რა სჭირს ჩვენს მასწავლებლობას?
რა სჭირს ჩვენს მასწავლებლობას?


ოლეგ ალავიძე

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

               უკანასკნელ დღეებში მასობრივ საკომუნიკაციო სივრცეში მრავალფეროვან და მრავალსახოვან ე.წ. ნიუსებს შორის გამოჩნდა  და უმალვე განსჯის საგნადაც იქცა, საგანგაშო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სერთიფიცირების მსურველი მასწავლებლების უდიდესმა  უმრავლესობამ დაწესებულ მოთხოვნათა აუცილებელი ზღვარი ვერ გადალახა. ამასთან, ვინც ამ ზღვრის დაძლევა  მაინც შეძლო, თითო-ოროლას გამოკლებით, მათი მიღწევებიც ისეთი დონისაა, როგორც იტყვიან-რაღა მკვდარი და რაღა შინ მოუსვლელი!

            თუ ჩავთვლით, რომ „რკინის რაიხსკანცლერის“ ოტო ბისმარკის ცნობილი გამონათქვამი „ომს  მასწავლებელი იგებსო“, მარტო ფრთიანი ფრაზა არ არის და ჭაშმარიტებასთან ცოტათი მაინც ახლოსაა,  მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საქმე რბილად რომ ითქვას, არც თუ მთლად კარგად ყოფილა.

                ნამდვილი ომისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში არავინ არაფრისაგან დაზღვეული რომ არ არის, ეს უკვე ფაქტია და მეორეც, თანამედროვე სამყაროში ყოველი დღე, განსაკუთრებით რიცხვმცირე ერებისათვის, ცის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად თუ დასამკვიდრებლად ბრძოლის ასპარეზად იქცა. ამ აზრით ჩვენ, მართლაც ყოველდღიურ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი.

    ომის კულტურ-ფილოსოფიის დიდი მცოდნე კარლ კლაუზევიცი წერდა - ომი სახელმწიფოს პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ განსხვავებული საშუალებების გამოყენებით და აქ  გადამწყვეტ სიტყვას არმიასთან ერთად ხელისუფლება და მოქალაქეები ამბობენო. ვფიქრობთ, საკამათოდ არავის  მოეჩვენება თუ ვიტყვით, რომ სამივე ამ კომპონენტში (არმია, ხელისუფლება, ადამიანები) საყრდენი რგოლის ფუნქციას მასწავლებლის მიერ განსწავლულ-გაწვრთნილი ინდივიდების სოციუმი და მათი თანამოქმედება ასრულებს. გალილეო-ნიუტონის მექანისტური მსოფლმხედველობრივი მოდელი, როგორც ერთ-ერთი ამხსნელი  კლაუზევიცის ზემოთ მოტანილი ფორმულისა, ცალსახად მიუთითებს, რომ ნებისმიერი სისტემის ფუნქციონალური სისავსე უნაშთოდ უნდა დაიყვანებოდეს  შემადგენელი ნაწილების ჯამზე. ამ ე.წ. ნაწილების ცენტრში კი ყველგან ადამიანი დგას და თუ იგი ფუნქციონალური დანიშნულების განსახორციელებლად მზად არ არის, მაშინ აღარც საბოლოო მიზნის  მიღწევის პრეტენზია უნდა  ჰქონდეს ვინმეს. უფრო მარტივად თუ ვიტყვით მასწავლებლის, სკოლის და, საერთოდ საგანმანათლებლო სივრცის უსუსური მდგომარეობის გამო , ჩვენ  წინასწარ წაგებულ ომში ვყოფილვართ ჩაბმულნი.

                ყოველივე ზემოთხსენებულის  გათვალსწინებით ბუნებრივად იბადება, შეიძლება რიტორიკული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი კითხვა -რა სჭირს ჩვენი განათლების  სისტემას და აქედან გამომდინარე , რა სჭირს ჩვენ მასწავლებლობას? რატომ ჩავარდა იგი ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში თუ მდგომარეობაში? როგორ შევაფასოთ მისი დღევანდელი ყოფა და რით ვუწამლოთ საერთო სატკივარს?

