სულს ღაფავს ქართული კულტურა - აქცია განათლების სამინისტროსთან

 

განათლების სამინისტროსთან აქციაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

 

სახელოვნებო სტუდიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სამინისტროს წინ, ხეზე საცეკვაო ფორმები ჩამოკიდეს.

 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველი თებერვლიდან მათაც მიეცეთ მუშაობის უფლება. 

 

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, დარგი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მისი გადარჩენა რთულია თუ შეზღუდვები არ მოიხსნება.

 

"თქვენ ხედავთ უსულო მდგომარეობაში მყოფ ქართული ცეკვის კოსტიუმებს. სულს ღაფავს ქართული კულტურა. გარდა იმისა, რომ უმუშევრად ვართ დარჩენილები ხელოვანები, კონკრეტულად ქორეოგრაფები და არა მარტო ჩვენ, ფაქტობრივად მთელი სახელოვნებო სტუდიების სახელით ვდგავართ დღეს ჩვენ აქ. ბავშვები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და მივიღებთ ცუდ შედეგს. ჩვენ უშუალო შეხება გვაქვს ჩვენ მოსწავლეებთან და ძალიან კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ მათ ვისაც ხელეწიფება რეგულაციების მოხსნა თუ შემსუბუქება. ვითხოვთ, რომ პირველი თებერვლიდან დავიწყოთ მუშაობა"- განაცხადა ნინო დარახველიძემ.



ავტორი: სალომე კაპანაძე