„ომარ მხეიძე-ქართული ცეკვის გენია“

„ომარ მხეიძე-ქართული ცეკვის გენია“


„ომარ მხეიძე-ქართული ცეკვის გენია“- ასე უწოდეს მას  მწერალთა  და ხელოვანთა გაზეთ „ქიმერიონში“ დაბეჭდილ სტატიაში (2012 წლის #12).
          მართლაც,  ომარ მხეიძეს  ქართველი  მაყურებელი იცნობს, როგორც გამოჩენილ მოცეკვავესა და ხელოვან-შემსრულებელს,  იგი არის საქართველოს სახალხო არტისტი,  პრეზიდენტის ეროვნული პრემიის ლაურეატი,  ქართული კულტურის რაინდი, ღირსების ორდენის კავალერი,  ქალაქების თბილისის,  ბათუმისა და ქუთაისის   საპატიო მოქალაქე;  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მიერ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია  „ხელოვნების ქურუმის“ წოდებით; იგი 2005 წელს  აღიარეს    „წლის ადამიანად“,    წლების განმავლობაში  არის საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე  და პირველი, ვისაც  თბილისის  ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ,  განსაკუთრებული  ღვაწლისათვის ქორეოგრაფიის სფეროში,   ქალბატონ ნინო რამიშვილის   შემდეგ   ვარსკვლავი გაუხსნეს.   დაჯილდოებულია საქართველოს ქორეოგრაფიის  მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის მიერ „ბრწყინვალების ორდენით“,  საქართველოს მწერალთა  შემოქმედებითი კავშირის  მიერ „ქართული კულტურის რაინდის“ ორდენით  ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის.
     რვა წლის  დაარსებულ ანსამბლში 18 წლის ომარ მხეიძე იყო ერთადერთი, ვინც პირველ თაობას შეუერთდა და 30 წლის განმავლობაში, როგორც წამყვანი სოლისტი ყველა მომდევნო ასაკის ჯგუფს გაჰყვა. იყო დიდებული ნინო რამიშვილის ძირითადი პარტნიორი. ანსამბლმა განავითარა და დაამკვიდრა ეროვნული საცეკვაო სკოლის უკვდავება. იგი აქტიური  მონაწილე და შემოქმედია. მან  შექმნა გმირი მოცეკვავის  თვითმყოფადი სახე, რითაც პირადი  წვლილი შეიტანა ქართული ცეკვის კიდევ უფრო განვითარებასა და აღორძინებაში. იგი  გამორჩეული იყო პროფესიონალიზმითა და ეროვნული  სულიერებით.   
       XX -ის 50-იან წლებში საქართველოდან პირველად წარსდგა  მსოფლიოში ეროვნული პროგრამა ქართული ცეკვით ნინო რამიშვილისა და  ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით.
 ხუთი  კონტინენტის 87 ქვეყნის მაყურებელი ტაშს უკრავდა  მის დაუვიწყარ ოსტატობას საკონცერტო დარბაზებში, საგასტროლო  აფიშებზე, ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე, მთელი დასის ფონზე თითქოს სცენიდან აფრენილი დაატარებდა ომარ მხეიძე ქართული ეროვნული თვითმყოფადი  ხელოვნების დიდებას.
      ომარ მხეიძემ თავისი საცეკვაო  მოღვაწეობა  ჯერ კიდევ ბავშვობის  პერიოდში, ყოფილ პიონერთა სასახლეში  ანტონ ჩიხლაძის  ხელმძღვანელობით დაიწყო, შემდეგ მიიწვიეს  სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლში მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით. ცეკვავდა  საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ მედუდუკეთა ანსამბლში ხ.ტალგაუკოვის  ხელმძღვანელობით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანსამბლში ბუხუტი დარახველიძის ხელმძღვანელობით, სადაც  სპეციალურად მისთვის დაიდგა თემატური სუიტა „უცხო მონადირე“ და სადაც მან შექმნა გმირის სახე. ცეკვავდა  საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლში ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით, მიწვეულ იქნა   საქართველოს  ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით. აქ ბატონმა ომარმა  30 წელი იცეკვა როგორც ძირითადმა   წამყვანმა სოლისტმა.
       ომარ მხეიძე  სცენაზე სხვისი შემცვლელი არასოდეს ყოფილა, პირიქით, შემცვლელი ყოველთვის მას ჰყავდა  და არა ერთი... იგი თავადვე ქმნიდა სოლო პარტიებს, ასრულებდა ურთულეს ილეთებს, მარჯვნივ და მარცხნივ ბრუნს  ჰაერში და მუხლებზე. მისთვის რთული და  ტექნიკურად დაუძლეველი ილეთი არ არსებობდა.  მას სხვისთვის შექმნილი ცეკვა არასოდეს მიუთვისებია.
        ქართულ  ქორეოგრაფიაში, კერძოდ  ცეკვა „ხევსურულში“, რომელიც სპეციალურად მისთვის დაიდგა,    მან შექმნა  სოლო -„ორი ხმლით“ და  სამი მოფარიკავისათვის „ტრიო“. ურთულესი ილეთები, რომელსაც თავად ასრულებდა   იყო მხოლოდ მისი ფანტაზიის,  თავდაუზოგავი, დაუღალავი შრომისა და შემოქმედების ნაყოფი. მან ასევე დიდი წარმატებით  განახორციელა საკუთარი იდეა, შექმნა და  გაართულა  ქალის  საცეკვაო მოძრაობები და ილეთები, რომელიც შემდგომში ასევე წარმატებით განავითარა და განავრცო ქორეოგრაფმა ზაურ პაპიაშვილმა,  ჯერ  ხალხური  ცეკვის ანსამბლ „მამულში“, შემდეგ კი სხვა პროფესიულ, თვითმოქმედ და  ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებში.
