ისევ და ისევ „უპატრონო ეკლესიის“, მასზე შესეულთა და „ცუდად შემნახავის ბრალის“ შესახებ...
ისევ და ისევ „უპატრონო ეკლესიის“, მასზე შესეულთა და  „ცუდად შემნახავის ბრალის“ შესახებ...

ოლეგ ალავიძე

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჩვენი დროის, მართლაც უდიდესმა სამეცნიერო-ტექნიკურმა მიგნებამ, რომელსაც „ინტერნეტსივრცე“, გნებავთ „სოციალური ქსელი“, ზოგჯერ კი სხვა დამატებითი სახელწოდებებიც აქვს, ამ დღეებში უაღრესად საინტერესო ამბებს გადაგვყარა. თურმე, ნუ იტყვით და ჩვენთვის კარგად ნაცნობ-გათავისებული „ყვავილების ქვეყანა“ სომხური სიმღერა „ჰაიასტანი“, ხოლო ქართული ქორეოგრაფიული კულტურის მშვენება, ამჯერად ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერიდან აღებული ცეკვა „ქართული“ არც მეტი, არც ნაკლები, „არმიანსკი სვადებნი ტანეცი“ ყოფილა.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც კაცმა აღარც კი იცი, უნდა იცინო თუ იტირო?! ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი, ერთი უფროსი მეგობარი, ცნობილი ფილოლოგოსი, პროფესორი, აწგარდაცვლილი ჯოდორ დადიანი მახსენდება, რომელიც გამოუვალ მდგომარეობას გადაყრილი, სახეში შემოგხედავდა და ნახევრად ღიმილიანი მზერით „ჩაუმეგრულებდა“ - რას შობი ახლა? მართლაცდა „რას შობი?“ როგორ გინდა ამ ტიპისა თუ ყალიბის ინფორმაციათა გამავრცელებელ ადამიანებს სერიოზული პასუხი გასცე, ან კიდევ რაიმე შეაგნებინო?

სიტუაცია აშკარად ჩიხურია! სიმღერა „ჰაიასტანის“ ავტორი, ახალგაზრდა კომპოზიტორი (თუ შეიძლება ამგვარი სიტყვათშეთანხმება მის მიმართ გამოვიყენოთ!), მიხვდა, რომ გვარიანად გადაამლაშა, ამიტომ პირდაპირ კითხვებს თავი აარიდა, თუმცა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა, ვითომვაჟკაცობასაც ვერ შეელია და სკაიპით გავრცელებულ ცალმხრივ ვიდეომიმართვაში კიდევ უფრო მეტი სისულელე წამოროშა: მელოდიისა და სიმღერის მოპარვა აქ არაფერ შუაშია, არც კი ვიცოდი თუ ასეთი სიმღერა საერთოდ არსებობდა, უბრალოდ, ჩემი მუსიკალური აზროვნება, ჩემთვის უცნობი ქართველი ავტორის მხატვრულ წარმოსახვებს დაემთხვა და მეტი არაფერიო. ამის მერე კი მუქარასაც გვითვლის - თუ აღნიშნულ თემაზე ლაპარაკს არ შეეშვებით, სასამართლოში ვიჩივლებო.

მადლობის მეტი რა გვეთქმის, რაკი წინასწარ გაგვაფრთხილეს მაინც, თუმცა ინტრიგა მაინც დატოვეს და ბოლომდე არ გვითხრეს რომელ „დამწვარ სუდში“ ჩაინიშნება ჩვენი „უღირსი“ მოქმედებების შემფასებელი სხდომები. არადა, სპექტრი უაღრესად ფართოა - აქეთ „დიდი არმენიის“ ტერიტორია და მასზე განთავისებული ქვეყნები. იქეთ კი უკიდეგანო რუსეთი, ახლა უკვე აშშ-ც. სწორედ ამ სივრცეში გრძნობენ თავს ლაღად ჩვენი ძვირფასი მეზობლები. ასეა თუ ისე, თემა აღნიშნული მიმართულებით თითქოსდა დახურული ჩანს, თუმცა საქმე ასე მარტივად არ იქნება, რადგან სიმღერა-მუსიკის ჭეშმარიტ ავტორსა და პატრონს, ღვთის მადლით, მემკვიდრეები ჰყავს და ფაქტოლოგიური მასალაც თავის სიტყვას უსათუოდ იტყვის.

