თენგიზ უთმელიძეს, ქართული ცეკვის ცოცხალი ლეგენდა და მემატიანეს ვულოცავთ იუბილეს



თენგიზ უთმელიძეს, ქართული ცეკვის ცოცხალ ლეგენდას და მემატიანეს ვულოცავთ იუბილეს
 
კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი და კულტურის ინსტიტუტი, ულოცავს იუბილეს საქართველოს დამსახურებულ  ჟურნალისტს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, მრავალი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატს, „ხელოვნების ქურუმს”, „ქართული კულტურის რაინდის” ორდენოსანს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის "ბრწყინვალებისა" და "რაინდის" ორდენების მფლობელს, ვარსკვლავოსანს - ბატონ თენგიზ უთმელიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სიხარულით სავსე მრავალ წელს!
ბატონ თენგიზ გილოცავთ!
 
 
თენგიზ უთმელიძე დღეს, 24 მაისს 82 წლის გახდა. იუბილარი გახლავთ საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი, „ხელოვნების ქურუმი”, „ქართული კულტურის რაინდი”, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის "ბრწყინვალებისა" და "რაინდის" ორდენების მფლობელი. 2018 წელს, დაბადების 80 წლისთავზე, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თენგიზ უთმელიძის ვარსკვლავი.
დაიბადა თბილისში 1938 წლის 24 მაისს. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება).
ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ჯერ მ. რაქვიაშვილთან, შემდეგ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით; 1957 წლიდან ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიწვევით გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; ცეკვავდა 17 წლის განმავლობაში. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვამ „ქართული“, რომელსაც ნინო რამიშვილთან ერთად ასრულებდა; 1962-1970 წლებში იყო „საქინფორმისა“ და გაზეთ „კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი საზღვარგარეთ; ღვაწლი მიუძღვის „სუხიშვილების“ ანსამბლის ისტორიის შექმნაში; შექმნა ანსამბლის საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე; 1972-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში; 1974-1988 წლებში - საქართველოს უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროში; 1988-1989 წლებში - სახალხო განათლების სამინისტროში; 1989-2001 წლებში - საქართველოს კულტურის სამინისტროში; 2001 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიის მიოღვაწეთა საერთო-ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წლიდან - თავმჯდომარე, პარალელურად იყო საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ქორეოგრაფიის განყოფილების გამგე; ავტორია მრავალი პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ-დოკუმენტური ნოველის, ბროშურის; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ; არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მოთავე და ორგანიზატორია; 2005 წელს დააარსა „ქართული ქორეოგრაფიის დღე“ (აღინიშნება ყოველწლიურად, 11 ივნისს); მონაწილეობდა კინოფილმში „ეთერის სიმღერა“ (1955, აბესალომი, რეჟისორი ს. დოლიძე); ანსამბლთან ერთად გასტროლებით მოიარა მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა და სამყაროს გააცნი ქართული ცეკვის და კულტურის მიღწევები.დაბადების 80 წლისთავზე, ფილარმონიის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს, ბედნიერებას, დღეგრძელობას ვუსურვებთ!


***
გთავაზობთ თენგიზ უთმელიძის ლექსებს წიგნიდან „როკვით განფენილი ქართული გენია“ (პროექტის ავტორი და შემდგენელი თენგიზ უთმელიძე):
ლატავრა
ლატავრას როკვა
ღვთიური,
ტკბობაა და
სასწაული,
ენით უთქმელი
სიტურფე,
მარადი
დღესასწაული.
ფრესკული
მშვენიერება,
აელვარება – მზიური,
პლასტიკის
სრულყოფილება
ნატიფი და ზეციური.
ალმოდებული სილაღე
და სიკეკლუცე
დიადი,
ხან მძლავრი,
როგორც `ლილეო~,
ხან უშბასავით
ზვიადი...
ლატავრა - ცეკვის
ქალღმერთი,
ჩაუქრობელი
ლამპარი,
ვით მონარნარე
ოცნება
და შორეული
ზღაპარი...

