგვხვდით სტუმრებსოი, მათ უფრო, რომ სახარებაშიც ყოფილა ეგ ამბავი ჩაწერილიო. თავი იმითღა ვიმართლე, რომ ვუთხარი: ქორეოგრაფთა შემოქმედებით კავშირში. ქორეოგრაფიულ ხელოვნებასთან ახლო მყოფი ნებისმიერი ადამიანი სტუმრად არ ითვლება, აქ ყველა მასპინძელია, მეთქი.

თქვენ წარმოიდგინეთ არგუმენტმა გაჭრა. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, საქმეებიც მივალაგეთ და ბატონმა რეზომ მოიმიზეზა ახლა კი დროა ლექსების ქსეროასლები გავაკეთოო. თითქოს გამოგვემშვიდობა, კიდბეებზე დაუშვა და სულ რამდენიმე წუთში გაბეჭდილ ლექსებთან ერთად ხორაგით სულდამშვენებულიც დაგვიბრუნდა.

საუბარი კვლავ გაგრძელდა და მაშინ იყო სწორედ გოდერძი ჩოხელის დარდების შემგროვებელით რომ ვკითხე ახლა რაზე ფიქრობ, რა გაწუხებს მეთქი. შეკითხვა იმან წარმოშვა, რომ მისი საყვარელი ფრაზის „ჰაი დედასა მტრისასა...“ წარმოტქმის მერე თვალებში ჩამდგარი მსუბუქი სევდის ნაკვალევი შევნიშნე.

რაჭის დაცარიელებას, მის გათითოკაცებას შევყურებ, მოხუცების ამარა დარჩენილი ჩემი კუთხის ბედი მაფიქსირებსო. ოფიცალური სტატისტიკით მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით 800 ადამიანი იხოცება და 300 იბადება, რიღასი იმედი უნდა გქონდესო.

რა უნდა მეპასუხა! დღევანდელი რაჭა-ლეჩხუმის გამყოფი ქედის კალათაზე გაშლილ სოფელში დაბადებული და ბავშვობის წლებგატარებული კაცი ვარ. ჩემთვისაც ტკივილამდე მახლობელია ეს პრობლემა. უბედურება კი ისაა, რომ ამ ტკივილიდან თავის დახსნის არც გზა იცის ვინმემ და არც წამალი. „მთის კანონის“ მიღებას აპირებენო - ბოლო იმედს ჩაჭიდებული ბავშვივით შემომღაღადა რეზომ. რაც ტავი მახსოვს მუდამ ამ კანონზეა საუბარი და მის მიღება - ამოქმედებას საშველი არ დაადგა. არადა მარტო რაჭის პრობლემა ხომ არ დგას! რა ეშველება იგივე ლეჩხუმსა და სვანეთს, ფშავ-ხევსირეთსა და მთათუშეთს? დიდი თურქობის გზა-შარას ადევნებული თუ მისკენ მიბრუნებული აჭარის საქმე როგორღა იქნება? ის კი არა და ბარის სოფლების საქმეც ვეღარ მიდის კარგად... მგონი წყალში იყრება ყველაფერი, რასაც საქართველომ თუნდაც XX ს-ის მანძილზე მიაღწია.

აბა, პოეტ კაცს ული როგორც არ მეტკინება, ასეთი სურათის შემყურეს.