უფრო რთულადაა საქმე ცეკვა „ქართულთან“ დაკავშირებით. „გევორქიანების ცეკვის აკადემიამ“ და მისმა ხელმძღვანელმა, მიაყურადა რა მოვლენათა განვითარების პროცესს, თავისი ჭკუით, ბოდიშიც კი „მოუხადეს“ საქართველოს. ოღონდ ეს გააკეთეს ვინმე გიორგი თუმასიანის პირით (ეს კაცი საქართველოში მშვიდობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ყოფილა. ოჰ, ეს ფონდები, არასამთავრობოები, გაერთიანებები... მუდამ იქ არიან, საცა საჭიროა.) ეს უკანასკნელი  მკითხველს „არწმუნებს“, რომ იუთუბიზე აღნიშნული ინფორმაცია ვიღაც უცნობს, საიდანღაც მოსულ-მოფრენილს გაუვრცელებია და აკადემიის პრეზიდენტი ვარდან გევორქიანი არაფერ შუაშიაო. ეს „ვიღაც უცნობი“ თურმე ისევ სომხური დასახელების მქონე ექაუნთის („MENQ MERONCOV”) დახმარებით მოქმედებს. თვითონ გევორქიანს კი, როგორც თუმასიანი გვარწმუნებს აღნიშნულ ექაუნთთან არანაირი კავშირი არ აქვსო.  ამის მერე ვარდან გევორქიანი, ისევ თუმასიანის პირით გვიყვება, რომ 1987 წელს ქ. ერევანში ანსამბლი „დრუჟბა“ (მეგობრობა) დავაარსეთ და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვიწვიეთ ქორეოგრაფები. რათა მათ თავიანთი ქვეყნის ცეკვებში მასტერკლასები ჩაეტარებინათო. მათ შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელმაც „დაისის“ შესრულების მასტერკლასი მოგვცაო. 2000 წელს კი, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე და ჩემმა ცოლმა ეს ცეკვა სიურპრიზის სახით შევასრულეთო.

ჯერ ერთი, არავინ იცის ვინაა ეს „საქართველოდან მიწვეული ქორეოგრაფი“ და რა ისწავლეს მისგან გევორქიანებმა. მეორეც, ანსამბლის ხელმძღვანელი არაფერს ამბობს იმის თაობაზე თუ რატომ ან როგორ იქცა ერევანში დაარსებული „დრუჟბა“ „ცეკვის ამერიკულ აკადემიად“, ბოლოს კი იმასაც არავინ ახსენებს, რა სახელით შესრულდა ზემოაღნიშნული ცეკვა 2000 წლის საანგარიშო კონცერტზე. სამაგიეროდ ანსამბლის ხელმძღვანელს არ ავიწყდება იმის ხაზგასმა, რომ აქაოდა ჩვენ სხვა ხალხების (ამერიკელების, რუსების, მოლდოველების, ბერძნების, ებრაელების... ) ცეკვებსაც ვასრულებთ და ამით თითოეული მათგანის მიღწევათა პრეზენტირება-პროპაგანდას ვეწევითო. ვერაფერს იტყვი, ან რაღაა სათქმელი, როდესაც ლამის ნახევარი მსოფლიო დავალებული ყოფილა სომხური ანსამბლისაგან, თუმცა სიტუაცია სრულიად საპირისპირო ხასიათს იძენს ისეთ შემთხვევებში, როგორც ჩვენს მიერ მოხმობილ მაგალითშია წარმოჩენილი. ამერიკულს ალბათ ვერ გაუბედავენ, რუსულს, უბრალოდ არ აკადრებენ, სამაგიეროდ ვინ აუკრძალავთ - ბერძნულს „სომეხ ტურისტთა ცეკვა“, ებრაულს „სომხური საბრძოლო“, ხოლო უკრაინულს „სომხური სტეპის“ და სხვა მათი მსგავსი სახელები უწოდონ?!

