მირანდა ბაღდადიშვილი


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი; ბათუმის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის აჭარის ა.რ. რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე; ქ.ბათუმის მერიის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორი.

 ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება ქორეოგრაფიული დისციპლინების შესწავლისას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

        სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენისა და განვითარებისთვის პირობების შესაქმნელად, ქორეოგრაფიაში სტაბილური დადებითი მოტივაციის ჩამოყალიბებისა და თანამედროვე პრაქტიკის მაღალი შემოქმედებითი შედეგების მისაღწევად, გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, ტრადიციული და ინოვაციური მეთოდები.
         ინოვაციური მეთოდები მოიცავს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას ლიდერობისა და დიალოგის უნარ-ჩვევების, შემოქმედებითი საქმიანობის პედაგოგიური ასპექტების, გუნდში ინტერპერსონალური კომუნიკაციის, გუნდური შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის პროცესში ინტეგრაციის, ქორეოგრაფიის საშუალებით მხატვრული გარემოს შექმნის უნარების განვითარებაზე. ქორეოგრაფიული დისციპლინების სწავლების ინოვაციური გამოცდილება წარმოადგენს საცეკვაო კომბინაციების შესწავლის მრავალფეროვან გზას, რომელიც ეფუძნება სტუდენტების საცეკვაო შესაძლებლობების განვითარებას "მარტივიდან და რთულისაკენ" ტექნიკით.
     ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იან ამოს კომენიუსი (კომენსკი) დიდაქტიკის პირველ და უკანასკნელ მიზნად მიიჩნევდა, ეპოვა და მასწავლებლამდე მიეტანა სწავლების ისეთი ხერხები/მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე მასწავლებლის ნაკლები ჩარევით მეტს ისწავლიდა და სკოლაც უწინდებურად მოსაწყენი აღარ მოეჩვენებოდა. ამის მისაღწევად კომენიუსი მოითხოვდა დიდაქტიკური აზროვნების შეცვლას, რაც იმას გულისხმობდა, რომ მხოლოდ სწავლების შინაარსი კი არ უნდა ყოფილიყო მასწავლებლის ყურადღების ცენტრში, არამედ იმ ხერხების/მეთოდების ძიება და პოვნაც, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ადვილად და მეტი ხალისით აითვისებდნენ შინაარსს.
        მას შემდეგ, რაც კომენიუსმა ეს დიდაქტიკური პრინციპი გამოთქვა, სამ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა, გამოიცადა და პრაქტიკაში დაინერგა უამრავი სასწავლო მეთოდი. ამ მეთოდების ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურად შევარჩევთ მათ.
      რა არის სწავლების მეთოდი და როგორ შევარჩიოთ იგი?
ცნება „მეთოდი“ სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად აღიქმება, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში გულისხმობს მიზნის მისაღწევ გზებს.
      სწავლების მეთოდი არის მასწავლებლის მიზანმიმართული ქმედება მოსწავლეებში შესაბამისი კომპეტენციის განსავითარებლად.
       სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი – რა უნდა იცოდეს და რას გააკეთებს?
     სწორედ შედეგზეა დამოკიდებული როგორც კურსის შინაარსი, ასევე სწავლების მეთოდებიც.
      მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ: დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული შედეგის მიღწევაში; შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი აქტივობას; შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას; ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები; გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის მოსწავლით მეთოდის ეფექტიანად განხორციელება). 

იხილეთ ვრცლად
06.04.2019