ხალხური ცეკვის სიწმინდისათვის!
ხალხური ცეკვის სიწმინდისათვის!

ქვეყნის მასშტაბით უკვე გამართული და სამომავლოდ დაგეგმილი ფესტივალ-კონკურსების რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება სისხლსავსე შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. დღე ისე არ გაივლის, ელექტრონულმა საინფორმაციო საშუალებებმა და პრესის ორგანოებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში ჩატარებული კონცერტების შესახებ არ მოგვითხრონ. დიდ სცენასა და მის შესატყვის მასობრიობას, როგორც იტყვიან, დიდი მადა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყვეტ საკონცერტო აჟიოტაჟს მოცეკვავე შემსრულებელთა უაღრესად ფართო რაოდენობა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შესატყვისი რეპერტუარი ესაჭიროება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, მდგომარეობა ერთობ მძიმე და ძნელად მოსაგვარებელია.

საქმე ისაა, რომ საფესტივალო თუ საკონკურსო ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ჩვენი მოზარდების ანუ მოსწავლე-ახალგაზრდობის მხრებზე გადადის. ეს ფაქტი არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საკონცერტო ღონისძიებების მხატვრულ-ესთეტიკური დონე საჭირო სიმაღლეზე ვერ ადის და უკეთესისაკენ სწრაფვის სურვილს ბადებს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება იმ გარემოების დავიწყება, რომ ცეკვის სტუდიებში, წრეებსა თუ ანსამბლებში გაერთიანებული მოზარდები მუდმივი პედაგოგიური ზედამხედველობის არეში იმყოფებიან, მოწყვეტილნი არიან ქუჩის მავნე ზეგავლენას და ფიზიკურესთეტიკური აღზრდის მიმართულებით გაწეული მუშაობის აქტიურ მონაწილესუბიექტებად გვევლინებიან.

აღნიშნულის გათვალისწინებით პედაგოგ-ქორეოგრაფები, სკოლების ხელმძღვანელები, მუსიკოს-აკომპანიატორები და, რაღა თქმა უნდა, უპირველესად მშობლები, გულწრფელ პატივისცემას, გულითად მადლობას და სიყვარულს იმსახურებენ.

არსებული რეალობის ფარგლებში გაცილებით რთულადაა სარეპერტუარო პოლიტიკის საქმე და ამ მხრივ არსებული მიდგომები. ფესტივალ კონკურსებზე საბავშვო და მოზარდთა ანსამბლები, როგორც წესი 2-3 ცეკვით გამოდიან. ეს გარემოება მოითხოვს სასცენო-საჩვენებლად გამოტანილ იქნეს ეფექტური საცეკვაო ნომრები. სწორედ ამის გამოა და ეს არა ერთხელ აღინიშნა პრესაში, რომ მთელი 3-4 საათიანი კონცერტის განმავლობაში სულ 4-5 საცეკვაო ნომერი სრულდება. ესენია: `აჭარული~, `მთიულური~,`სვანური~, `რაჭული~ და კიდევ ორიოდ სხვაც. ამ ბოლო დროს აღნიშნულ ჩამონათვალს დაემატა ე.წ. `კავკასიური~ და `აფხაზური~ ცეკვები.

ერთი წუთით, თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ცეკვათა დასახელებაში საწყის ეტაპებზევე დაშვებულია გარკვეული უზუსტობები თუ პირობითობა. გამოცდილი ქორეოგრაფები და ქორეოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საზოგადოდ ცეკვა `სვანური~, `აჭარული~, რაჭული~, `კავკასიური~ თუ `აფხაზური~ არ არსებობს. ყოველ ცეკვას სინამდვილეში თავისი კონკრეტული სახე აქვს და მათ შეიძლება მხოლოდ რომელიღაც გამამთლიანებელი მოტივი, სტილი, თუ მხატვრული ელემენტები ამსგავსებდეს ერთმანეთთან.

