ცეკვის ხელოვნებასაც თავისი ისტორიული მეხსიერება ჰქონია
ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ქორეოკულტურული
ურთიერთობები _ ისტორია და თანამედროვეობა
ცეკვის ხელოვნებასაც თავისი
ისტორიული მეხსიერება ჰქონია
 
უფროსების, ლექტორ-მასწავლებლებისა და საქმის მცოდნე სპეციალისტებისაგან ხშირად გამიგონია, რომ ხელოვნებას, მის ცალკეულ ნიმუშს, რომელსაც დღევანდელი კულტუროლოგები საკმაოდ რთული სახელით _ არტეფაქტებით მოიხსენიებენ, თავისი კოდირებული მეხსიერება აქვს. ალბათ, ეს გასაკვირველი ფაქტი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი ნიმუში ხელოვნებისა, ამა თუ იმ ეპოქის ადამიანის მიერ იქმნება. უფრო მეტიც, ხელოვნების ისეთი ნიმუშები, როგორიც ცეკვაა, სპექტაკლია, ანუ დროში მიმდინარე სანახაობაა, ადამიანთა მთელი ჯგუფის მიერ იქმნება. თითოეული ამ ამბის მონაწილეთაგანი კი გარკვეული ეპოქის შვილია და აზროვნების იმ წესებით იზრდება, რომელიც მის ირგვლივ არის გამეფებული. ამასთან ყოველ ადამიანს საკუთარი ისტორია აქვს, საკუთარი წინაპრები ჰყავს, საკუთარი გარემოცვა და ხალხური ტრადიციები ასაზრდოებს. ეს ყველაფერი გარკვეულ დროში წესრიგდება, ერთმანეთს ერევა და ბოლოს, იმ მოთხოვნებში იფილტრება, რომელიც საზოგადოების მიერ არის წამოყენებული. როგორც ჩანს, ამ მოთხოვნების თავმოყრით შექმნილი ხელოვნების ნიმუში იძენს ისეთ თვისებებს, რომელიც თაობიდან თაობაში გადადის და რასაც, ბოლოს ისტორიული მეხსიერების უწყვეტი ჯაჭვი ჰქვია. ბავშვობის იმ წლებიდან მოკიდებული, რაც საკუთარი თავი მახსოვს და მეხსიერებამ დღემდე შემოინახა, მუდამ კულტურის მუშაკთა გვერდით ვტრიალებდი და ვიზრდებოდი. ეს გარემო, უპირველეს ყოვლისა, იმით იყო გამორჩეული, რომ იგი მრავალენოვანი იყო. აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა ყოველდღიურად ოჯახურ და სამეზობლოდ საურთიერთო მეგრული, ლიტერატურული ქართული, რუსული და აფხაზური ენები. ერთის შეხედვით ეს თითქოსდა დადებითი მოვლენაც კი არის, რადგან მოზარდი ბავშვობის წლებიდანვე ითვისებს სხვადასხვა კულტურის მიღწევებს, წესებსა და ტრადიციებს. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, რაღაც გარკვეული სიძნელეებიც ჩნდება, რადგან თუნდაც სკოლის კედლებში ეჯახები ნაირგვარ ენობრივ მოთხოვნებსა და აზროვნების წესებს, რომელიც, რაღაც დოზით წინ ეღობება ბავშვის განვითარების საერთო ტემპს.

გავიდა გარკვეული დრო და მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრებისეული მიზნები თუ გზა-სავალი ორგანიზებულ ფოლკლორულ-საკლუბო საქმიანობას, თვითმოქმედებას, მათ შორის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას დაუკავშირდა.

1983-1987 წლებში ვსწავლობდი ქ. სოხუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე, სადაც მივიღე კვალიფიკაცია: `კლუბის მუშაკი, საცეკვაო კოლექტივის ხელმძღვანელი~. ამის მერე სწავლა გავაგრძელე რუსეთში, კერძოდ, ქ. ტამბოვის კულტურის ინსტიტუტში, ქორეოგრაფიული ხელოვნების სპეციალობაზე. ბოლოს თბილისში ეკონომიკური პროფილის სპეციალობაც მივიღე და უკვე ცეკვის ბიზნესკომუნიკაციების სფეროში გადავინაცვლე.