ჩვენ, ამჯერად ყველაფერი ამის შემოწმების დრო, საშუალება და სურვილი, ბუნებრივია, არ გაგვაჩნია და ამიტომ გევორქიანების ერთგვარი მობოდიშება, შეიძლებოდა კეთილშობილურ საქციელადაც კი ჩაგვეთვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, სრული უფლება გვაქვს ამ საკითხს დიდი დაეჭვებით შევხედოთ, რადგან ხეებს იქეთ ტყესაც ვამჩნევთ და გარკვეულ ტენდენციასაც ვაფიქსირებთ.

საქმეში ჩახედულ მკითხველს უთუოდ კარგად მოეხსენება, რომ სულ ცოტა 10 საუკუნე მაინცაა, რაც სომხური მხრიდან ანტიქართულ ინსინიუაციებსა და მიზანმიმართულ პროვოკაციებს ბოლო არ უჩანს. გაზეთის ფორმატი, ცხადია სიღრმეებში და უფრო შორს წასვლის საშუალებას არ იძლევა. ამიტომ შედარებით გვიანდელ, თანაც ერთგვარად უსიტყვოდ მოტანილ მასალებს დავჯერდებით.

XII ს-ის ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე მხითარ გოში, ვითომდა ქრისტიანობამდელ რომაელ-სომხეთა შეთანხმებაზე დაყრდნობით ლორე-ტაშირის გადაცემასა და იქ სომხური სამეფოს აღდგენას ითხოვდა (ნუ გაგიკვირდებათ და გოშის ეს თხოვნა-მოთხოვნა ქართველმა თუ რუსმა ბოლშევიკებმა 8 საუკუნის შემდეგ ნაწილობრივ შეასრულეს კიდეც.)

XIII ს-ში სომეხი მოღვაწე ვართაპეტი წერდა: მესროპმა მისცა ქართველებს ანბანი და მანვე უკურთხაო ვარძიის ჯვარი.  ე.ი. ქართველი ხალხი არაფერ შუაშია, რაკი ენა მესროპ-მაშტოცისაგან მიუღია და უსწავლია, ხოლო ვარძიის კლდეში ნაკვეთი საუცხოო ქალაქი სომეხთა კოლექტიური მოწადინების ნაყოფი და შედეგი ყოფილა. რაკი სიტყვამ მოიტანა და შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების საკითხებს შევეხეთ, ბარეღამ რამდენიმე სხვა ფაქტიც გავიხსენოთ.

ვინც ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ისტორიას იცნობს, მისთვის უთუოდ ისიც კარგადაა ცნობილი თუ რა დონის და რა შინაარსის გამოკვლევები შექმნეს სომეხმა მკვლევარებმა (ამასთან უზრუნველყვეს კიდეც მისი ფართოდ გავრცელება) მცხეთის „ჯვრის“, ატენის „სიონის“, ან კიდევ მხარგრძელთა ისტორიულ მიწა-წყალზე აგებულ ყობაირის მონასტრის ფრესკული მხატვრობის, ტაო-კლარჯეთის უბრწყინვალესი ძეგლების (ბანა, ოშკი, ხახული...) და სხვათა წარმომავლობის, არქიტექტურულ-მხატვრული სახისა და ესთეტიკური სიმაღლის საკითხთა შესახებ. არც ის არის დამალული თუ რამდენი ქართული წარწერა, რამდენი უძვირფასესი ეპიგრაფიული ნიმუში იქნა ჩამოფხეკილ-დაზიანებული სადაო ძეგლების ფასადებიდან თუ ფრესკებიდან, რამდენ შენობა-ნაგებობას შეეცვალა ჭეშმარიტი სახე, რამდენი მშენებლობაზე დაქირავებული თუნდაც სომხური წარმომავლობის მუშა-ხელოსანი და ოსტატი გამოცხადდა არქიტექტურული პრობლემატიკის და მისი გააზრება-განვითარების უმთავრესი ტენდენციების ფუძის ჩამყრელად. რომელი ერთი უნდა ჩამოითვალოს...

 ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია: როდესაც უდიდესი ქართველი ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი (სახელოვანი ჰაინრიხ ველფლინის მოწაფე) საკუთარ სამშობლო საქართველოში დაბრუნდა, გამვლელ-მოყვარული ევროპელი მოგზაურების, მათი მიმდევრებისა და სომეხ მეცნიერთა  განსაკუთრებული თავგამოდების მეოხებით, მდგომარეობა ისეთი  აბურდულ-დაბურდული დახვდა,  რომ   იოლად დაასკვნა ყველაფერი თავიდან, ანა-ბანიდან იყო  დასაწყები. სწორედ ამგვარი სწორი მეთოდოლოგიური მიდგომის გამოხატულება იყო მისი პირველივე  გრანდიოზული ნაბიჯი.

გ. ჩუბინაშვილი მთელი სერიოზულობით ჩაუჯდა და მოკლე ხანში კაპიტალური მონოგრაფიული, რუსულენოვანი გამოკვლევა შექმნა და მას სახელად „ძიებანი სომხურ არქიტექტურაში“ დაარქვა. ნაშრომში ბატონმა გიორგიმ მისთვის  ჩვეული მეცნიერული კეთილსინდისიერებით სრულიად დაახასიათა  სომხური არქიტექტურისათვის ნიშანდობლივი ყოველი პრინციპი თუ ნიუანსი, გამიჯნა იგი  ბიზანტიურისაგან და ქართულისაგან, რის  შემდეგაც საკუთრივ ამ  უკანასკნელს მიუბრუნდა და ყველაფერს საკუთარი ადგილი მიუჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული  გამოკვლევის გამოცემა  სომხური მხარის აშკარა თუ ფარული საბოტაჟის გამო მეტისმეტად გაძნელდა, ბოლოს და ბოლოს მან ე.წ. „სამიზდატის“ სახით მაინც იხილა მზის  სინათლე და სამაგიდო წიგნადაც იქცა.

ახლა სხვა ფაქტიც გავიხსენოთ: 1919 წელს სომეხი მეცნიერები  სტამბოლის  კონფერენციას ეწვივნენ, თან მათივე მომზადებული ახლადგამოცემული ისტორიული და  სახელმწიფო რუკები წარიძღვანეს და  მოითხოვეს, რომ მთელი  აღმოსავლეთ საქართველო თბილისის ჩათვლით მათ  გადასცემოდათ. საბედნიეროდ თურქმა მეცნიერებმა ივაჟკაცეს. მათმა წარმომადგენლობამ სრულად გააცამტვერა დაშნაკთა  პოზიციები და თანაც იმ დონეზე, რომ სომეხთა მფარველმა ინგლის-ამერიკელებმაც კი ხმა ვერ ამოიღეს.

  გავიდა დრო და აღნიშნული რუკები კვლავაც გამოიცა, ოღონდ ამჯერად სომხეთის ფარგლებში უკვე ჯავახეთი აღმოჩნდა. ამ თემას, კი მოგეხსენებათ ჩვენი ძვირფასი  მეზობლები დღემდე ვერ ელევიან.

საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთი სომეხი „მეცნიერი“, რომელთაც ზურგს  ხშირად იქაური ეკლესია და სასულიერო პირებიც უჭერენ, საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოო ჯამში  ათასამდე ეკლესია-მონასტერზე, ციხე-სიმაგრესა თუ სასახლეზე  აცხადებს დაუსაბუთებელ პრეტენზიას. ცალკე და განსაკუთრებული თემაა ქალაქი თბილისი. მათი აზრით ეს  მთლიანად სომხური ქალაქია, თავისი უძველესი ისტორიით,  გორგასალით, დაჩი უფლისწულით, „ქალაქელი ბერებით“,  ბაგრატიონ-ბაგრატუნებით, გვიანდელი ეპოქის „ ქალაქის თავებით“, მერ-გამგებლებით და ა.შ. ამიტომ იგი  ულაპარაკოდ უნდა დაუბრუნდეს „ნამდვილ მეპატრონეს“-ასეთია მათი „ურყევი“ ნება.

  ზოგიერთი ვაიმკვლევარი ამასაც არ სჯერდება. მათი აზრით „ვეფხისტყაოსანი“ სომხური ლიტერატურის ძეგლია. იგი რუსთაველ თავად აშოტს სომხურად დაუწერია. მერე ქართველებს თავიანთ ენაზე  უთარგმნიათ, ხოლო დედანი გაუნადგურებიათ.  ზოგჯერ იფიქრებ-ეს ისეთი ამბებია, რომელთა შესახებაც უნდა ისაუბრო, იხუმრო და იცინო, მაგრამ საქმე, სამწუხაროდ ასე მარტივად არ არის. ამ  ტიპის აზრებზე ხომ თაობები იზრდება, თანაც მთელს მსოფლიოში, რადგან სომხებს ერთ-ერთი უძლიერესი და  უაღრესად ორგანიზებული  დიასპორა ჰყავთ მთელს მსოფლიოში. ამგვარ თავყრილობაში კი ყალბი ეროვნული იდეებით ნაკვებიც ბევრია, არც სენსაციების მოყვარულთა ნაკლებობა იგრძნობა და არც  განსაკუთრებულ სიღრმისეულ აზროვნებაზეა დიდი  გამძაფრებული მოთხოვნა. სხვაგვარად როგორ უნდა ახსნა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მომხდარი თუნდაც ერთი ფაქტი. ვინმე, დღეს უკვე „აკადემიკოსად“ წოდებულმა, სურენ აივაზიანმა მთელს  მსოფლიოს ამცნო მესროპამდელი სომხური ანბანი აღმოვაჩინეო. ფაქტმა, ბუნებრივია, იმწამსვე, თანაც სწორედ დიასპორების ძალისხმევით მიიქცია სათანადო ყურადღება. ბოლოს  კი გაირკვა, რომ  მინგეჩაურის მიდამოებში ამ  „მკვლევარმა“ იპოვა მე-16 საუკუნის არაბული წარწერა, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ (არაბები ხომ მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ) წაიკითხა და სენსაციაც  შედგა. საქმე  იქამდე მივიდა, რომ მოვლენებში ჩაერია ლენინგრადის ერმიტაჟის  დირექტორი, სომეხთა სიძე, ფრიად სახელოვანი მეცნიერი ბორის პიოტროვსკი, რომელმაც სრულიად გააცამტვერა აივაზიანის „აღმოჩენა“. როგორც იტყვიან - წერე და იკითხე! მას მერე  აივაზიანი გაზეთ  „მეწამორს“ გამოსცემს და ფართოდ ავრცელებს თვით საქართველოშიც (ჯავახეთი) კი.  გაზეთის  გვერდებზე კი რას აღარ შეხვდები. აქ ყველა ქართული თავადური გვარი სომხური წარმოშობისაა, სომეხია ყველა ჩვენი  მეფე, თვით დიდი ილია, აკაკი წერეთელი, იოსებ სტალინიც და ა.შ.

 ის, რაც აქ ითქვა, მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ფაქტებისა, რომელსაც ადგილი  აქვს  ზემოთნახსენები ანტიქართული  ინსინუაციების უაღრესად დიდ ჩამონათვალში. ამასთან   ფაქტების „უმნიშვნელო“ რაოდენობაც კი კარგად მიანიშნებს იმ საერთო ტენდენციაზე, რომელსაც  საფუძველი საუკუნეების წინ ჩაეყარა და დღემდე გრძელდება.

 სამწუხაროდ, უკვე  მე-19 საუკუნის ბოლოსათვის ამ ტიპის  მოვლენების სიმრავლე, ამ ყაიდაზე წერა, კითხვა და მოქმედებები  იმდენად მომაბეზრებელი გახდა, იმ  ზომამდე  შხამავდა ატმოსფეროს, რომ თვით დიდი ილია ჭავჭავაძეც კი იძულებული გახდა მოვლენათა მსვლელობაში საკუთარი ავტორიტეტით ჩარეულიყო.

