ა. თათარაძე

რედაქტორისაგან

ყოველი წიგნის გამოცემა ხელმეორე სიცოცხლეა ავტორისათვის. ავთანდილ თათარაძის `ქართული ხალხური ცეკვა~ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ერის კულტურულ ცხოვრებაში და ქართული ქორეოლოგიის ისტორიაში, რომლის შესაქმნელად და მეცნიერულ დონეზე ასაყვანად მან ყველაფერი გააკეთა _ როგორც შემოქმედმა და როგორც კერძო კაცმა. ქართული ხალხური ცეკვა, თავისი გენიალობის მიუხედავად, არაა განებივრებული თეორიულ-პრაქტიკული ნაშრომებით და ყოველ წიგნს, მით უმეტეს დღეს, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ავთანდილ თათარაძის ჩაწერილი ფერხულები და დადგმული ცეკვები ხალხური ქორეოგრაფიის ოქროს ფონდს განეკუთვნება და უკვე კლასიკადაა ქცეული. ავთანდილ თათარაძე არ ყოფილა დაუბეჭდავი ავტორი. მან თავის სიცოცხლეშივე გამოსცა რამდენიმე წიგნი (ძველი ქართული (სვანური) ფერხულები, ქართული ცეკვების მოკლე მიმოხილვა, ქართული ცეკვის ილეთთა ტერმინოლოგია...), მაგრამ გამოცემათა ხანდაზმულობა, დაქსაქსულობა, იშვიათობა საშურს ხდიდა მათს ერთად თავმოყრასა და გამოქვეყნებას.

ავთანდილ თათარაძის თითქმის ყველა ნაშრომის დედანი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივშია დაცული. ამას თავისი ისტორია აქვს: ავტორი ორ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა ხალხური შემოქმედების სახლში ქორეოგრაფიული განყოფილების გამგედ და თავისი ნაშრომები, ექსკლუზიური წესითა და უფლებით, პირველად აქ მოჰქონდა, მაგრამ დღემდე ცენტრს ავტორის მინიჭებული უფლებით არ უსარგებლია _ მისი არცერთი ნაშრომი არ დაუბეჭდავს. ახლა ავთანდილ თათარაძის მთელმა ნაღვაწმა ერთ წიგნში მოიყარა თავი ჩვენ მიერ შერჩეული ტევადი სათაურით _ `ქართული ხალხური ცეკვა:~ მასალის სიუხვე, _ ქართული ხალხური ცეკვის სათავეებიდან (ფერხულებიდან) ლექსიკონამდე, _ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხალხური ცეკვის ისტორიულ განვითარებას თვალი გავადევნოთ და ვიცოდეთ _ რისი პატრონები ვიყავით და რა შემოგვრჩა დღეს.
 

განაგრძეთ კითხვა.