       აღნიშნულ კითხვებზე საფუძვლიანი პასუხის გასაცემად საგაზეთო ფორმატი ბუნებრივია არ იკმარებს, ამიტომ აუცილებლად დაგვჭირდება სადისკუსიო სივრცის ფოკუსის შემცირება-დავიწროება. მოდით საკითხი ასე დავსვათ: მასწავლებებთა ეს  უზარმაზარი არმია, რომელიც გამოცდაზე გავიდა და სამწუხაროდ, საწადელს ვერ მიაღწია, მათთან ერთად  ისინიც, ვინც გამოცდაზე გასვლას ჯერ კიდევ ვერ ბედავს მსხვერპლია თუ დამნაშავე? ან იქნებ სულაც არაფერი მომხდარა და სულ ტყუილად ვარისხებთ განგაშის ზარებს?

       პარადოქსია, მაგრამ ფაქტია- მონდომებული ადამიანი თავისუფლად დაამტკიცებს, რომ ადამიანების ის კატეგორია, ვის შესახებაც  აქ ვსაუბრობთ, ერთდროულად მსხვერპლიცაა, დამნაშავეცაა, გმირიცაა და,  ბოლოს და ბოლოს, ერთი ჩვეულებრივი მონაწილეა იმ ძნელშესამეცნებელი ქაოტური სახელმწიფოებრივი რეალობისა, რომელიც დღეს ჩვენს ირგვლივ სუფევს.

     მომდევნო კითხვა, რომელიც ასევე შეიძლება დაებადოს  ნებისმიერ გონიერ ადამიანს დაახლოებით ასეთნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს-კი მაგრამ, უკეთეს შედეგს რატომ ველოდით? განათლების რეფორმის იმ საერთო სულისკვეთების, სტრატეგიის, ეტაპების, მომხდარი და დაგეგმილი აქტივობების გათვალისწინებით, რომელსაც დღეს ჩვენში რეალურად აქვს ადგილი, იმის მადლობელი რატომ არ ვართ, ჩვენმა მოქალაქეებმა და მათ შორის თვითონ მასწავლებლობამ წერა-კითხვა ჯერ კიდევ რომ იცის?

       თანამედროვე ქართულ საზოგადოებას, არ ვიცი რა მიზეზის გამო, მაგრამ  ბუკვალურად აუხდა ძველი ჩინელების  მიერ სენტენციის სახით ჩამოყალიბებული წყევლა-„შენ იცხოვრეო საინტერესო დროში“. 

            დღევანდელი ჩვენი  თანამოქალაქეების  იმ თაობას , რომლის ცნობიერება ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს უკვე  გამოსულია საყმაწვილო ასაკიდან, ათასი ჯურის პოლიტიკანები ხან აღმა, ხან დაღმა დაატარებენ, ექსპერიმენულ რეჟიმში და, შესაბამისად, ციებ-ცხელების ატმოსფეროში ამყოფებენ. კაცმა რომ თქვას აქ გასაკვრიც არაფერია, რადგან ხელისუფლებაში მოსული ყოველი თაობა საზოგადოებას ისეთ სტრატეგიებს სთავაზობს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. შეიძლება ვინმეს პარადოქსად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების განითარების სტრატეგიების არჩევაში ხელისუფლება  ყველაზე ხისტი და შეუვალი სწორედ მაშინაა, როდესაც მართვის სადავეებს  უწვერულვაშონი  ჩაიგდებენ ხელთ.  ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, იზრდება საშიშროებები და იმატებს შესაბამისი რისკები. სამწუხაროდ, არც ეს ამბავია ახალი და მისი ფესვები ბიბლიური წყევლა- შეგონებებიდან იღებს სათავეს. ფაქტია ისიც, რომ ბოლო 9 წელიწადია ქრთული ყოფა სწორედ ამგვარი რეალობის წინაშე დგას.

   ახლა ვნახოთ რა ადგილი უჭირავს ამ რეალობაში საგანმანათლებო სივრცეს და უფრო კონკრეტულად მასწავლებელს.