ჩვენი წერილის მკითხველი უთუოდ იკითხავს _ რისთვის ვყვები მე ახლა აღნიშნული მოვლენების შესახებ? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მკითხველს ქართულ-აფხაზური ქორეოკულტურული ურთიერთობის ერთი, ჩვენი აზრით, საინტერესო ფაქტის შესახებ მოვუთხრო და ადამიანურ ურთიერთობებში არსებული პრობლემების თავისებურებებზე დაფიქრების ჩემთვის მისაწვდომ მაგალითებზე კიდევ ერთხელ მივუთითო. მოხდა ისე, რომ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ერთი დიდი პროექტის განხორციელება დაიწყო. მკითხველს აქვე შევახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის არსისა და თავისებურებების შესახებ ამომწურავ საუბარს გაზეთ `საქართველოს ქორეოგრაფია~-ში სპეციალური დრო და ადგილი დაეთმობა. ამიტომაც, დღეს ჩვენ მხოლოდ მის ერთ პატარა სეგმენტზე გავამახვილებთ ყურადღებას. ყველაფერი ამის გათვალისწინებით მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ პროექტის განმსაზღვრელი იდეა უკავშირდებოდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ქორეოკულტურულ ურთიერთობებს. პროექტის განხორციელების პროცესის ერთ-ერთი შუალედური ღონისძიება გაიმართა 2014 წლის ზაფხულში თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტრაბზონში.

კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ერთერთ სერიოზულ პრობლემად იქცა ფესტივალის მონაწილე, მათ შორის აფხაზური ანსამბლის გამოყვანის საკითხი. პრობლემის მოგვარების პირველსავე ეტაპზე, ბუნებრივია, რჩევა ვკითხეთ იმ ადამიანებს, ვისაც პროფესიული ურთიერთობები აქვთ შენარჩუნებული იქაურ კოლეგებთან და შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ მის შენარჩუნება-გაღრმავებას. ასეთად, უპირველესად, მივიჩნიეთ თბილისში მოღვაწე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი, ბატონი სერგო გეგეჭკორი. სწორედ მისი საშუალებით დავუკავშირდით სოხუმში მოღვაწე პიროვნებებს, მათ შორის აფხაზეთის ხელოვნების სკოლის საბავშვო ქორეოგრაფიულ ანსამბლ `აბაზა~-ს ხელმძღვანელს, აფხაზეთის დამსახურებულ არტისტს ქალბატონ ციალა ჭკადუას. სატელეფონო ურთიერთობების აწყობაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ მე ოდესღაც სწორედ ქალბატონ ციალას ხელმძღვანელობით ვეუფლებოდი ცეკვის ხელოვნების საიდუმლოებებს. გაიბა თბილი და საქმიანი ურთიერთობები, თუმცა, ბოლოს პრობლემები მაინც გაჩნდა უკვე პირად დოკუმენტაციასთან და ბავშვების მიერ საზღვრის გადაკვეთის საკითხებთან მიმართებაში. რაკი საქმე დაწყებული იყო, პირველადი კვალიც გავლებული, უფრო წინ წავიწიეთ და დავუკავშირდით აფხაზეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ `შარათინის~ საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელობას, კერძოდ კი საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებულ არტისტს, ბატონ ვახტანგ ვოზბას. სტუდია `აირუმა~, რომელიც სწორედ ბატონი ვახტანგის უშუალო ხელმძღვანელობით საქმიანობს, კადრს უმზადებს დიდ ანსამბლს და შესაბამის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ურთიერთობის ხაზის გაბმაში გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ ბატონი ვახტანგის ძმისშვილი ჯუმბერ ვოზბა თავის დროზე ჩემი თანაკურსელი და მეგობარი, ხოლო თვით ბატონი ვახტანგი პედაგოგი და აღმზრდელ-მასწავლებელი იყო. სიტუაცია დადებითად აეწყო, დაინიშნა ფესტივალის ჩატარების კონკრეტული ვადები და ჩვენი კავშირის დელეგაციაც, როგორც ორგანიზატორი მხარე, ადრიანად გაემგზავრა თურქეთის მიმართულებით. სათანადო საორგანიზაციო პრობლემების მოგვარების შემდეგ გავემგზავრეთ ტრაბზონის აეროპორტში აფხაზური დელეგაციის დასახვედრად. ვერ დავმალავ, რომ სერიოზულად ვღელავდი _ რა მოხდება, როგორ შევხვდებით ერთმანეთს, დარჩა კი თუნდაც ემოციური ურთიერთობისათვის საჭირო რესურსები ჩვენში?! ეს და ამგვარი საკითხები, ნამდვილად მაფიქრებდა. სათანადო გამოსასვლელში ჯერ ბავშვები გამოჩნდნენ, მათ ცოტა ხანში ბატონი ვახტანგი და მისი მეუღლე ქალბატონი ლანა ბეჭვაია მოჰყვნენ.