სწორედ ამის გამო დაიწერა  უმკაცრესი ტონალობით დაღდასმული „ქვათა ღაღადი“, თუმცა ზოგიერთი აღვირახსნილის ზნეობასა და საქციელს ვერც ამ ზომამ უშველა.

სიმართლე რომ გითხრათ, ამ მდგომარეობაში მარტო ჩვენ არ ვართ და ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, კავკასიის ქვეყნების საგანმანათლებლო საქმიანობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გახლდით მიწვეული ქ. ერევანში. მონაწილენი წიწერნაქის მთისა და სარდარაბადის მუზეუმის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. დელეგაციებში ძირითადად განათლების მეცნიერებასთან დაკავშირებული ხალხი იყო გაერთიანებული და ყველა მათგანი უდიდესი აღტაცებით ათვალიერებდა მართლაც რომ უბრწყინვალეს სამუზეუმო მასალას. სულაც არ მინდა ვინმემ ტრაბახში ან გმირობაში ჩამითვალოს, მაგრამ ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონია, როდესაც ვნახე, რომ მთელი ეს მასალა, ანუ სინამდვილეში ურარტუს დიდი სახელმწიფოს კულტურულ-არქეოლოგიური მემკვიდრეობა პირდაპირ იყო მითვლილი სომხური ხელოვნების საგანძურში. მე, ჩემი საუნივერსიტეტო ხელოვნებათმცოდნეობითი მომზადების საფუძველზე იმას იმ წამსვე მივხვდი და გიდის სათანადო შენიშვნაც მივეცი, მაგრამ თქვენ გგონიათ უკან დაიხია? პირდაპირ მითხრა - აქ ათიათასობით ადამიანი მოდის და რაც თქვენ შეამჩნიეთ, იმას მხოლოდ ერთეულები აფიქსირებენო. ჩვენთვის მთავარია რას იტყვიან დანარჩენი ათასები, როგორი შთაბეჭდილება დარჩებათ მათ ჩვენს წარსულზეო. როგორც იტყვიან, სათქმელი აღარაფერი მქონდა! აი, ზუსტად ამგვარი მიდგომით გაჯერებულმა სიტუაციამ იარა, იბარტყა და ახლა უკვე სხვა კონტინენტიდან წამოსული თანამედროვე მესიჯის სახით გვეახლა - ჩვენი წინაპრები ქორწილის დროს „ქოჩარის“ კი არ ცეკვავდნენ, არამედ თავანკარა შედევრით ცეკვა „ქართულით“ იწონებდნენ თავსო. დარწმუნებული ვარ მესიჯის ავტორები გულში იმასაც ფიქრობენ - აქ გასაკვირველი ნეტა რა არის, „ქართულიც“ ხომ ჩვენი შექმნილიაო!

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია: ყველა ამ საკითხში ჩვენ მუდმივად მოგერიების, თავდაცვის მდგომარეობაში ვართ ჩაყენებული. კიდევ კარგი, რომ რიგ მიმართულებებზე რაღაცის თქმას მაინც ვახერხებდით და ვახერხებთ. ეს კი იმიტომ ხდებოდა და ხდება, რომ XX ს-ის მანძილზე, იმ „ავადსახსენებელ“ კომუნისტურ ეპოქაში შევძელით სერიოზული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბება, მკვლევართა თაობების გამოზრდა და რომ არა იდეოლოგიური მოსაზრებით „ნაკარნახევი შეკავებები“, პასუხები მთელ რიგ მიმართულებებზე გაცილებით მასშტაბური, გაცილებით მკაცრი იქნებოდა. აი, ახლა კი, როგორც აღვნიშნეთ, ფოლკლორული ხელოვნების კერძოდ ლეგენდად ქცეული ქართული ცეკვის ჯერი დადგა; აღვშფოთდით, გავნერვიულდით და აღმოვაჩინეთ, რომ ვიღაც პროვოკატორების უღირს, თუმცა სახიფათო ტენდენციების შემცველ საქციელზე, სოლიდური, მეცნიერული პასუხის გამცემი რეალურად არავინაა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ:

·         ჩვენ, ქართველები, საერთოდ „ცუდი შემნახავები“, ეროვნული საგანძურის ცუდი, სუსტი მეთვალყურენი ვართ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ისედაც კარმოღებულ ინტერნეტსივრცეში მთელი რეპეტიციები, მთელი გაკვეთილებია განთავისებული, სადაც რომელიღაც ანსამბლის სოლისტები მთელი სიზუსტით აჩვენებენ, კაცმა არ იცის ვის, მაგრამ, ამავდროულად საკმაოდ თვალნათლივ უხსნიან რომელი მოძრაობა როგორ სრულდება, რა სათვალავში ეტევა და რა ნიუანსებს შეიცავს იგი.