        საქმეში ჩახედულ  მკითხველს უთუოდ კარგად ემახსოვრება თუ რა ტემპით დაიწყო ჩვენში განათლების, დღესაც მიმდინარე და საბოლოოდ ვერშემდგარი რეფორმა. ერთი ხელის მოსმით დაინგრა ყველაფერი რაც მანამდე არსებობდა-საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური სკოლების ქსელი, მისი წინარე რგოლები, მერე უმაღლესი სკოლა და ა.შ.

     ყველაფერ ამას,  წინ  უძღოდა თვით განათლების სამინისტროს რეორგანიზაცია, სადაც უდიდესი მონდომებითა და სკურპულოზურობის დაცვით მოსპეს მართვის  ცენტრალიზებული რგოლი და გადაწყვეტილების  მიმღები კოლექტიურო ორგანო, რომელსაც  „კოლეგია“ ეწოდებოდა. ეს კი  იმიტომ მოხდა, რომ ამიერიდან გადაწყვეტილება, თანაც  ნებისმიერ საკითხზე, უნდა მიეღო მხოლოდ და  მხოლოდ მინისტრს, მასთან დაახლოებულ, ლამის შეთქმულების მონაწილე , პირებთან ერთად.. ეს გადაწყვეტილებები, როგორც წესი პოლიტიკური მოტივაციით მიიღებოდა და მოხდა ის , რაც მოსალოდნელი იყო- დაიწყო სრული თვითნებობა. ყველაფერი გახდა ისეთი, იმ დონისა და იმ რანგისა, რა ცოდნის, გამოცდილებისა და ღირებულებებითი ორიენტაციების მატარებელი იყო პირველი პირი.

    რითი და როგორ შეეხო ეს ყველაფერი რიგით მასწავლებელს?  უპირველეს ყოვლისა  იმით, რომ ბუნდოვანი გახდა  წარმოდგენა თვით მასწავლებლის როლისა და დანიშნულების შესახებ. სასკოლო ნორმატიულ დოკუმენტაციაში გაჩნდა მასწავლებლისათვის მანამდე  უცნობი  ცნება -ტესტირების გზით  „მასწავლებლის სერთიფიცირების“ შესახებ.  პარალელურად შეიცვალა, უფრო ზუსტად ქაოტურ რეჟიმში დაინერგა ახალი ყაიდის სტრატეგიები, მოთხოვნები და მეთოდოლოგიები(მცდარად გაგებული ეს უკანასკნელი ცნება ძალიან უყვარდათ და უყვართ ე.წ. რეფორმატორებს). კერძოდ: 

1.სკოლა „სასწავლო-აღმზრდელობითი“ დაწესებულებიდან იქცა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებად;

2. სრული ქაოსი გამეფდა  სახელმძღვანელოების ბაზარზე;

3.ტრადიციული სასწავლო გეგმები შეცვალა  რებუსად ქცეულმა „ერთიანმა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ“;

4. მასწავლებელს თავზე დაატყდა ქაღალდების, დოკუმენტების ნიაღვარი, თანაც ისეთი  ოდენობითა და სირთულის  ხარისხით, რომლის მსგავსი თვით კომუნისტების დროსაც კი ძნელად წარმოსადგენი იყო;

5.სასწავლო გეგმებში ჩვეულებრი მოვლენად იქცა ახალ-ახალი საგნების შემოტანა, მერე მისი ამაღლება და ა.შ. გაუგებარი, წინააღმდეგობრივი და დაუბალანსებელი გახდა ე. წ. „საგნობრივი სტანდარტები“;

6.სასწავლო წლები ხან მეოთხედებად, ხან სემესტრებად, ხან კიდევ ტრიმესტრებად დაიყო. დღემდე  ვერ დადგინდა თუ როდის და რატომ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს  სასწავლო წელი;

7.ოფიციალური სასკოლო  დოკუმენტაციიდან თითქმის გაქრა  „პედაგოგისა“ და „აღზრდის“ ცნებები;

