ქორეოგრაფი, რომელმაც ახალი ცეკვები შექმნა და მისი სახელობის ვარსკვლავი

alt 

იგი დღეს 81 წლისაა და ცეკვის ჟინი და სურვილი ჯერაც არ განელებია. როდესაც ვკითხეთ დღევანდელი გადასახედიდან რომელი ამბავია ყველაზე მთავარი, არც დაფიქრდა, ისე გვიპასუხა: საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი კი ვარსკვლავის გახსნა იყოო...

რამდენიმე წლის წინ - 2015 წლის 14 ივნისს, ბათუმში, ზაურ ლაზიშვილის სახელობის ვარსკვლავი  გაიხსნა.

მისი ცხოვრება ბევრი დამსახურებით გამოირჩევა, მაგრამ საცეკვაო ხელოვნება ის სფეროა, სადაც მისი წყალობით არა ერთი სიახლე დაინერგა, არის საინტერესო საცეკვაო ნომრების ავტორი და შემქმნელი. მისი ხელმძღვანელობით ცეკვის ანსამბლი აჭარა წარმატებით გამოდიოდა საოლქო, რესპუბლიკურ, საკავშირო ოლიმპიადებსა და უცხოეთის ფესტივალებზე. ამიტომაც, ბატონ ზაურის რამდენიმე თაობის მიმდევარი და მოწაფე ჰყავს. ბატონი ზაური 1976 წლიდან  ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი იყო. მისი ცხოვრებისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ სასწავლებელთანაა დაკავშირებული. 1996 წელს ის სამეცნიერო დარგში საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. არა ერთხელ გახლდათ ბათუმობის ზეიმის მთავარი ქორეოგრაფი. საცეკვაო დარგში დამსახურებისთვის ქორეოგრაფიის რაინდის წოდება აქვს მინიჭებული.

- ბატონო ზაურ, რას ნიშნავს თქვენთვის ქორეოგრაფიის რაინდობა?

- იყო რაინდი, ნიშნავს იმას, რომ რჩეულთა შორის რჩეული იყო. მეორე მხრივ, იმასაც ვფიქრობ, ხომ არ გავკადნიერდი მეთქი, ეს ხომ ჩვეულებრივი ტიტული არაა- დიდი პასუხისმგებლობაა მადლიერი თაობების წინაშე....

- ცეკვის სამყაროში როგორ აღმოჩნდით პირველად?

- ბაბუაჩემი, ირაკლი წილოსანი, ლანჩხუთელი გახლდა, ბებია კუკულაძის ქალი იყო. სიმღერა და ცეკვა ორივეს ეხერხებოდა და ძალიან კარგადაც გამოსდიოდათ. როდესაც სოფელში ჩავდიოდი ის ვისმენდი იქაური ხალხის სიმღერებს და ვაკვირდებოდი მათ ცეკვებს.  ჩემზე ალბათ ამანაც იმოქმედა. ფეხბურთით ვიყავი გატაცებული. როდესაც ბათუმის რკინიგზელთა კლუბიდან, აბდულ დიასამიძემ რამდენიმე ბავშვი შეარჩია და მათ შორის მეც - 12 წლის ონავარი ბიჭი აღმოვჩნდი. ამის შემდეგ ბურთი და მოედანი სცენამ და ცერებზე ცეკვამ ჩაანაცვლა. ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვა - იყო გიორგი (ბახუტა) დარახველიძე, რომელიც ჩემთვის დარჩება ღირსებისა და ადამიანობის მეტრად. როცა 24 წლის ასაკში დედაქალაქში ჩავედი, მან გულწრფელად მიმიღო და საკუთარი შვილივით იზრუნა ჩემზე. მთელი სამი წელი ეს ადამიანი მხოლოდ ცეკვის ილეთებს კი არა,  ცხოვრებისეულ ღირებულებებს მივითარებდა, კაცობას და მეგობრობას მასწავლიდა...

- დღეს უკვე თქვენ გყავთ  რამდენიმე თაობის მიმდევარი და მოწაფე...

 

-ეს მეამაყება, მათ შორის ზოგი ქორეოგრაფია და მოცეკვავე, ზოგი დირიჟორი, ზოგი ბიბლიოთეკარი. საერთო მახასიათებელი, რაც გვაკავშირებს მე და ჩემ აღზრდილებს სულის კავშირი, ქართული ხელოვნების სიყვარული და ჩვენი ქვეყნის და კულტურის ერთგულებაა... 

-ვიცი, რომ თქვენი წყალობით ქორეოგრაფიაში სიახლე დაინერგა, რომელი საავტორო ცეკვა შექმენით?

- როდესაც რაიმე ცეკვაზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელობა აქვს ცეკვის ილეთების სახელწოდებებს, მონახაზს, მუსიკალური მელოდიას და შემდეგ ჩაცმულობას. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში ჩემ მიერ დანერგილ სიახლეებიდან გამოვყოფდი: ლაზურ ცეკვას მებადურული და ცეკვას შრომის ზეიმი. აგრეთვე დავამუშავე განდაგანას, მოხევური ქალთა ცეკვის,  სვანური შინავორკილისა და სხვა ცეკვების ახალი ვარიანტები.  ჩემეულ კვლევებს ამ სფეროში თეორიულადაც ვადასტურებ.

- ყველაზე გამორჩეული თქვენი რომელი ნამუშევარია?

-ორიგინალურ კომპოზიციად მესახება დავლურისა, ქართულისა და სამაიას ერთიანობა. მათი ნაზავია და ცეკვა-სუიტას სახელად შევურჩიე საგანძური, რადგან მეტიჩარა სახელწოდებები არ მიყვარს. მინდოდა ცეკვისთვის ახალი ფორმა და შინაარსი მომეძებნა, რაც კარგად გამომივიდა. როგორც მოცეკვავეს ყველაზე მეტად მოხევური ცეკვის შესრულება მიყვარს, ამ ცეკვას მართლა ძალიან კარგად ვასრულებ.

- რომელიც ცეკვის ცოდნა მიგაჩნიათ ასე ვთქვათ, სავალდებულოდ?

- ისეთი საცეკვაო ტრადიციის ქვეყანა ვართ, რომ ჩემი აზრით, ყველა ქართველი უნდა ცეკვავდეს. რომელი ცეკვის ცოდნაა აუცილებელი?-ასეთი  ალბათ ლაზურია- მისი ცოდნა აუცილებელია. ეს ცეკვა ახალი არ არის, იგი უკვე დიდი ხნიდან დამკვიდრდა ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში. თუმცა მისი ინტერპრეტაციები ენვერ ხაბაძემ გააკეთა. ის დიდი ქორეოგრაფი იყო, სახელმწოფო ანსამბლში სწორედ მან მიმიყვანა.

-ქართულ საცეკვაო ცის კაბადონზე თქვენი ვარსკვლავი გაჩნდა...

- ვინც ჩემი ცხოვრება იცის, ვისაც სცენაზე უნახავს ჩემი ცეკვა და იცის როგორი პატრიოტი ვარ, ვგონებ, დამეთანხმება, რომ უსაფუძვლო ამბიცია არ მალაპარაკებს... ჩემი სახელობის ვარსკვლავი მშობლიურ ქალაქ ბათუმში გაიხსნა და ეს ვარსკვლავი ჩემთვის მთელი ცხოვრების აღიარებას ნიშნავს. ამაზე დიდი შეფასება ხელოვანისთვის არაფერია, ამიერიდან ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება სხვა აზრს და დატვირთვას შეიძენს...

 

თეონა გოგნიაშვილი


alt   alt alt   alt