·         ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ თითქმის სრულიად უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული ქორეოგრაფიული კულტურის კვლევის საკითხები.

5-7 პერსონას არ გასცდება ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, ვინც დღევანდელ საქართველოში აღნიშნული მიმართებით მართლაც რაღაცას აკეთებს. ჟამიდან-ჟამზე რაღაც ლიტერატურაც, რაღაც გამოკვლევებიც გამოდის, იწერება ცალკეული წერილებიც, გაზეთებში პატარ-პატარა პუბლიკაციებიც ქვეყნდება, თუმცა ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ეს ყველაფერი კარგი, ლამაზი მოგონებები, ოხუნჯობანი ან კიდევ მჭექარე სადღეგრძელოებია და მეცნიერულ გააზრებებთან მას საერთო არაფერი აქვს.

აღნიშნული მიმართულებით რაღაც ტრადიციების ჩამოყალიბების იმედი ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდა, როდესაც დიდი ხნის ნაოცნებარი კულტურისა და ხელოვნების ჯერ ინსტიტუტი, მერე კი უნივერსიტეტი გაიხსნა, მაგრამ თურმე ოცნებებს ასრულება არ ეწერათ. ჩვენმა ყოვლისმცოდნე, თვითონაც დაუღვინებელ- გამოუძინებელმა ე.წ. „რეფორმატორებმა“ მისგან სულ მალე ქვა-ქვაზე აღარ დატოვეს. კაცმა, რომ თქვას ქორეოკულტურის ბედი და მისი მეცნიერული „განჩხრეკვა“ რა მოსატანია ქვეყანაში, რომელსაც ყველა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაუნადგურეს, მეცნიერთა მომზადების, ვინ იცის რა ტანჯვით აგებული ტრადიციები მოუშალეს და ეს სფერო მთლიანად საბაზრო სტიქიას დაუქვემდებარეს...

ახლა ხშირად გაიგონებთ სად არის სამინისტრო, სად არის ხელისუფლება, სად არის საავტორო უფლებების დამცველი სტრუქტურები და ა.შ.

ეროვნულ მემკვიდრეობაზე ფიქრი და ზრუნვა მართლაც პრიორიტეტული უნდა იყოს ქვეყნის საჯარო სივრცისათვის, მაგრამ მე თუ ვინმე მკითხავს, აღნიშნული ყაიდის საკონფლიქტო სიტუაციებში ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებზე მეტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებსა და კერძო პირებს ეთქმით. ოღონდ მათ ნათქვამს  მეტი წონა რომ ჰქონდეს, საამისოდ სახელმწიფომ სათანადო ბაზა, სათანადო პლატფორმა უნდა შექმნას.

ათასჯერ გვითქვამს, ათასჯერ დაწერილა თუ რაოდენ დიდი სიმდიდრეა ქართული ფოლკლორული, მათ შორის ქორეოგრაფიული კულტურა, გნებავთ ეროვნული თვითშეგნების ამაღლების, გნებავთ ესთეტიკურ-აღმზრდელობითი, გნებავთ სუფთა ეკონომიკურ კეთილდღეობაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით. როგორი უპასუხისმგებლო და ახლომხედველი უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამგვარ სიმდიდრეს არ გამოიყენებს საქვეყნო საქმეებისათვის? რა გახდა, რა ეკონომიკურ გართულებებს გადაგვყრის წელიწადში 300-400 ათასი ლარის მოძიება, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს თუნდაც მცირე მასშტაბის, მაგრამ სტაბილური სამეცნიერო-კვლევითი უჯრედი, ლაბორატორია, ბირთვი, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს ქართული ქორეოკულტურის წარსულის კვლევაზე, მისი საუკეთესო ნიმუშების დაპატენტება-ძეგლად ქცევაზე, ეკონომიკურად და სასწავლო-საგანმანათლებლო თუ სააღმზრდელო მიზნებით აღნიშნული მემკვიდრეობის გამოყენებაზე?

