"გაზაფხულის რიტმები - 2019" ფარგლებში, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოფენა მოეწყო


საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.  „გაზაფხულის რიტმებში“  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა  და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების  ფოლკლორულმა  ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა.
  პროექტის ფარგლებში,  26 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა უცხოელი სტუმრებისა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა. მოეწყო ყატარის ხელოვნების აკადემია IAID მხატვართა გამოფენა. მონაწილეებმა ახალი სიცოცხლის შთაგონებით შესრულებული ნამუშევრები ერთმანეთს გააცნეს და მუზეუმის კედლები კიდევ უფრო გააფერადეს.
  ღონისძიება  გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, „ არტ-ფოლკის“ დირექტორი  მურმან გამისონია; ასევე, ინდოეთის „ტაალ“ ჯგუფის დირექტორი და მთავარი ქორეოგრაფი ქალბატონი კრუტიკა შაჰი  და გამოფენაში მონაწილე ჯგუფების ხელმძღვანელები.
  ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის დირექტორმა ლია გორგაძემ ისაუბრა გამოფენისა და აღნიშნული მუზეუმის მნიშვნელობაზე:  „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს გამოფენას არაჩვეულებრივი ახალგაზრდების, მათ       შორის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ შესრულებული ნამუშევრები შეემატა. ამ ექსპონატებმა მართლაც გაამდიდრეს და მეტი ელფერი შესძინეს ჩვენს გალერეას.“
  გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა აღფრთოვანება და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
  ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ : იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID), ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია - EAFF, კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, კულტურის ინსტიტუტი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირთან არსებული ჟურნალი „საქართველოს ქორეოგრაფია“ და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი