რე დაქ ტო რი სა გან
ლილი გვარამაძის ქართული ხალხური
ცეკვით გასრულდა ქართული ქორეოკულტურის შესახებ სამტომეულის
გამოცემა. ავთანდილ თათარაძისა (2010) და დავით ჯავრიშვილის
(2018) ნაღვაწს უკვე ლილი გვარამაძის მეცნიერული
ნააზრევიც დაუმშვენებს მხარს. უდავოა, რომ ეს გამოცემები
საეტაპო ნაშრომებია ქართულ ქორეოგრაფიასა და ქორეოლოგიაში.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ მოკლე
დროში სამი მნიშვნელოვანი ავტორის გამოცემა შეძლო, თანაც ქართული
საცეკვაო ფოლკლორი არაა განებივრებული მსგავს ნაშრომთა
გამოქვეყნებით.
ლილი გვარამაძის ქართული ხალხური
ქორეოგრაფია (ძირითადი საკითხები) 1957 წელს გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხშირად იბეჭდებოდა
პერიოდულ გამოცემებში (განსაკუთრებით საბჭოთა ხელოვნებაში), ამ
წიგნის გადამუშავებული და შევსებული ვერსია მხოლოდ ოცდაათი წლის
შემდეგ დაისტამბა _ 1987 წელს _ რუსულად. ერთი შეხედვით, თითქოს ეს
ერთი და იგივე ვარიანტია, უფრო სრულყოფილი და გავრცობილი,
მაგრამ ავტორმა უარი თქვა ფერხულთა თავდაპირველ კლასიფიკაციაზე
და პირდაპირ სამონადირეო ფერხულებით (მონადირეთა ცეკვებით) _ შუშპრითა
და ლამპრობით _ დაიწყო. ამ გამოცემაში ჩვენ მიერ ორივე ვარიანტი
შენარჩუნებულია. ფოლკლორის ცენტრის კიდევ ერთ გამოცემაზე შევაჩერებთ
ყურადღებას: ქართული საცეკვაო ფოლკლორის 1997 წლის ქართულ ვერსიაზე
(რუსულიდან თარგმნეს, გადაამუშავეს, შეავსეს და
გამოსაცემად მოამზადეს ბაია ასიეშვილმა და ოთარ ციციშვილმა,
კონსულტანტი უჩა დვალიშვილი). ამ გამოცემამ თავისი საქმე გააკეთა _
ვაკუუმი შეავსო, მაგრამ აუცილებელი იყო ლილი გვარამაძის ნაღვაწის
ერთად თავმოყრა, საარქივო მასალებით შევსება და ამ დიდი მეცნიერის
მემკვიდრეობის სრულყოფილად წარმოჩენა. საბედნიეროდ,
დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ, დიდი ძალისხმევითა და ტიტანური
შრომით, ეს მოხერხდა: წიგნში, სათანადო რედაქტირებითა და კუპიურებით,
ქართული ქორეოგრაფიის შესახებ მრავალმა
გამოუქვეყნებელმა ნაშრომმა იხილა დღის სინათლე. გარდა
სამეცნიერო ნაწილისა, მკითხველისათვის, უდავოდ,
საინტერესო იქნება მონოგრაფიები, მოგონებები, დოკუმენტები,
ფოტომასალა და სხვა.
გაგრძელეთ კითხვა