ნუთუ ეს სალაპარკო თემა უნდა იყოს დღეს? ან იქნებ ვინმეს მართლაც ეპარება ეჭვი, რომ ყოველგვარი ამის საჭიროება არსებობს?

დასამალი როდია ის ფაქტი, რომ ჩვენს დიდ სამეზობლოში, მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში, მოწესრიგებული, სასცენოდ საჩვენებელი ფოლკლორის წარდგენის ტრადიციები სწორედ XIX – XX ს-ის თბილისიდან შევიდა. ჩვენი გამოჩენილი ქორეოგრაფები თვეობით „იჯდნენ“ იქაურ ანსამბლებში და დაწვრილებით ასწავლიდნენ ჩვენი ეროვნული ცეკვების შესრულების ანბანს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სიტუაცია კვლავ გრძელდება-ჩვენში გაზრდილ-ჩამოყალიბებული მოცეკვავეები და ქორეოგრაფები დღესაც „წარმატებით იღვწიან“ ჩრდილოეთ კავკასიაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში... სწორედ მათ გაზარდეს იქაური ქორეოგრაფების თაობები, რომლებიც დღეს უკვე დიდგულობენ და აქეთ გედავებიან მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ნურც გაგვიკვირდება, რადგან ჩვენებურებისაგან ნასწავლს, მათ უკვე რუსული და ევროპული სამეცნიერო-შემოქმედებითი ცენტრებისაგან მიღებული ცოდნაც წაუმატეს და საკუთარი კვლევითი ლაბორატორიებიც შექმნეს. ვისაც აინტერესებს კარგად ჩახედოს ინტერნეტსივრცეს, გაეცნოს იქაურ მკვლევარ-ქორეოლოგთა ნაშრომებს და მერე ნანახი ქართულენოვან - რეალობასთან შეაპირისპიროს.

აი, სანამ აღნიშნულ პრობლემატიკას არ მივხედავთ, სანამ გროშებსა და თეთრებს ვერ მოვიძიებთ დიადი საქმეებისათვის, მანამ სულ მუდამ მოგერიების მდგომარეობაში ვიქნებით, ჩვენს სიმდიდრესაც სხვები მიითვისებენ და ბოლოს იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ სახელოვანი წინაპრები გვყავდა, მათაც რაღაცის კეთება შეეძლოთ- თიხასაც ზელდნენ, ღვინის დაყენების კულტურაც ჰქონდათ, ლექსსაც წერდნენ, მრავალხმიანი სიმღერა-გალობაც სხვაზე უკეთ გამოუდიოდათ და ცეკვის ეროვნულ სახისმეტყველებასაც კარგად იცნობდნენ.

თუმცა რა, საზოგადოებაში, სადაც მეცნიერული აზროვნება აღარავის ესაჭიროება და ნაირ-ნაირ წოდება-ჯინჯილებზე მიდრეკილ ადამიანთა ქება-დიდების მეტი აღარაფერი ისმის, სულ მოკლე ხანში აღარც იმის უნარი და თავი ექნება ვინმეს რაიმე ამტკიცოს და რაღაც დიადისათვის იბრძოლოს...

ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქმე მართლაც ამ მიმართულებით წავიდეს, მაგრამ ნურც იმის იმედად ვიქნებით, რომ ჩვენს პრობლემებს სხვა მოაგვარებს. შეხედეთ მსოფლიოს და დარწმუნდებით, რომ სუსტებისა და უნიათოების ეპოქა დასრულებულია. დღეს გადარჩენის იმედი მხოლოდ ძლიერ გენზე ამოზრდილ დიდ საქმეთა მოჩემე და მკეთებელ ხალხებს შეიძლება ჰქონდეთ.