ჯანო ბაგრატიონი
ჯანო ბაგრატიონი
ოფიციალური სახელი: ირაკლი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი: 15 სექტემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი: 15 მაისი, 1979  (69 წლის ასაკში)
კატეგორია: მომღერალი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი აბანო, ქარელის რაიონი.
 
 1933–1946წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე" და სხვ. გამოდიოდა საბალეტო სპექტაკლებშიც: ზაალი(ანდრია ბალანჩივაძის "მთების გული"), დიტო(შალვა თაქთაქიშვილის "მალთაყვა"). 1938–1945წწ.  და 1956–1970წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1970–1979წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი. დადგა ცეკვები "საქორწილო", "ძველი თბილისის ფრესკები", "ალვანური" და სხვ. ბაგრატიონი იღვწოდა ქართული ხალხური ცეკვების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის. 1934–1939წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სტუდიაში. 1935–1945წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის(ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ წრეებს. აღსანიშნავია ბაგრატიონის მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზე. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს(1945–1950). აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს(1950–1953), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს(1953-1956). ასრულებდა ქართული და ამიერკავკასიის ხალხთა სიმღერებს, განსაკუთრები აღსანიშნავია მ. ჩირინაშვილის მიერ დამუშავებული ხალხური სიმღერა "ყვავილების ქვეყანა"(ტექსტი ბ. ფერაძისა). ბაგრატიონმა დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე დამკვიდრების საქმეს.
 
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319
 
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1967 - საქართველოს სახალხო არტისტი