ქალბატონმა ლანამ შემიცნო (იგი თავის დროზე ანსამბლ `შარათინის~ სოლისტი იყო, მის გვერდით ცეკვავდა ლილი შაკაია, რომელიც მე მამიდად მეკუთვნოდა და მათთან გაშინაურებული ანსამბლის თითქმის ყოველ რეპეტიციას ვესწრებოდი). შემიცნო ბატონმა ვახტანგმა და აი, სწორედ მაშინ იყო, როდესაც გავიგონე ფრაზა _ `Мурман, это ты?..~ ამის მერე ყველაფერი თავისი რიგით წავიდა. ახლადჩამოსულებს მიეგებნენ ჩვენი კავშირის მიერ წარგზავნილი დელეგაციის წევრები, გაიმართა გულთბილი საუბარი და გაიხსნა სადინარი მოგონებებისათვის.

მალე ანსამბლი დაბინავდა და ჩვენ ყველანი ერთად შევუდექით საკონცერტო ინფრასტრუქტურის გაცნობას. დასამალი არ არის და უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზე იყო გარკვეული დაძაბულობა, ვფრთხილობდით რაიმე კონფლიქტის მსგავსი არ წარმოქმნილიყო ბავშვებს შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცეკვის ხელოვნებამ, ერთობლივმა საკონცერტო გამოსვლებმა პატარებსაც და დიდებსაც კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ისტორიული ძირების ერთიანობა, ხალხების ბედი თუ უბედობა ისეთი სიღრმისეული მოვლენებია, რომელსაც პოლიტიკური მოსაზრებებით თავსმოხვეული პრობლემები ვერ ერევა.

სიტუაციისა და დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში გაიმართა კონცერტები, მოაწყვეს ერთგვარი მასტერკლასები, კონფერენციები... გაიცა შესაბამისი დიპლომები. ბუნებრივია, აღნიშნულ ღონისძიებებში მთელი შემადგენლობით იყო ჩართული კავშირის დელეგაცია (კახაბერ მარკოიშვილი, გოჩა გრძელიშვილი, ქალბატონი მანანა ბერიძე...), ასევე ოსეთის დელეგაციის სრული შემადგენლობა, დიასპორა, ჟურნალისტები, თურქული მხარე...

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ტრადიციული ხელოვნება მართლაც დიდი ისტორიული მეხსიერების მქონე მოვლენაა, ამიტომაც, იგი არა მარტო ესთეტიური სიამოვნების მომნიჭებელია, არამედ გარკვეული იარაღის ძალასაც იძენს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში ეს `იარაღი~ მხოლოდ დადებითი მუხტის მატარებელია და მხოლოდ პროგრესისათვის ბრძოლაში თუ გამოდგება.

პროექტი გრძელდება, ვიმედოვნებთ, რომ იგი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. შეჯამდება მისი შედეგები, რომელიც სამომავლოდ გზას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებსა და მისგან მომდინარე პერსპექტივებს

გამისონია


ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი, ა(ა)იპ კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი,
UNESCO-CID ცეკვის საერთაშორისო საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი; საქართველოს ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წევრი