სკოლებისა და ბაღების გახსნა ჩვენი პრიორიტეტია - ეკატერინე ტიკარაძე


13 იანვარი, 2021  12:39
alt

სკოლებისა და ბაღების გახსნა ნამდვილად არის ჩვენი პრიორიტეტი, რადგან მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისთვის სკოლებისა და ბაღების გახსნის საკითხი არ განიხილება. 

„ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველია ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუმცა დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.