წინამდებარე დამხმარე სახლმძღვანელო შენთვის შეიქმნა. მართალია, შენ ჩემთვის სულაც არ გითხოვია, გინდა თუ არა სახელმძღვანელო წიგნი დამიწერეო, მაგრამ მე ცეკვის მასწავლებლებთან ერთად მაინც მომივიდა ასეთი აზრი და განზრახვაც სისრულეში მოვიყვანე. ასე კი იმიტომ მოვიქეცი, რომ ჩვენ, მეცნიერ-მკვლევარებმა, მასწავლებლებმა, ქორეოგრაფ- პედაგოგებმა, ქორეოგრაფ-რეპეტიტორებმა გამოცდილებით ვიცით - ყველამ, ვისაც ცეკვის ხელოვნებაში წარმატების მიღწევა სურს, პრაქტიკული საცეკვაო ილეთებისა და მოძრაობების შესწავლასთან ერთად სათანადო თეორიული ცოდნაც უნდა შეიძინოს. აუცილებელია გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს საცეკვაო ტერმინების, ცალკეული ცეკვების ისტორიისა თუ გამოჩენილ ოსტატ-შემსრულებელთა გვარ-სახელების, ასევე მათ მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ. ყველაფერ ამას შენი ქორეოგრაფ-პედაგოგი ისედაც მოგითხრობს, მაგრამ დამახსოვრებაც ხომ საჭიროა! სახელმძღვანელოს გვერდებს კი როცა მოგესურვება მაშინ მიუბრუნდები, ერთხელ მიღებულ ცოდნას სურვილისამებრ აღიდგენ და განიმტკიცებ.
დარწმუნებული ვარ, წიგნთან ისედაც მეგობრობ და წიგნზე მუშაობასაც შეჩვეული ხარ. შენ ხომ უამრავი სახელმძღვანელო და ზღაპარ-მოთხრობების წიგნი გაქვს! ამიერიდან, რაკი ქორეოგრაფიული სტუდიის ან ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი ხარ, ან კიდევ იქ ცეკვას აპირებ, შენ ისეთი სახელმძღვანელო წიგნიც დაგჭირდება, სადაც სწორედ საცეკვაო ხელოვნებაზე იქნება საუბარი. ამ წიგნში ჩვენი საუბრის თემა იქნება: ცეკვა, ქორეოგრაფია, პედაგოგ-ქორეოგრაფი, ქორეოგრაფიული სტუდია, ქორეოგრაფიული ანსამბლი, ცეკვის ხელოვნება..
განაგრძეთ კითხვა