შეიძლება ვინმემ თქვას _ რა მნიშვნელობა აქვსო ყოველივე ამას? ჩვენის აზრით აქვს და თანაც სერიოზული მნიშვნელობა, რადგან კონკრეტული კუთხური ელემენტების არცოდნამ თუ მისთვის ანგარიშის გაუწევლობამ უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები.

დაკვირვებული მაყურებელი და პროფესიონალი ქორეოგრაფები უკვე შეშფოთებით საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი ცეკვები ცალკეული ილეთების დონეზე საოცრად დაემსგავსა ერთმანეთს. უფრო მეტიც, მათში უხეშად შეიჭრა ე.წ. "კავკასიური" ცეკვებისათვის დამახასიათებელი უმიზნო `ტეხილები~, `ბრუნვები~, `მუხლილეთები~ და ა.შ. გასაოცარი ის არის, რომ აღნიშნული ილეთების პირველწყარო ჩრდილოკავკასიურ ცეკვებში თავის დროზე ქართული რეალობიდან გადაიტანეს ჩვენმა ცნობილმა ქორეოგრაფებმა. ახლა კი სპორტული ჟინით თუ ელემენტებით გაჟღერებული ეს მოძრაობები უკანვე გადმოაქვთ და ქართულ ცეკვებში ნერგავენ ისევ და ისევ ქართველი ქორეოგრაფები.

ორიოდ სიტყვით ცეკვა `აფხაზურის~ შესახებ.

ჩვენს მოძმე აფხაზებს აქვთ რამდენიმე ძირითადი ცეკვა, რომელიც საინტერესოა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. ეს არის "შარათინ", "აჩუაჩუ", "ნართა"…

არაფერია გასაკვირველი იმაში, რომ აფხაზურ ცეკვებში ნათლად იკითხება მთის რეგიონებისათვის დამახასიათებელი მოძრაობები, ცერ-ილეთები, შეხტომები… ამ მხრივ ის სრულიად ბუნებრივად ჯდება საქართველოს სხვა კუთხისათვის საერთო ტენდენციებში, თუმცა აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მამაკაცისა და ქალის მოძრაობებიც.

გულდასაწყვეტია, რომ ბევრმა ქართველმა ქორეოგრაფმა, რომელთაც, როგორც ჩანს აფხაზური ცეკვების შესახებ საკმაოდ ზერელე წარმოდგენა აქვთ, ამ უკანასკნელთა ნახაზში ფართოდ ჩართეს მთიულურ-ყაზბეგური ილეთები და ილეთთა ნაკრებები. ისე გასაკვირი ალბათ არც ეს მოვლენა უნდა იყოს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოაღნიშნული ილეთები უკვე ისეთ სახასიათო, ნახევრად სახუმარო ტიპის ცეკვებშიც გამოჩნდა, როგორიცაა `რაჭული~. ეს გარემოება აშკარად მიუთითებს, რომ სახეზე გვაქვს სააზროვნო შტამპები, პრიმიტიული, ცალმხრივი ქორეოგრაფიული აზროვნება.

ყველაფერი ეს ერთად აღებული გვაფიქრებინებს, რომ ქართველ ქორეოგრაფთა კორპუსში ყველაფერი წესრიგში ვერ არის, ძალიან ბევრ სპეციალისტს სერიოზული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ესაჭიროება. ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, ვის ხელშიც არის ტრენინგების, ვორქშოფებისა და საფესტივალო გამოსვლების დროს პედაგოგ-ქორეოგრაფთა მომავალზე ზრუნვის საქმე.

ცხადია, ბევრი უნდა იფიქრონ მათ, ვისაც მომავალ დამდგმელ-ქორეოგრაფთა მომზადების სადავეები უპყრია თ ხელთ. ბოლოს კი აუცილებელია სპეციალური ლიტერატურის დიდი სერიის მომზადება, წიგნების, ბროშურების გამოცემა და მათი ფართომასშტაბიანი პროპაგანდა.


მურმან გამისონია


ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,
UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი