საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო და ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.

პარლამენტის ერთ-ერთი დადგენილებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტები უნდა გაეერთიანებინა სარედაქციო ჯგუფს; კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა მიეღო ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს. ამ წესით მიღებული პროქტი უნდა გასულიყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე – კონსტიტუცია ხალხს უნდა მიეღო, თუმცა ამ გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა. ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება. პრობლემათა ღრმად შესწავლისა და სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინების მიზნით, კომისიის სამდივნოს მიერ 1993-1995 წლებში ორგანიზებული იყო სხვადასხვა კონფერენცია და სემინარი. სამდივნოს აქტიურ დახმარებას უწევდა ვენეციის კომისია.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ სახელმწიფო მოწყობის დადგენილი ფორმები მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტისთვის – კონსტიტუციის პროექტიდან ჯერ მოწყობის ფედერალური საწყისები ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მიმსგავსებული ვარიანტით.

1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი, გადასცა პარლამენტს და ამით დაასრულა თავისი მისია.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.