საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი ჯუმბერ ბერაძე 75 წლის გახდა

  საქართველოს სახალხო არტისტი (1981),  ცნობილი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი
ჯუმბერ ბერაძე 75 წლის გახდა. ის დაიბადა თბილისში, 1944 წლის 22 ივლისს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან ცეკვავდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს ქორეოგრაფიულ ანსამბლში. 1962-1982 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: „ყაზბეგური“, „ფარიკაობა“, „მხედრული“, „ხანჯლური“, „შეჯიბრი“. 1982-1985 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1985-1986 წლებში - საქართველოს კულტურის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება „საქატრაქციონის“ გენერალური დირექტორი; 1986-1987 წლებში - საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მთავარი რეჟისორი; 1987 წლიდან იყო ფირმა „მელოდიის“ თბილისის განყოფილების დირექტორი. შემდეგ, 1989 წლიდან, ამერიკელების თანამონაწილეობით მოღვაწეობდა სატელეკომუნიკაციო სფროში („აიეტიTV“, რადიო „ფორტუნა“, „მაგთი“). ამჟამად სარესტორნო ბიზნესითაა დაკავებული („მარკო პოლო“).

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი და კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი "არტ-ფოლკი" ულოცავს ბატონ ჯუმბერს 75 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!