დათა ჯავრიშვილი
დათა ჯავრიშვილი
ოფიციალური სახელი: დავით ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი: 17 იანვარი, 1894
გარდაცვ. თარიღი: 21 ნოემბერი, 1971  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: პედაგოგი, სპორტსმენი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი.
 
დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი.
 
სასწავლებლის დამთავრებისთანავე აგზავნიან თურქეთის ფრონტზე; იქედან დაბრუნებული მოღვაწეობდა სპორტულ საზოგადოება "შევარდენში"; შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში, წმინდა ნინოს სასწავლებელსა და ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში; 1921 წელს გადადის ბათუმში და ეწევა უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვან სპორტულ მოღვაწეობას; 1928 წელს შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე დგამს ანტიკური ხასიათის მხატვრულ-ტანვარჯიშულ სპექტაკლს "ელადაში", რომლის ლიბრეტოს ავტორიც თვითონ არის; ეს იყო გრანდიოზული სპექტაკლი და მასში ოთხმოცდაათამდე მოსწავლემ მიიღო მონაწელეობა; სწორედ ამ პერიოდში დაებადა აზრი მას თავისუფალ ვარჯიშებში შეეტანა ქართული ხალხური ცეკვის ელემენტები და ვარჯიშები შესრულებულიყო მუსიკის თანხლებით; მისი თაოსნობით 1928 წელს ბათუმში დაარსდა ქორეოგრაფიული ექსპერიმენტალური სტუდია, რომელსაც იმავე წელს შეუერთდა აჭარის მომღერალთა გუნდი და ამ ბაზაზე შეიქმნა აჭარის სიმღერისა და ცეკვის პირველი ანსამბლი; იმ დროისათვის სიმღერისა და ცეკვის შერწყმა ხელოვნებაში ახალი სიტყვა იყო; 1935 წელს იგი ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა; ეს იყო პირველი გასვლა საზღვარგარეთ; ამას მოჰყვა 1951 წელს ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი და 1955 წელს ვარშავაში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალი, რომლის ხელმძღვანელობა გამოცდილ ქორეოგრაფს მიანდეს; საქართველოში არც ერთი ფესტივალი, ოლიმპიადა თუ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა, რომელშიაც მას თავისი წვლილი არ შეეტანა; ოლიმოიადების უკეთ ჩატარებისათვის მან საინსტრუქციო-მეთოდური წერილებიც კი შეიმუშავა; იგი პირველი ქორეოგრაფია, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში დადგმულ ქართულ ოპერებში ცეკვების დადგმა განახორციელა; 1937 წელს მოწვეული იქნა მოსკოვში, დიდ თეატრში ოპერა "აბესალომ და ეთერიში" ცეკვების დასადგმელად; 1937 წელსვე იწვევენ ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა "დემონის" ცეკვების დასადგმელად, 1941 წელს ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა "დაისში" ცეკვების დასადგმელად; 1954 წელს მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ცეკვების ანსამბლში( იგ. მოისეევის ხელმძღვანელობით) ცეკვების დასადგმელად; 1952-1953წწ. კი ხშირად იმყოფებოდა მოსკოვისა და პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ სემინარების ჩასატარებლად; 1933 წლიდან მიიწვიეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერის თანამდებობაზე, სადაც 20 წლის მანძილზე იღვაწა; ამ პერიოდში დადგა ცეკვები ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დარეჯან ცბიერი", "ქეთო და კოტე", "სამშობლო", "პატარა კახი", "დედა და შვილი", "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარი", "ლადო კეცხოველი", "ბაშიაჩუკი", "დეპუტატი", "ღალატი", "დემონი", "ხევის ბერი გოჩა", "მზია", "ბახტრიონი", "იავნანამ რა ჰქმნა"; 1938 წელს ვ. ლიტვინენკოსთან ერთად დგამს ბალეტ "მალთაყვას", შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე, ეს იყო პირველი ქართული ბალეტი თანამედროვეობის ამსახველ თემაზე; 1934 წელს, პროფესიულ მოცეკვავეთა კადრების შექმნის მიზნით, თბილისში სხნის უფასო ქორეოგრაფიულ სტუდიას, რომელსაც შემდეგ შეუერთდა მარია პერინის კერძო სტუდია; 1935 წელს ეს სტუდია გადაკეთდა სახელმწიფოდ და 1952 წლამდე დავით ჯავრიშვილი მისი დირექტორი იყო; 1936 წელს ქორეოგრაფიული სტუდიის ძალებით დგამს პ. ჩაიკოვსკის ბალეტ "მაკნატუნას" და სამუშაოდ იწვევს ევგენი მიქელაძეს და სოლიკო ვირსალაძეს; 1936-1937წწ. მუშაობს დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ქორეოგრაფიის ნაწილის ხელმძღვანელად; 1952 წლიდან მოღვაწეობას ეწევა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, იგი იყო ამ სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების დამაარსებელი და ორგანიზატორი; მისი მთელი არქივი, შემოქმედებითი მასალა, ესკიზები, ჩანახატები, კინო ფირები, კოსტუმები და მემორიალური ნივთები 2009 წელს გადაეცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს; მას ხშირად უწოდებდნენ ქართული ქორეოგრაფიის მამას, სპორტის ჯადოქარს; მის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება, 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის სცენური სიცოცხლე; ქორეოგრაფი, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმეისტერი და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარი.
 
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.422
 
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელის ქორეოგრაფიული განყოფილების მეთოდური კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1961 - საქართველოს სახალხო არტისტი