***
შენ, ბიჭო, ერთაწმინდელო...
(ჯემალ ნავროზაშვილის გახსენება)
თვალწინ მიდგას და ვიხსენებ,
რა დამავიწყებს მე იმ დღეს,
ძმადნაფიც ფრიდონთან ერთად,
დიდ ანსამბლში რომ მიგიღეს.
დამშვენდა „სუხიშვილები“,
ორი ლამაზი ბიჭითა,
ორთავ დახატეთ ცეკვები,
მადლითცხებული ნიჭითა.
როკვის დროს აენთებოდი
იწვოდი, როგორც სანთელი,
მთელს სცენას ეფინებოდა,
შენი ღიმილის ნათელი.
კიდევ ის დამამახსოვრდა,
სათუთა როცა ჰყვებოდი -
მოხუცი დედის დამჭკნარ მკერდს,
რარიგად ეფერებოდი.
გულჩვილიც იყავ, ვაჟკაციც,
სახე ქართველი კაცისა,
ჯიში და სისხლი მოგდგამდა
გიორგი სააკაძისა.
გიყვარდა შენი სოფელი,
წმინდა ტაძრებით - სამებით,
სადაც მარხია პაატა,
სპარსეთს მოკლული წამებით.
სიცოცხლეს ცეკვით ამკობდი,
შუაგულ ქართლში შობილი,
შვილი კურთხეულ მიწისა,
რაინდი კეთილშობილი.
გშვენოდა ლაღი მოლხენა,
მეგობრის ფასიც იცოდი,
შენებრ ალალს და გულღიას
ცოტას თუ ვინმეს ვიცნობდი.
არ გვავიწყდები ძმობილო,
მუდამ ჩვენთან ხარ, გვახსოვხარ,
შენს შესანდობარ ჭიქას ვწევთ,
კელაპტარს გინთებთ სახსოვრად.
რად მიგვატოვე უდროოდ,
რა ცუდი საქმე გვიყავი,
შენ, ბიჭო, ერთაწმინდელო,
რა კარგი ვინმე იყავი!

***
ნინო კირვალიძეს
გშვენის კდემილი სინარნარე, როკვა-გოგმანი,
და სიკეკლუცე როსტევანის თინათინისა,
რუსთველის უკვდავ პოემიდან ცოცხლად გადმოსულს,
თვალებში გიკრთის უსასრულო ლაჟვარდი ცისა.
ფრესკას მაგონებ სვეტიცხოვლის კედლიდან მზირალს,
ხან ზამბახს ჰგავხარ პირმშვენიერს, ხან კი ნაზ იას,
სცენაზე ძერწავ საქართველოს წარმტაც საუნჯეს -
ბრწყინვალე „დავლურს“, ღვთიურ „ქართულს“ და „სამაიას“.
არ ვიცი, კიდევ რით შეგამკო, არ მყოფნის რითმა,
შენი მშვენებით მონუსხულს და უზომოდ აღვსილს,
შენ ხარ ზმანება ათას ერთი ღამის ზღაპრიდან,
და საოცრება ბიზანტიურ მადონას მსგავსი.

***
„ხევსურული ბალადა“
მანანა აბაზაძეს
„გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ,
შუაზე მოდის მდინარე“,
ანსამბლში გოგო მოვიდა,
პირმშვენიერი, მღიმარე.
როკვისთვის დაბადებულა,
ეს ტანკენარი გოგო,
ხევსურის კაბა ჯვრიანი,
როგორ ამშვენებს, როგორ.
სცენაზე შევხვდი პირისპირ,
ვცეკვავთ ხევსურულს ერთად,
გოგონა ნუკრისთვალება,
მსურს, რომ აღვიქვა ღმერთად.
ფარ-ხმალი მხარზედ გადვიგდე,
გზნებით გავშალე ხელი,
მე მივსდევ, ის კი გამირბის,
როგორც დამფრთხალი შველი.
მწველი თვალების ბრიალი,
როგორ მახელებს, როგორ,
ნუ გეშინია, სად მიხვალ,
რად გამირბიხარ გოგოვ.
შეჩერდი წამით, მისმინე,
შატილს აგიყვან მთებში,
ლურჯთვალა იებს ჩაგაკრავ
მაგ დალალდაწნულ თმებში.
გადაგატარებ ჭიუხებს,
საჯიხვეების გზებთან,
არწივთ საბუდარს განახებ
და შეგახვედრებ მზესთან...
. . . . . . . .
„მაგრამ ვერსაით გადმოვედ,
ამ სატიალოს მდინარეს“...
ვერ მოვიხელთე, გამექცა,
თვალხატულა და მცინარე...

