ეკატერინე გელიაშვილი ორნამენტული სიმბოლიკა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში
რეზიუმე

ისტორიულად დასაშვები ცვლილებების შესაბამისად, სიმბოლური ფორმის შინაარსობრივი წარმოდგენები იცვლებოდა და იფანტებოდა მითოსში, რელიგიასა და ფოლკლორში იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რასაც სოციალური გარემო აყენებდა. ქართული ქორეოგრაფიული ნიმუშების ფორმათა ორნამენტული ქარგაც, მასში შემავალი სიმბოლოებით, ბუნებრივია განიცდიდა შინაარსობრივ ცვლილებებს. კვლევისას დადგინდა, რომ ქართული ხალხური ცეკვების საცეკვაო ნახაზში, ორნამენტული სურათით გამოხატულ სიმბოლოებში, დევს უდიდესი ინფორმაცია, რომელსაც ერთდროულად გააჩნია მითოლოგიური, კოსმოგონიური, რელიგიური და მაგიური ასპექტები. მათი კომპლექსური კვლევით დამუშავებისას, ვფიქრობთ, მივუახლოვდით თავდაპირველი ინფორმაციის ნაკვალევს. ცნობილია, რომ წრე ასტრალური სხეულების, მნათობი ღვთაებების სიმბოლური გამოსახულება იყო. ეს მისტიკური სიმბოლო, როგორც ასტრალური ღვთაების მონოგრამა, აღნიშნავდა არა მხოლოდ მის სრულყოფილებას, არამედ მის მარადიულობასაც. საქართველოში, უძველეს მონადირულ ფერხულებში, წრე, როგორც ღვთაების სიმბოლო უკვე არსებობდა. აღნიშნული ქართული ფერხულები სათავეს სწორედ იმ უძველესი არქაული საცეკვაო რიტუალებიდან იღებენ, რომელშიც მოქმედების წრიული ფორმა სავალდებულო ელემენტი იყო სამყაროს რთულ სისტემასთან ურთიერთობისთვის. ნადირობის პროცესმა, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება გააჩნდა, თანდათანობით გამოკვეთა და საფუძველი ჩაუყარა წრეს, როგორც მაგიურ სიმბოლოს. სვანურ ფერხულებში „დალი კლდეში მშობიარობს“, „სანადირო“, „ლემჩილი“, „ბაილ ბეთქილი“ და სხვ. არსებული წრიული ფორმა თვალნათლივ ამჟღავნებს მის ღვთაებრივ სიმბოლიზმს. ეს ფერხულები ასტრალური სიმბოლიკით შემკულ მონადირეთა ღვთაება დალისა და მის მემკვიდრეს ეძღვნება. საფიქრებელია, რომ ფერხულ „ბეთქილში“ ნახსენები ჩვენთვის უცნობი „სამთის ჭიშხაში“, მითორიტუალური სიმბოლიკით დატვირთული მთაზე შესასრულებელი ფერხულია, რომელიც, შესაძლოა, ღვთაება დალის პატივსაცემ ფერხულად მოვიაზროთ.

გაგრძელეთ კითხვა