             ქართული ნაციონალური ბალეტის სიმბოლოდ იქცა ლეგენდარული მოცეკვავის -ომარ მხეიძის მიერ შესრულებული ნახტომი, რომელიც დღემდე
ამშვენებს  ანსამბლის  სარეპეტიციო დარბაზს,  სარეკლამო აფიშებს, ბუკლეტებსა და სხვა   საქმიან ქაღალდებს. სპეციალურად დაიდგა სამი ცეკვა, რომელსაც თვით ნინო რამიშვილი, ომარ მხეიძე და გივი სურვილაძე ასრულებდნენ. იგი ნინო რამიშვილის მუდმივი  და ძირითადი  სასცენო პარტნიორი გახლდათ.
            „ქართული ცეკვის განსაკუთრებული წარმატება მსოფლიოს ხალხთა  ცეკვის კონკურსებში, ოქროს  მედლების მოპოვებაში, ძირითადად განაპირობა  რეგიონის ცეცხლოვანმა ცეკვებმა. საკონცერტო პროგრამაში მაყურებლის დაჟინებული მოთხოვნით მხოლოდ ეს ცეკვები მეორდება (ცერები, მუხლები, ფარ-ხმალი, ხანჯალი), მისი ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი იყო ომარ მხეიძე .“
პრესამ უწოდა  მას „მფრინავი ვეფხვი“   თავისი  განუმეორებელი ადგილიდან ხტომის საოცარი ტექნიკისა და ვირტუოზული ნახტომების გამო, რომელსაც  იგი  ცეკვა  „მხედრულსა“და „ლელოში“  ცარიელ სცენაზე ასრულებდა.
გადაღებულია  რამდენიმე დოკუმენტურ  ფილმში, ხოლო რეჟისორ დ. აბაშიძის    მხატვრულ ფილმში „გამოაღეთ ფანჯრები“  და  გ.ოვაშვილის მხატვრულ  ფილმში „ვინც არ უნდა იყოს ის“  შესრულებული აქვს  მთავარი როლები.
1998 წელს,   ხელოვნებათმცოდნემ  და   საერთაშრისო პრემიის ოქროს მარჯვენის“  ლაურეატმა, პროფესორმა  რეზო ჭანიშვილმა ბატონ ომარს  „საუკუნის მოცეკვავე“, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ „სახალხო დიპლომატია“ სპეციალური საპატიო სიგელით „სახალხო სიყვარული“ ომარ მხეიძეს უწოდა  „ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა“,  გამოჩენილმა პოეტმა კი იგი ქართული ცეკვის  ტრიუმფატორად“ აღიარა.
2011 და 2013 წლებში  საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა მის შემოქმედებას რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნა  ეგიდით „ბრავო ომარ!“ .საქართველოში  მოქმედ რამდენიმე  ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს და სტუდიას მინიჭებული აქვს ომარ მხეიძის საპატიო  სახელი.
 ბატონ ომარ მხეიძეს   დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნდა ყოველთვის, იყო ზედმიწევნით მობილიზებული, მთელი  სერიოზულობით ეკიდებოდა  ნებისმიერ ცეკვასა და ცეკვის  თითოეულ   ელემენტს. სახელმწიფო ანსამბლში მოღვაწეობის პერიოდში, საგასტროლო მოგზაურობისას არ  გაუცდენია არც ერთი  საკონცერტო პროგრამა. საქმისადმი ერთგულებისა და  დაუღალავი შრომის გამო ხელმძღვანელობისაგან  მუდამ   მადლობას იმსახურებდა, აქვს  ჯანსაღი იუმორის გრძნობა,   დიდი  ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა და სარგებლობს  კოლეგებში, მეგობრებსა  და საზოგადოებაში.
         ბატონი ომარი დღესაც  განაგრძობს საზოგადოებრივ მოღვაწეობას,  აქტიურად არის ჩაბმული ერის ყოველდღიურ საქმიანობაში, ახორციელებს საინტერესო პროექტებს,  არის   ჩოხოსანთა   საზოგადოების  უხუცესი  წევრი,  რომლის
თავმჯდომარეც არის უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს - პატრიარქი ილია II.
 პატრიარქმა  „ქართული კულტურის განვითარების საქმეში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაღალი შეფასება მისცა ბატონ ომარ მხიძის  ემოქედებას, აღიარა „XX საუკუნის გამოჩენილ მოცეკვავედ“ და საგანგებოდ დალოცა იგი.
        საერთაშორისო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიის“ პრეზიდენტმა ნინო ანდრონიკაშვილმა ომარ მხეიძეს უწოდა „ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა“ და  გადასცა  საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“.
ბატონი ომარ მხეიძე ღირსეულად მიიჩნევა  ლეგენდარული  „სუხიშვილების“ ანსამბლის ცოცხალ შემოქმედ მემატიანედ.
საქართველოს ქორეოგრაფიული ხელოვნების  განვითრების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში  ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისათვის,  „სუხიშვილების“ ყოფილ  წამყვან სოლისტს, ქართული ცეკვის  საუკუნის მოცეკვავეს, ლეგენდად წოდებულ  ომარ მხეიძეს  მინიჭებული  აქვს უმაღლესი   ქორეოგრაფიული ჯილდო -„საუკუნის მოცეკვავე-ლეგენდარული ომარ მხეიძე“.