ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი "ნარინჯისფერი ქობულეთი 2019" გაიხსნა

 3 ივლისს ქობულეთში, ხელოვნების მე-16 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი "ნარინჯისფერი ქობულეთი 2019"-ის საზეიმო ცერემონიალი  გაიმართა, რომლის დამფუძნებელი ჯემალ მეგრელიძეა. ფესტივალში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ქორეოგრაფიული ანსამბლები და საქართველოში მოქმედი კოლექტივები. ჟიური კულტურის სფეროში მოღვაწე წევრებისგან შედგება, ესენი არიან : ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი - ზაურ ლაზიშვილი; საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფი, პედაგოგი, ღირსების, რაინდის, ბრწყინვალების ორდენის კავალერი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი - ჯემალ ბოცვაძე; საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდი, ანსამბლ "ქობულეთის" სამხატვრო ხელმძღვანელი, მრავალმხრივი შემოქმედი - თემურ თხილაიშვილი; ტრიო "თბილისის" სოლისტი, პოპულარული ქართველი მომღერალი - ზაზა მამალაძე; ქართული ესტრადის პოპვარსკვლავი - თამარ მეჭიაური; სომხეთის რესპუბლიკის ქორეოგრაფული კავშირის თავმჯდომარე - გაგიკ მხითარიანი; მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, უმაღლესი კლასის ვოკალის პედაგოგი - ვარვარა მანთაშევა; ჟურნალისტი - ბესო ჩუბინიძე.  ისინი 10 ღონისძიების განმავლობაში შეაფასებენ მონაწილე ანსამბლებს და დასკვნით კონცერტზე გამოავლენენ გამარჯვებულს, რომელიც ღირებული პრიზებით დააჯილდოვდება. პირველი საკონკურსო დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა. 
ფესტივალის მხარამჭერია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; კულტურისა და ხელოვნების გაერთიანების კავშირი "არტ-ფოლი"; ტელეკომპანია 12.