უმაღლესი განათლების არმქონე ხელოვანებს სკოლაში სწავლების უფლება დაუკანონდათ

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ზოგადი განათლების შესახებ კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის წარმდგენი  პარლამენტის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე გახლდათ.
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც სახელოვნებო პროფესიული განათლება აქვთ და შესაბამისი უნარ-ჩვევები გააჩნიათ, თუმცა არა აქვთ უმაღლესი განათლება, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმდნენ.
ინიციატორის, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, კანონის მიღების შედეგად, სახელოვნებო სფეროს პროფესიული განათლების მქონე პირს ასევე შესაძლებლობა ექნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმდეს, რაც მას საშუალებას მისცემს გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაერთოს.
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვალისწინებს თვითრეგულირებად დისტანციურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს, სკოლაში მუშაობის პარალელურად, მისთვის მოსახერხებელ დროის პერიოდში გაიაროს თეორიული კურსი და ტუტორის (სკოლის მიერ, სკოლის ბაზაზე, მაძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით გამოყოფილი კვალიფიციური კადრი) დახმარებით წარმართოს აკადემიური კურსის პრაქტიკული ნაწილი.
ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიზრდება სახელოვნებო სფეროს შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტთა (პედაგოგთა) პროფესიული კონკურენცია, რაც უზრუნველყობს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ამაღლებას. თანდათან აღმოიფხვრება სახელოვნებო სფეროს მასწავლებელთა დეფიციტი. ასევე, კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, გაუჩნდებათ სტიმული, დაინტერესება, რომ მოიპოვონ სათანადო ავტორიზაცია, რის შედეგადაც მათ მიერ მომზადებულ სპეციალისტებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.