***
ფრიდონ სულაბერიძეს
უფალმა უხვად გიბოძა,
ნიჭი ქართული ცეკვისა,
მეგზურად მუდამ თანა გდევს
ლოცვა და სითბო დედისა.
როგორ არ ვაქო, ვადიდო,
ფეხი ლამაზად გასმული,
როკვის ილეთთა აკიდო,
მარგალიტებად ასხმული.
ხელთუქმნელ ძეგლად აქციე,
კდემით შემკული „ქართული“,
ამ შედევრშია შენს მიერ,
ღვთიური მადლი ჩართული.
ყარაჩოხელის დუდუკი,
კინტოს მუსიკით უნათებს,
უზადო ხიბლით აცოცხლებ
„ძველი თბილისის სურათებს“.
ლაღად გაშლილი მკლავებით,
ამაყად უვლი „განდაგან“,
შენს როკვას როცა შევცქერი,
სიზმრის მგონია ხანდახან.
ტაშს გიკრავს მთელი მსოფლიო,
ფეხზე ამდგარი „ლა-სკალა“,
ქართველმა ხალხმა შეგრაცხა
ცეკვის კაშკაშა ვარსკვლავად!

***
ფერია
(იამზე დოლაბერიძეს)
ქართული ცეკვის ლეგენდა,
სცენის მშვენება იამზე
როკვის დროს ისე ირწევა,
როგორც ლერწამი ნიავზე.
ნარნარი დავლა, უზადო,
ყელმოღერებულ გედივით,
გოგმანი, შენავარდება,
ფრთაგაშლილ, თეთრი მტრედივით.
გზნებით გაშლილი მკლავები,
ეს მიმოხვრანი, ეს ტანი,
მზისებრი აელვარება,
გაცოცხლებული ნესტანი.
ხან მწველი იდუმალება,
ხან ღვთაებრივი მიმიკა,
როკვაში ამღერებული,
პოეზია და ლირიკა.
ერის საგანძურს აბრწყინებს,
ეს უნაზესი ფერია,
და ამ ფერიას სადარი
ამქვეყნად არაფერია!

***
„კიკალა“
(თამაზ კიკალიშვილს)
ეს რა განძი გვაბადია,
როკვა მადლით განფენილი,
თუ გინახავთ მოცეკვავე,
მერცხალივით გაფრენილი.
როცა სცენას დოლის ხმაზე,
მოედება ცეცხლის ალი,
ეს ჭაბუკი მარდად ბრუნავს,
მკვირცხლი, როგორც ვერცხლისწყალი.
ჭაბუკს მოსდგამს ჯიში კოლხის,
შმაგია და აწვართული,
ყოველ სხლეტში ჩაქსოვილა,
მისი გული, მისი სული.
თვალებიდან ცეცხლს აკვესებს,
დაჭიმულა, ვითარც მშვილდი,
ვინც ელვარე ტალანტს უმზერს,
ვერა, ვერ დარჩება მშვიდი.
სცენას როკვით ისე ხატავს,
ლამაზ ტილოს, ვით ნიკალა,
ცისარტყელას ფერებით რთავს,
ქართულ ცეკვებს, ეს „კიკალა“.

***
ჯუმბერ ბერაძეს
ჩემი ლექსები შენთვის ნიშნავს თითქმის არაფერს,
თუმც ეს სიტყვები გაგრძნობინებს ზოგჯერ ბევრ რამეს.
ქვეყნად ხომ რაღაც, სამუდამოდ, უკვდავად რჩება,
მეც მინდა ჩემგან მოისმინო პატარა ქება:
შენ გიცხოვრია სიკეთით, სიბრძნით და ბეჯითობით,
სიჭარმაგეში ნაღდი კაცობით, სიჭაბუკეში კარგი ბიჭობით.
ალბათ მოდგმით გაქვს ნაბოძები გენების ძალა,
როცა როკვის დროს ენთებოდი ცეცხლად და ალად.
სცენას ამკობდი მგზნებარებით, როგორც ავაზა,
ქართული სული შენმა ცეკვამ გაალამაზა.
უხვად გაქვს ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭი, გონება,
მიტომ არ გიჭირს ახლის აღქმა, გამოგონება.
შენ გულის სითბო შეალიე შრომას, შენებას,
თაყვანს სცემ ხალას სილამაზეს, ეტრფი მშვენებას.
ვინც კი შეგიცნობს, ყველას ხიბლავს ერთი ცდუნება -
შენს გვერდით ყოფნა, შენთან ძმობის შენარჩუნება.
დაბადებულხარ ცეკვის და ქცევის კეთილ ვარსკვლავად,
კაცურ-კაცობის ეტალონად დარჩები მარად!