საქართველოს უნივერსიტეტში ქართული ცეკვის ფინალური გამოცდა და ბიროლ თობალოღლუს ექსკლუზიური მასტერკლასი გაიმართა


საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ქორეოგრაფიულ დარბაზში მნიშვნელოვანი შემოქმედებითი დღე შედგა. ღონისძიება ორ ნაწილს აერთიანებდა და მასზე როგორც სტუდენტები, ისე მოწვეული სტუმრები იყვნენ წარმოდგენილნი.
დღის პირველ ნახევარში საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ქორეოგრაფიული მიმართულების I კურსის სტუდენტების ფინალური გამოცდა ჩატარდა ქართულ ცეკვაში. სტუდენტების მიერ შესრულებულ პროგრამას თვალი ადევნეს ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროფესიული გადამზადების პროგრამის“ მსმენელებმა. ამ ფორმატმა მომავალ ქორეოგრაფებსა და რეპეტიტორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას შეუწყო ხელი.
გამოცდის დასრულების შემდეგ, სტუდენტებსა და მოწვეულ მსმენელებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ — მათ სტუმრად ეწვიათ მსოფლიოში ცნობილი ლაზი მუსიკოსი და ფოლკლორისტი ბიროლ თობალოღლუ (Birol Topaloğlu). მან დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო, შემეცნებითი მასტერკლასი ჩაატარა ლაზური ჰორონების (ტრადიციული ცეკვების) შესახებ. მონაწილეებმა უნიკალური შანსი მიიღეს, უშუალოდ ავტორისგან გაცნობოდნენ შავიზღვისპირეთის მდიდარ კულტურულ და მუსიკალურ ტრადიციებს, რაც მათ პროფესიულ წინსვლაში დიდ როლს შეასრულებს.
საქართველოს უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და სტუმრებს ასეთი ნაყოფიერი და დაუვიწყარი შემოქმედებითი დღისთვის.