25-30 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი “შემოდგომის რიტმები-2019“

 “შემოდგომის  რიტმები - 2019“

ამა წლის 25-30 ოქტომბერს, საქართველოს ქორეოგრაფთა  კავშირის ორგანიზებით ჩატარდა   ტრადიციული ფოლკლორის  საერთაშორისო  ფესტივალი „შემოდგომის რიტმები-2019“
ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციები: იუნესკოს ცეკვის  საერთაშორისო საბჭო(CID); ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია  EAFF, ხელოვნებისა და კულტურის  განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, ქ. მცხეთის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტები, საქართველოს  შოთა რუსთაველის თეატრისა და  კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ქორეოგრაფთა  კავშირის გაზეთი „საქართველოს  ქორეოგრაფიის“ რედაქცია, ფოლკლორის  საერთაშორისო ცენტრი.
ფესტივალის  ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა  მცხეთაში, ყვარელსა და თელავში, მოეწყო მასტერკლასები და ექსკურსიები. დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობდნენ როგორც  საქართველოს მასშტაბით მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე საზღვარგარეთის  სხვადასხვა  ქვეყნებიდან -  ყატარიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან  ჩამოსული ქორეოგრაფიული კოლექტივები.
კარგად ორგანიზებული საკონცერტო  პროგრამის და საუკეთესო  გამომსვლელების გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო გრანდიოზული აღლუმი მცხეთაში. ფესტივალის მონაწილეებმა მცხეთიდან ქ. ყვარელში, ყვარლის ტბასთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე  შესანიშნავი კონცერტი  შედგა.
გალა კონცერტსა და დაჯილდოების ცერემონიალს კი უმასპინძლა ქ. თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა.
მონაწილე ანსამბლებსა და ხელმძღვანელებს გადაეცათ  სპეციალური პრიზები და დიპლომები. აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ მცხეთის, ყვარლის და თელავის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები. საქართველოს  ქორეოგრაფთა კავშირის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის მათ გაწეული დახმარებისა და  თანადგომისათვის.
საბოლოო ჯამში ფესტივალმა  მაღალ დონეზე, საზეიმო და  ამავდროულად საქმიან ვითარებაში ჩაიარა.