არ გააჩეროთ კულტურა - ქართველი "ქორეოგრაფების არმიის" თხოვნა პრემიერ გახარიას

 


არ 
გააჩეროთ კულტურა - ამ ლოზუნგით პედაგოგ-ქორეოგრაფები ცეკვის სტუდიების გახსნას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრ გახარიას მიმართავენ.

როგორც ქორეოგრაფიულ ანსამბლ "აბჯარის" ხელმძღვანელი ნონა ჯანგადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ელოდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებითა და რეგულაციების სრული დაცვით შეძლებდნენ მუშაობის განახლებას.

ჯანდაგიშვილი, სხვა პედაგოგ-ქორეოგრაფების სახელით, თხოვნით მიმართავს მთავრობას, რათა გადაწყვეტილებას გადახედონ და მათ ცეკვის სტუდიებში მუშაობის განახლების საშუალებას მისცენ.

"მე წარმოვადგენ იმ პროფესიონალ პედაგოგ-ქორეოგრაფთა დიდ არმიას, რომელსაც "ქართული ქორეოგრაფია"ქვია. ალბათუხერხულია იმის შეხსენება, რომ წლების განმავლობაში თითოეული ჩვენთაგანი აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში, უხერხულია იმის შეხსენებაც, თუ როგორ ემსახურება თვითოეული ჩვენთაგანი მომავალი თაობის კულტურული, სულიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

არავის ეგონოს,რომ ჩვენ არ გვაქვს გააზრებული მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მიმდინარე მოვლენები, ან რომელიმე ჩვენგანს არ სჯერა ვირუსის არსებობის, მაგრამ თქვენს მიერ გაჟღერებულ განცხადებებს მოვიშველიებ, რომელიც ხშირად გვესმის -"ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება" და როგორ ვსწავლობთ???“, - კითხულობს ცნობილი ქორეოგრაფი, რომელიც პანდემიამდე, როგორც სტუდია „აბჯარის“, ასევე  ვ.ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის - „ცისკარის“ პედაგოგიც გახლდათ.

ჯანდაგაშვილი ხელისუფლებას კითხვას უგზავნის, თუ რატომ ებრძვიან ვირუსს უმუშევრობით?

როგორ ვებრძვით ვირუსს??? უმუშევრობით?? იმ სამსახურების შეზღუდვით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით???

გეკითხებით, როგორ ვიარსებოთ? რითი შევინახოთ ოჯახები??? იმედით ველოდებოდით ახალი სასწავლო წლის დადგომას, გაჭირვებით მოვემზადეთ სასწავლო წლისთვის, რეგულაციების გათვალისწინებით და რა მივიღეთ? ისევ აკრძალვა,ხელმეორედ ჩაკეტვა,ისე რომ მუშაობაში ჩართვაც ვერ მოვასწარით. მოგმართავთ თხოვნით!!!

1. გადახედოთ თქვენს მიერ ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს.

2.დაგვეხმარეთ და გაიზიარეთ თქვენსავე კანონმორჩილი მოქალაქეების პრობლემები.

3.მოგვეცით უფლება, დაუბრუნდეთ სამუშაო ადგილებს, რეგულაციების სრული დაცვით.

გ თ ხ ო ვ თ არ გააჩეროთ კულტურა !!!", - წერს ჯანდაგაშვილი.

ცნობისთვის, 1985 წლიდან ცნობილი ქორეოგრაფის, რეზო ჭოხონელიძის მოსწავლე ნონა ჯანდაგაშვილი და ასევე ანსამბლ „მეტეხის“  მსახიობ-მოცეკვავე და სოლისტიც, 1995 წლიდან კი - თავად პედაგოგ-ქორეოგრაფი,  უკვე ათეული წლებია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქართული ცეკვის სწავლების საპატიო საქმეს ემსახურება.