8.სრულად მოიშალა პედაგოგთა და  საუნივერსიტეტო მომზადების ტრადიციული სისტემა. დღეისათვის თითქმის ყველა უმაღლეს სასაწავლებელში გაუქმებულია პედაგოგიური ფაკულტეტები. შესაბამისად, გართულებულია პედაგოგთა  მომზადების პრექტიკა. რეფორმატორთა იდეის მიხედვით მასწავლებლის რთულ და მძიმე ჭაპანს, ძირითადად, მაგისტრატურის  კურსმოსმენილი უნდა სწევდეს. სინამდვილეში კი ეს  ფრონტი უმეტესწილად  სრულიად უპროფესიო ბაკალავრებს შერჩათ ხელთ. უფრო უარესი კი ის არის, რომ სასკოლო მუშაობის  მენეჯმენტის განსახორციელებლად, დიდ ქალაქებში, მანდატურები მოგვევლინენ;

9. საგანმანათლებლო სივრცეში სრულად მოიშალა და ფაქტობრივად გაუქმდა სამეცნიერო-პედაგოგიური კვლევის პრაქტიკა. დაიხურა შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ამის  გამო  ნებისმიერი ე.წ. „ნოვაციის“ დანერგვა სულ ბოლო პერიოდამდე ხდებოდა  „ჯანსაღი აზრის“ დონეზე - „ასე აჯობებს“,  „ასე უკეთესია“, „ის გავაუქმოთ“, „ეს შემოვიღოთ“  და ა.შ;

10. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება, თუ შეიძლება ითქვას, მაინც ის იყო,რომ მასწავლებლის მომზადება-გადამზადების, მათი პროფესიული განვითარების საქმეს წინასწარ მოუშალეს ფუნდამენტი. კერძოდ, გაუქმდა განათლების  განყოფილებები და მათთან არსებული მათოდკაბინეტები. ეს ყველაფერი შეცვალა სრულიად გაუგებარმა წარმონაქმნმა  ე.წ. „რესურსცენტრებმა’(დაწესებულებამ, რომელსაც ჩანაფიქრით უნდა ეფიქრა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური  უზრუნველყოფის საკითხებზე) საბოლოოდ კი საქმე ისე წავიდა, რომ ყველაფერი მისი თავში საცემი გახდა;

11. რეფორმატორებმა სრულიად გააუქმეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების არსებული სისტემის ყველა პარამეტრი. იმ ე.წ. „ავადსახსენებელ“ დროს  კომუნისტურ ეპოქას რომ ეძახოდნენ, მოქმედებდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა.

 მთელი საქართველოს მასშტაბით მომუშავე პედაგოგთა, ასევე განათლების განყოფილებისა და მათოდური კაბინეტების მუშაკთაგან  ყველას, ყოველ 5 წელიწადში (ენის სპეციალისტებს 3 წელიწადში) ერთხელ აუცილებლად უნდა გაევლოთ კავალიფიკაციის ამაღლების ერთთვიანი კურსი. სხვაგვარად ისინი თავის თანამდებობას, უბრალოდ, ვერ შეინარჩუნებდნენ.

    აღნიშნულ  საქმიანობას ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი. მას  ფილიალებიც ჰქონდა ყველა რეგიონში. ცენტრალური ინსტიტუტის ბაზაზე კვალიფიკაციას იმაღლებდნენ საგანმანათლებლო მენეჯმენტის ზედა რგოლში დასაქმებული პირები (განათლების განყოფილების გამგიდან მოყოლებული, სკოლის საგნობრივი მეთოდგაერთიანებების  ხელმძღვანელებით-დღეს რომ  კათედრის გამგეებს უწოდებენ,  დამთავრებული). დანარჩენი კადრი სასკოლო მუშაკებისა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიმაგრებული იყო  რეგიონალურ ინსტიტუტებზე, თუმცა სათავო დაწესებულებების  პატრონაჟითა და მისივე თანამშრომლების მონაწილეობით.

