საქართველოს არამატერიალური კულტურა წინარექრისტიანულ ეპოქაში იღებს სათავეს და დღემდე პირველქმნილი სახითაა მოღწეული. მსოფლიო კულტურის საგანძურის მშვენება - მრავალხმიანი ქართული სიმღერა და ავთენტურობით გამორჩეული ქორეოგრაფია კდემამოსილების, ღირსების, ვაჟკაცობის, გაუტეხლობის, გონიერების, ინდივიდუალობის საგალობელია, მრავალჭირვარამგადატანილი საქართველოს ისტორიაა, ჟინი და სწრაფვაა სიკეთისა და თავისუფლებისაკენ. ქართული ცეკვის ცეცხლოვან ტემპერამენტსა და ღრმაშინაარსიან ფილოსოფიურ პლასტიკას აღფრთოვანებაში მოჰყავს მსოფლიო. იგი გარკვეულწილად მშვიდობის დესპანიცაა. დღევანდელი გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართული კულტურული ფასეულობების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია, ლოტბართა და ქორეოგრაფთა გადამზადება, ახალი თაობების აღზრდა. ამდენად მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული შესწავლა და გაანალიზება, რასაც ემსახურება ქორეოგრაფთა “სამეცნიერო-თეორიული და მეთოდურ პრაქტიკული კონფერენცია“, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის ორგანიზებით. დარწმუნებული ვარ იგი დიდ წვლილს შეიტანს ქართული კულტურული ფასეულობების წარმოჩენისა და მოვლა-პატრონობის საპასუხისმგებლო და კეთილშობილურ საქმეში.
საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი
ალექსანდრე ქართველიშვილი