    სულ მცირე , აკვიატებული იდეებით შეპყრობილი უნდა იყო ადამიანი, რომ ამტკიცო- თითქოსდა  მაშინ, იმ დროინდელ პრაქტიკაში ყველაფერი იდეალური იყო. ცხადია, არა და იდეალი იმის  იდეალია, რომ ის ან ძნელად, ან საერთოდ არ  გეძლევა, მაგრამ ფაქტი ერთია- მასწავლებლის მომზადებასა და გადამზადებას, მათი  კვალიფიკაციის ამსღლებას ჰქონდა  სისტემური სახე, რომელიც პედაგოგს პროფესიული უკუქცევის საშუალებას არ აძლევდა.

    რეფორმატორებმა, რომელთაც ეგონათ, რომ  განათლების სფერო იოლად გარდასაქმნელია და მასში პროგრესის შეტანას ამერიკისა და  მექსიკის საზღვარზე მცხოვრები ინდიელების სკოლების მაგალითზეც მოახერხებდნენ, თავისი ოცობედა საკანონმდებლი აქტებით პირისაგან მიწისა  აღგავეს  კვალიფიკაციის ამაღლების  ზემოთ აღწერილი სისტემა. ჯერ რეგიონალურო ინსტიტუტები გააუქმეს, მერე კი სათავო დაწესებულებასაც მიადგნენ. ამ უკანასკნელმა კარგა ხანს მაინც იარსება ე.წ. „შპს“-ს  სახით. 2012 წლისათვის კი მისი  30 წლიანი უზურფრუქტით აღებული შენობა (დ. აღმაშენებლის  #178/180) გაურკვეველი  წარმოშობის  თბილისის განვითარების ფონდს გადასცეს, ხოლო თანამშრომლები ქუჩაში გაუშვეს). საინტერესო ის იყო, რომ ვითომ რესტავრაციის სახელით, შენობის მთლიანი  სივრცე (ფასადის გამოკლებით) ნაცარტუტად აქციეს და მიატოვეს.

    კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ამ რია-რიაში  მათთვის  „მთავარი“ არ დავიწყებიათ და შენობიდან გასულებმა  ხელს თითქმის საუკუნოვანი ბიბლიოთეკა (30 000-ზე მეტი  წიგნადი ფონდით, მათ შორის რარიტეტული გამოცემები,  კომპიუტერული ტექნიკა)  და ინსტიტუტის მუშკთა მიერ კაპიკ-კაპიკ ნაგროვები  24 000 ლარიც გააყოლეს.

 მოდი ახლა და ამნაირ  რეფორმატორებს ქვეყანაზე ,  მასწავლებლობაზე და მოზარდ თაობაზე  ზრუნვის აუცილებლობაზე  ესუბრე! აკი  შედეგიც სახეზეა!

    ჩვენი სტატიის პოტენციურ მკითხველს შორის უთუოდ აღმოჩნდება ისეთიც, რომელიც იტყვის არც მთლად მასეა საქმეო! მართალიც იქნება, რადგან ვიღაცამ ხომ გაიარა  სერთიფიცირების  რომელიღაც ეტაპი? გაიარა, როგორ არ გაიარა, მაგრამ რის ფასად? გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, თითო-ოროლას გამოკლებით, ფონსგასულთაგან თითოეულმა რამდენჯერ გაიარა ერთი და იგივე ტრენინგ-კურსები? რამდენი დრო , ენერგია და თანხა დახარჯა კერძო რეპეტიტორთან?

 

               სიტყვამ  მოიტანა და  ბარეღამ ისიც ვთქვათ- რეფორმის დასაწყისში სახელმწიფო მანქანა იქადნებოდა - ცვლილებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი რეპეტიტორის ინსტიტუტის  ამოძირკვააო. გავიდა დრო და  რეფორმატორები თავადაც მიხვდნენ, რომ იმდენი სისულელე „სიახლე“ შემოიტანეს,  ისე აურიეს თავ-გზა დიდსა თუ პატარას, რომ  რეპეტიტორობა განათლების სისტემის  საყრდენ  ღერძად და  მაშველ რგოლად იქცა.

 პირველი კლასიდან მოყოლებული (აღარაფერს ვამბობთ აბიტურიენტთა ფენაზე) თუ ვინმემ რაიმე იცის,  უმეტესობამ მხოლოდ და მხოლოდ  რეპეტიტორების  მოწადინებითა და მათი დამსახურებით, მათი თანადგომით.

            ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს სულ არაფერი გაუკეთებიათ და  გულხელ დაკრეფილი უყურებდნენ მოვლენათა განვითარებას. ცხადია, არა. რაკი ძველი და ტრადიციული არაფერი მოსწონდათ, დაფიქრდნენ და შექმნეს ე.წ. „მასწავლებლის სახლი“.   მოიძიეს ენების მცოდნე  ახალგაზრდები, უმეტესობა ბუნებრივია, საკუთარი საახლობლოდან. გამოძებნეს  აუცილებელი თანხებიც- ასები, ათასები და შერჩეული კადრი  მიავლინეს ევროპაში, აშშ-ში, აფრიკასა და აზიის ქვეყნებში.   ამ უკანასკნელებმაც გაიარეს  იქაური ე.წ. ტრენინგები, ისწავლეს  მოდური  ტერმინები, დაბრუნდნენ უკან და დაიწყეს  ცოდნის ამ „საგანძურის“ უშურველად დადრიგება 3-5- დღიან ტრეინინგებზე ე.წ. „ლანჩების“,  „კოფი-ბრეიგებისა“და  სხვა  მსგავსი ატრიბუტების თანხლებით.

      ნეტა გენახათ, პრაქტიკოს-მასწავლებელთა სახეები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, რომლებიც ისე ამთავრებდნენ ამგვარ „ტრენინგებს“, რომ ვერც კი აცნობიერებდნენ თუ რაზე იყო საუბარი, რა  ტერმინებს წარმოთქვემდა მათი ე.წ. ტრენერი, რატომ ითხოვდა ისეთ ცოდნას, რომელიც პედაგოგისათვის არც  მანამდე და არც მერე არავის  მიუცია (ე.წ. უნარების ბლოკი). შედეგად რა  მივიღეთ? პირველი- გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელთაც  კეთილსინდისიერად გადალახეს მათთვის დაწესებული ზღვრული მოთხოვნები.  თუმცა ავი ენები ამბობენ, რომ  მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც კლასში ისევ ძველებურად მუშაობსო, რადგან  ხედავს- ნაწყვე-ნაწყვეტი  ფრაზებითა და ინფორმაციით მოზარდის გონებრივი დაპურება არ  ხერხდება და  განათლებულობის მაჩვენებელი კატასტროფული სისწრაფით ეცემა.

    ამის გარდა , ცხადია არის მასწავლებელთა სხვა  კატეგორიაც- ის ვინც ვერ შესწვდა  მოთხოვნილ სიმაღლეებს და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ არ გასულა გამოცდებზე.  ვიღაც ალბათ იტყვის და მართალის იქნება- ჩვენს მასწავლებელთა  შორის ბავრია ისეთი საკმაოდ  რომ აშავებენო. პასუხისმგებლობა აკლიათ ქვეყნისა და მომავალი თაობის  წინაშე, თორემ შეუსწავლელ-დაუძლეველი რა არისო?  წარმოსახული ოპონენტის ამ კითხვას ჩემის მხრივ დავამატებდი- მართალი ბრძანებაა.

           ამ ზაფხულს ერთი  ჩემი კოლეგა და ახლობელი პიროვნება, მრომელიც  მასწავლებელთა ტესტირების დროს  შექმნილი ნაწერების  გამსწორებელ ერთ-ერთ ჯგუფს   ხელმძღვანელობდა თავზარდაცემული მეუბნებოდა-  ცხოვრებასა და ასაკს რა მოვუხერხო თორემ ლამისაა პროფესიაზე ხელი ავიღო. მასწავლებელთა  საკმაოდ დიდი  ჯგუფის ნაწერები ისეთი დონისაა, პირდაპირ გაოცებული ვარ, ან გაკვეთილზე შესვლას როგორ ბედავენ, ანდა  მშობლებს როგორ ეჩვენებიან. ამის მერე აღარც ვიცი  რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელო აბიტურიენტთა ნაწერების გასწორებისასო.

         სამწუხაროდ არ გამკვირვებია, რადგან ეს სივრცე ჩემთვის  კარგა ხნის  ნაცნობი სფეროა და ვხედავ  მოვლენების  ვექტორი საითაც მიემართება.

            შეიძლება  შორული და არათანაზომადი შედარებაა, მაგრამ დაფიქსირებისათვის კარგ საბაბს იძლევა  შემდეგი მაგალითი: როდესაც 1945 წელს  ამერიკელებმა ხიროსიმასა და ნაგასაკში საშინელი სიძლიერის იარაღი  გამოსცადეს, „ატომური ბომბის მამად“ წოდებულმა რობერტ ოპპენგეიმერმა და მისმა  თანამოაზრეებმა კარგა ხნით  მიატოვეს ლექციების კითხვა, რადგან  შეძრწუნებულებმა ჩათვალეს-ჩვენ ახალგაზრდობასთან საუბრის მორალური უფლება უკვე აღარ გვაქვსო! მართალიცაა, მოზარდ თაობასთან და საერთოდ ახალგაზრდობასთან მუშაობა, მათთვის თვალებში ჩახედვა  სახუმარო საქმე არაა.

       მე, ბუნებრივია, არავის მოვუწოდებ ხელი აიღონ საკუთარ საქმეზე. პირიქით, უფრო მეტი დაჟინებითა და შემართებით უნდა შეუტიონ წამოჭრილ პრობლემებს. მით უფრო იმ დროს, როდესაც დიდი ექსპერტობა და მიხვედრილობა არ ესაჭიროება ისეთი რეალობის დანახვას, რომ სულ მალე, არა მარტო მაღალკვალიფიციური, არამედ საერთოდ, პედაგოგის დეფიციტი იჩენს თავს. ამას ქალაქის პირობებში შეიძლება როგორღაც უშველო, მაგრამ სოფელს რა  ვუყოთ? ქორ-სამკითხველოების ეპოქისაკენ ხომ არ ვბრუნდებით?

           ვაი, თუ სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა  და ამ შედეგებს ჭვრეტდა ის სართაშორისო, გაუგებარი მიზან-დასახულობების მქონე ორგანიზაციები, რომლებიც ასე გულუხვად ამარაგებდა ე.წ. გრანტიჭამია რეფორმატორთა კასტას, რომელთა  წევრებიც სწორედ იქ , სადღაც მათ მიერვე ორგანიზებულ ცენტრებში გამიოზარდნენ?!

            P.S. სიტყვა გაგვიგრძელდა, მიუხედავად ამისა ერთი რამ მინდა დავამატო იმას რაც უკვე ითქვა. სულ ცოტა ხნის წინ ქვეყნის  პრემიერმა განათლების სამინისტროს ახალი  პირველი პირი დაუნიშნა. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ  ტელესივრციდან  მიღებულ ამ ინფორმაციას  ჩემში აღფრთოვანება არ  გამოუწვევია. საბედნიეროდ, ჩემი განწყობა სწრაფად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახლად დანიშნულმა მინისტრმა „კერკეტი კაკლის“ თვისებები აჩვენა, ძალზედ ყურადსაღები მოსაზრებები გამოთქვა და პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა.

              ვიცნობ რა  ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის ცრუ გენეტიკურ კოდით ნასაზრდოებ ხასიათს, სულ მალე თავს წამოყოფენ მოლაყბენი და ქვეგამხედვარნი.

                 ვთხოვ, ვისაც ხელეწიფება მხარში დაუდგნენ გონიერი ნაბიჯებით საქმის დამწყებ, ძნელ აღმართს შეჭიდებულ ადამიანებს, მათ შორის უპირველესად განათლების სფეროს ახალ ხელმძღვანელობას.